ჩვენნაირი ტიპის ქვეყნებში 10-12 სადაზღვევო კომპანიაზე მეტი არ არის ხოლმე, საქართველოში კი 19 სადაზღვევო კომპანიაა – დავით ონოფრიშვილი

,,ბოლო წლებია, მოზიდული პრემია, ანუ სადაზღვევო კომპანიის მთლიანი შემოსავალი 17-18%-ით იზრდება”,- ამის შესახებ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა დავით ონოფრიშვილმა რადიო “კომერსანტის” ეთერში ისაუბრა.
მისივე ინფორმაციით, ზრდის ტენდენცია შეინიშნება სადაზღვევო მოგების მიმართულებითაც.
,,9 თვის წინასწარი მონაცემებით, მოზიდული პრემია წელსაც იზრდება და 12-13%-ის ფარგლებშია. ზოგადად, მინდა, ვთქვა, რომ ბოლო წლებია, მოზიდული პრემია, ანუ სადაზღვევო კომპანიის მთლიანი შემოსავალი 17-18%-ით იზრდება. როგორც აღვნიშნე, ბოლო 9 თვის მაჩვენებელი 12-13%-ია და 1 მილიარდ 100 მილიონი ლარის ფარგლებშია. 2023 წლის შედეგებით პირველად მოხდა, რომ სადაზღვევო კომპანიების წლიურმა შემოსავალმა 1 მილიარდს გადააჭარბა, 2025 წლის 9 თვეში კი კიდევ უფრო მეტია, ვიდრე 2 წლის წინანდელი მთელი წლის მაჩვენებელი. გაზრდილია სადაზღვევო მოგებაც – 9 თვის მონაცემებით 272 მილიონია, შარშანდელ ანალოგიურ პერიოდში კი 243 მილიონი იყო”,- ამბობს ონაფორაშვილი.
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის შეფასებით, სადაზღვევო სექტორში კონკურენცია საკმაოდ მაღალია.
,,ჩვენნაირი ტიპის ქვეყნებში 10-12 სადაზღვევო კომპანიაზე მეტი არ არის ხოლმე, ჩვენთან კი ბაზარზე 19 სადაზღვევო კომპანიაა. ეს მოსახლეობისთვის ცუდი ნამდვილად არ არის – კონკურენცია მაღალია და ყველა ცდილობს, მაქსიმალურად ხარისხიანი მომსახურება ჰქონდეს და ფასებშიც დიდი კონკურენციაა”,- აღნიშნა დავით ონოფრიშვილმა.