საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენელი ენდრიუ ჯუელი BMG-სთან აღნიშნავს, რომ ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე საქართველოს შეჩერებას ამჟამად შეიძლება პირდაპირი ეკონომიკური ეფექტი არ ჰქონდეს, რადგანაც ზრდა კვლავ მაღალ ნიშნულზე – 7.2%-ზე ნარჩუნდება წელს, ხოლო ლარის გაცვლითი კურსი სიმყარეს ინარჩუნებს. თუმცა, გრძელვადიან პერსპექტივაში ევროინტეგრაციის შეჩერებას შესაძლოა FDI-სა და ტურიზმზე ჰქონდეს გავლენა.
“ამჟამად მკვეთრი პირდაპირი ეფექტი ეკონომიკაზე არ ჩანს, მაგალითად, ლარი წელს საკმაოდ გამყარებულია. ევროპის კომისიის გუშინდელი განცხადება მოულოდნელი არ ყოფილა, ამიტომ ბაზრებზეც გავლენა არ მოუხდენია. თუმცა, გრძელვადიანად შეიძლება ჰქონდეს გავლენა – უცხოურ ინვესტიციებზე, ევროკავშირში ინტეგრაციის პერსპექტივებზე ან ტურიზმზე. ეს ჯერ გარკვევას საჭიროებს, მაგრამ გარკვეული შედეგი შესაძლოა იყოს.
ასევე ჩანს, რომ საქართველო ცდილობს დივერსიფიკაციას – მხოლოდ დასავლეთის კი არა, აღმოსავლეთის მიმართულებითაც. ამიტომ, უნდა დაველოდოთ და ვნახოთ, დაბრუნდება თუ არა ქვეყანა ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე. წინასწარ თქმა რთულია, რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს ამას,”- განაცხადა ენდრიუ ჯუელმა.
4 ნოემბერს ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ გაფართოების ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს მხოლოდ სახელობითად ინარჩუნებს და მისი ევროინტეგრაციის პროცესი გაჩერებულია.
bm.ge




