აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის უფროსმა დემოკრატმა წევრმა ჯინ შინმა (D-NH), რესპუბლიკელ სენატორებთან როჯერ უიკერთან (R-MS), ჯონ კერტისთან (R-UT), დემოკრატ სენატორ შელდონ უაითჰაუზთან (D-RI) და კონგრესმენებთან ჯო უილსონთან (R-SC) და სტივ კოენთან (D-TN) ერთად, სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს მიმართეს ორპარტიული წერილით, რომელშიც აშშ-ის ადმინისტრაციას მოუწოდებენ დაიცვას საქართველოს ხელისუფლების მიერ უსამართლოდ გაკრიტიკებული ყოფილი ამერიკელი თანამშრომლები.
წერილში კანონმდებლებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ, „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობით, არაერთხელ დააფიქსირა სურვილი აშშ-სთან ურთიერთობის აღდგენის შესახებ, თუმცა ბოლო განცხადებები და ქმედებები საპირისპიროს აჩვენებს.
სენატორები რუბიოს მოუწოდებენ, საქართველოს ხელისუფლებისგან მიიღოს გარანტიები, რომ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ყოფილი თანამშრომლები და სხვა ამერიკული სტრუქტურების ყოფილი პერსონალი აღარ გახდებიან მიზანმიმართული თავდასხმებისა და ცილისწამების ობიექტი. მათივე თქმით, ვაშინგტონმა მკაფიოდ უნდა უპასუხოს „ქართული ოცნების“ მხრიდან გავრცელებულ მცდარ ბრალდებებს, რომლებიც საფრთხეს უქმნის ამ ადამიანებს.
კანონმდებლები იხსენებენ 1 ოქტომბრის განცხადებას, როცა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა მამუკა მდინარაძემ აშშ-ის მთავრობა „რევოლუციის ორგანიზების მცდელობაში“ დაადანაშაულა
„ეს დეზინფორმაცია საფრთხეს უქმნის ადამიანებს, რომლებიც აშშ-ის სახელით მუშაობდნენ,“ – აღნიშნულია წერილში. „ასეთი განცხადებები ცხადყოფს, რომ საქართველოს ხელისუფლებას სერიოზულად არ აქვს განზრახული ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესება.“
სენატორები მიესალმნენ სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებას, 6 ოქტომბერს შეხვედრა მოეთხოვათ საქართველოს ელჩთან, თამარ ტალიაშვილთან, აღნიშნული საკითხის განსახილველად. მათ ასევე მოუწოდეს აშშ-ის ხელისუფლებას, მოითხოვოს „ქართული ოცნებისგან“ ამ განცხადებების ოფიციალური უარყოფა.
„თუ ჩვენ ვერ დავიცავთ ჩვენს თანამშრომლებს უცხო ქვეყნების თავდასხმებისგან, ეს ზღუდავს ჩვენს შესაძლებლობას, ვიმუშაოთ და განვახორციელოთ აშშ-ის პოლიტიკა მთელ მსოფლიოში,“ – აღნიშნავენ ავტორები.
სენატორების თქმით, აუცილებელია, რომ სახელმწიფო დეპარტამენტმა მკაცრად და საჯაროდ უპასუხოს საქართველოს ხელისუფლების ქმედებებს.




