თბილისის საქალაქო სასამართლომ გზის გადაკეტვის აქციაში მონაწილეობის გამო 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდა დაწყებითები კლასების მასწავლებელს, მარინე ნანავას.
გადაწყვეტიელბა მოსამართლე კობა ჩაგუნავამ გამოაცხადა დღეს საღამოს, 6 ნოემბერს.
ნანავა, რომელიც თბილისის თავისუფალ სკოლაში ასწავლის დაწყებით კლასებს, გუშინ ღამით დააკავეს პოლიციელებმა.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე მან განაცხადა:
„ქვეყანაში, რომელშიც წლობით არის დაკეტილი მეტროსადგურები, გადათხრილია გზები და არავინ იძიებს ამას, ასეთ ქვეყანაში სისხლის სამართლის საქმედ ითვლება რუსთაველზე გზის 20 წუთით გადაკეტვა. თუ ვინმეს აწუხებს, რომ გზებზე გადაადგილების პრობლემა არსებობს, გამოიძიებდნენ მერიაში კორუფციას და დააკავებდნენ კახა კალაძეს“.
მისი თქმით, ყოველდღიური დაკავებები „ემსახურება იმას, რომ პროტესტში მყოფი ადამიანები დააშინონ“: „მაგრამ, არ გვეშინია, ასე გამოდის“, – თქვა მან.
„არ ვგრძნობ თავს დამნაშავედ, მიუხედავად იმისა, რომ ფაქტს ვაღიარებ“, – განაცხადა ნანავამ.
მისი შეფასებითვე, მოქმედი კანონი არის „უსამართლო“: „ჩვენი ვალია, ამ უსამართლო კანონს არ დავემორჩილოთ… მე გავაგრძელებ პროტესტს ამ ან სხვა ფორმით, იქამდე სანამ თქვენ და რეჟიმის სხვა მსახურები არ დაჯდებით ბრალდებულის სკამზე“, – თქვა მან.
დღესვე სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა სხვა დემონსტრანტებს:
· ფილოლოგს, „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის“ მკვლევარს, რუსუდან კობახიძეს – ერთი დღე – მოსამართლე კობა ჩაგუნავა;
· ჟურნალისტს, ლეილა ცომაიას – ერთი დღე – მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილი.




