2025 წლის სექტემბერში მშენებლობის ღირებულების ინდექსი აგვისტოსთან შედარებით 0.1%-ით შემცირდა, ხოლო წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4.7%-ით გაიზარდა – ამის შესახებ ინფორმაცია სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში ავრცელებს.
მცირე თვიური კლება ძირითადად განპირობებული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 1.6%-იანი შემცირებით, რაც საერთო ინდექსის ცვლილებაზე -0.23 პროცენტული პუნქტით აისახა.
სეგმენტების მიხედვით:
· საცხოვრებელი მშენებლობის ინდექსი თვიურად 0.5%-ით შემცირდა, წლიურად კი 7.5%-ით გაიზარდა;
· არასაცხოვრებელი მშენებლობის ინდექსი თვიურად 0.5%-ით გაიზარდა, წლიურად — 5.9%-ით;
· სამოქალაქო მშენებლობის ინდექსი თვიურად 0.01%-ით შემცირდა, ხოლო წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.7%-ით გაიზარდა.
წლიური ზრდა, ძირითადად, განპირობებულია მშენებლობის სექტორში დასაქმებულთა საშუალო ხელფასების 19.2%-იანი მატებით და მანქანა-დანადგარების ხარჯების კატეგორიის 5.3%-იანი გაძვირებით. ამ ფაქტორებმა საერთო ინდექსის ზრდაში შესაბამისად 4.29 და 0.34 პროცენტული პუნქტი შეიტანა.
საერთო ჯამში, 2022 წლის თებერვალთან შედარებით, მშენებლობის ღირებულების ინდექსი 24.8%-ით არის გაზრდილი.
საქსტატის მონაცემებით, ინდექსის ცვლილების სტრუქტურა და შესაბამისი წვლილი ხარჯების კატეგორიებისა და სეგმენტების მიხედვით წარმოდგენილია სპეციალურ ცხრილში.




