,,ვინმეს თუ მუშაობა უნდა, დღეს ქვეყანაში ამის პრობლემა არ არის”- ელგუჯა მელაძე
საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტის, ელგუჯა მელაძის თქმით, ქვეყანაში დასაქმების შესაძლებლობები არსებობს, თუმცა შრომის ბაზარი კარგად ვერ პასუხობს მოთხოვნას. მელაძე განმარრტავს, რომ აუცილებელია მუდმივი კვლევები და პროფესიული მომზადება, რადგან მრავალი პროფესია საბაზრო ეკონომიკის პირობებში კვდება, შრომის ბაზარი კი ამ განახლებებს უნდა მოერგოს.
,,სულ ვამბობ, რომ ვინმეს თუ მუშაობა უნდა, დღეს ქვეყანაში ამის პრობლემა არ არის. რომელიმე კომპანია, დავუშვათ, ზეინკალს ეძებს, მაგრამ ამ უმუშევარმა ადამიანმა არ იცის ეს საქმე? მივიდეს პროფესიულ სასწავლებელში, სადაც არაფერს არ იხდი, აქეთ გაძლევენ სტიპენდიას, გადაემზადე, მიდი და დასაქმდი, არავითარი პრობლემა არ არის. თუმცა, როგორც ჩანს, ეს მთლად ისე არ მუშაობს, როგორც ჩვენ გვინდა. ამიტომაც ვამბობ, რომ შრომის ბაზარი უნდა გავაანალიზოთ, შრომის ბაზარს მუდმივი კვლევები სჭირდება. მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს, რომ ბევრი პროფესია კვდება – ბევრი მიდის და ახალი შემოდის. ეს მხოლოდ საქართველოში არ ხდება, მთელ მსოფლიოში ასეა. აქედან გამომდინარე, ყველაფრისთვის მომზადებულები უნდა ვიყოთ. ჯერ საწარმოს ვხსნით და სამუშაო ძალას მერე ვეძებთ, ასე არ გამოვა. უნდა ვიყოთ მომართულები, რომ დიდი ინვესტიციები როცა განხორციელდება, შესაბამისი სამუშაო ძალა მივაწოდოთ, ეს სათანადო სტანდარტებით ახლავე უნდა დაიგეგმოს”,- აღნიშნა ელგუჯა მელაძემ რადიო “კომერსანტის” ეთერში.




