ჩვენ ყველას გვჭირდება ინტეგრაციის ეფექტიანი მექანიზმები და არსებული ბარიერების მოხსნა, სადაც კი ეს შესაძლებელია – მაკა ბოჭორიშვილი COSAC-ის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა, ევროკავშირის ეროვნული პარლამენტების ევროპულ საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეთა (COSAC) შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ბელგიის ქალაქ ნამიურში გაიმართა.
სხდომაზე იმსჯელეს ბელგიის ევროკავშირის თავმჯდომარეობის პრიორიტეტებზე, სოციალურ უფლებებზე და ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკაზე. ევროკავშირის პრიორიტეტები სხდომის მონაწილეებს ბელგიის სამეფოს საგარეო და ევროპის საქმეთა მინისტრმა აჯა ლაბიბიმ წარუდგინა.
მაკა ბოჭორიშვილმა, სიტყვით გამოსვლისას, მადლობა გადაუხადა კოლეგებს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხის მხარდაჭერისთვის.
„ურთულესი გამოწვევების და ინტენსიური დეზინფორმაციული კამპანიის გამკლავების ფონზე, ამ ისტორიულ მომენტამდე მოსვლა მარტივი არ იყო. ჩემი მადლობა ეკუთვნის ყველას, ვინც ისტორიის გადაწერის მცდელობების ნაცვლად, დაგვეხმარა საქართველოს ისტორიის, ახალი, ევროპული გვერდის წერა დაგვეწყო“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
მან იმედი გამოთქვა, რომ ბელგიის ევროკავშირის თავმჯდომარეობის პრიორიტეტების შესრულება საქართველოს კიდევ უფრო დაუახლოებს ევროკავშირს.
გაფართოების საკითხზე მსჯელობისას აღინიშნა, რომ საჭიროა ამ პროცესის დაჩქარება.
,,გაფართოების პოლიტიკას დღეს უფრო დიდი სტრატეგიული მნიშვნელობა და როლი აქვს და იმის ფუფუნება აღარ გვაქვს, რომ ეს პროცესი ისეთივე ნელი იყოს, როგორიც ბოლო ათი წლის განმავლობაშია. ჩვენ ყველას გვჭირდება ინტეგრაციის ეფექტიანი მექანიზმები, არსებული ბარიერების მოხსნა, სადაც კი ეს შესაძლებელია, იმისათვის, რომ კანდიდატმა ქვეყნებმა შეძლონ სწრაფი ეკონომიკური და პოლიტიკური ინტეგრაცია ევროკავშირში”, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა სიტყვით გამოსვლისას.
მან ასევე ხაზი გაუსვა საქართველოს მიერ გატარებულ რეფორმებს და მათ მნიშვნელობას ინტეგრაციის პროცესში.
„საქართველოს ასოცირების შეთანხმების ფარგლებში რეფორმების განხორციელების წარმატებული გამოცდილება აქვს, რამაც მყარი საფუძველი შექმნა, იმისთვის, რომ როგორც კანდიდატმა ქვეყანამ გამოვიყენოთ ევროკავშირში ინტეგრაციის ახალი შესაძლებლობები”, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
ევროპულ საქმეთა კომიტეტების შეხვედრა, რომელსაც ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა – ბელგია მასპინძლობს, ნამიურში, 15 იანვარს გაიმართა და მასში ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს და კანდიდატი ქვეყნების პარლამენტების ევროპულ საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეები, ევროპარლამენტის ვიცე-სპიკერი, ოტმან-კარასი და ევროპარლამენტარები მონაწილეობდნენ. შეხვედრას უძღვებოდნენ ბელგიის სამეფოს წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარე ელიან ტილიე და სენატის ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გაეტან ვან გოიდსენჰოვენი.

ასევე დაგაინტერესებთ

თუ თავმოყვარეობა გააჩნიათ, პარლამენტში არ უნდა შემოვიდნენ, მაგრამ შემოვლენ, თავმოყვარეობა რომ ჰქონოდათ, ხალხისთვის ის ტყუილი არ უნდა ეკადრებინათ, რასაც არჩევნების 300 000 ხმიანი გაყალბება ჰქვია

“ლუსული” ნომრიანი მანქანით ისეირნა ზარქუამო – ეს მანქურთები, კოლექტიური “ნაცმოძრაობის” წარმომადგენლები, რომლებიც რუსებს საქართველოში შემოუძღვნენ, ცდილობენ აქეთ დაგვესხან თავს და გამოგონილი სიგიჟეებით საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ!

არჩევნებს არა მხოლოდ ეუთო/ოდირის და დამკვირვებლების მხრიდან აქვს ლეგიტიმაცია, არამედ სახალხო ლეგიტიმაციაც აქვს, რომლის მაღალ ხარისხს უზრუნველყოფს საპატრიარქოს და პირადად პატრიარქის პოზიცია