გაეროს სირიის პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციების გაუქმებას სთხოვს – Reuters

Reuters-ის ცნობით, -მ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის პროექტი მოამზადა, რომლის მიღების შემთხვევაში სირიის პრეზიდენტ აჰმედ ალ-შარაას წინააღმდეგ არსებული სანქციები გაუქმდება. ცნობისთვის, შარაა 10 ნოემბერს თეთრ სახლში აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეხვდება.
Reuters-ის მიერ ნანახი რეზოლუციის პროექტი სირიის შს მინისტრ ანას ხატაბის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მოხსნასაც ითვალისწინებს. ჯერჯერობით უცნობია, როდის შეიძლება დადგეს საკითხი კენჭისყრაზე.
გამოცემა წერს, რომ ვაშინგტონი უკვე რამდენიმე თვეა გაეროს უშიშროების საბჭოს სირიის მიმართ დაწესებული სანქციების შემსუბუქებისკენ მოუწოდებს.
ცნობისთვის, 13-წლიანი სამოქალაქო ომის შემდეგ, დეკემბერში, სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი ისლამისტური ჯგუფის ჰაიათ თაჰრირ აშ-შამის (HTS) ხელმძღვანელობით მოქმედი ამბოხებული ძალების სწრაფი შეტევის შედეგად ჩამოაგდეს.
2016 წლამდე HTS სირიაში ალ-კაიდას ოფიციალური ფრთა იყო. 2014 წლის მაისიდან ჯგუფი გაეროს უშიშროების საბჭოს ალ-კაიდასა და ე.წ. “ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ დაწესებული სანქციების სიაშია.
HTS-ის ზოგიერთი წევრი გაეროს სანქციების ქვეშ იმყოფება, მათ შორის მისი ლიდერი შარაა და ხატაბიც.
Reuters აღნიშნავს, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს სანქციების კომიტეტი წელს შარას გამონაკლისის სახით მოგზაურობის ნებართვებს რეგულარულად აძლევდა, ასე რომ, თუკი აშშ-ს მიერ მომზადებული რეზოლუცია ორშაბათამდე ვერ დამტკიცდა, სირიის პრეზიდენტს, სავარაუდოდ, მაინც შეეძლება თეთრ სახლში ვიზიტი.