იმის ნაცვლად, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ისაუბროს საფრთხეებზე, რომელიც მომდინარეობს, თავად გადაწყვიტა, ანტიევროპული ძალა გახდეს და ამის მეშვეობით საზოგადოებაში განწყობები შეცვალოს, რომელიც მათი გათვლით, საბოლოო ჯამში მიგვიყვანს იქამდე, რომ შემდეგი თაობები, საერთოდ აღარ უნდა იყვნენ პროევროპულები, – ამის შესახებ სახელმწიფო მართვისა და საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტმა, გიორგი ტუმასიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა.
მისივე თქმით, „ქართულ ოცნებასაც“ ბუნებრივად აწყობს ავტორიტარულ ქვეყნებთან ერთად ყოფნა და ირაკლი კობახიძის ჩინეთში ვიზიტი ზუსტად იმ დროს, როდესაც ევროკომისიის ანგარიში ქვეყნდებოდა, ამის დასტურია.
„საკმაოდ ნათელი არის მდგომარეობა. ეს იყო „ქართული ოცნების“ მიზანმიმართული პოლიტიკა, რომელიც მიზნად ისახავდა ევროკავშირისგან მაქსიმალურ ჩამოშორებას. სავარაუდოდ, ამას გააჩნია ინტერესებისა და მიზეზშედეგობრივი კავშირების რამდენიმე ფენა. ერთის მხრივ, ის დამოკიდებულია იმაზე, რომ ასეთია რუსეთის მოთხოვნა, რომელსაც აკმაყოფილებს „ქართული ოცნება“, თუმცა, მეორეს მხრივ, ძალიან ნათელია, რომ თავად „ქართულ ოცნებასაც“ ბუნებრივად აწყობს ავტორიტარულ ქვეყნებთან ერთად ყოფნა და ვიზიტი ჩინეთში იმ დროს, როდესაც ევროკომისიის ანგარიში ქვეყნდება, მაგის დასტურია, რომ „ქართული ოცნებისთვის“ ავტორიტარული, დიქტატორული სახელმწიფოს ჩამოყალიბება მისაღებია, რადგან ერთადერთი გზა, შეინარჩუნოს ძალაუფლება ბიძინა ივანიშვილმა და მისმა რეჟიმმა, არის საქართველოში დიქტატურის ჩამოყალიბება, ამიტომ ბუნებრივად ემთხვევა მოსკოვისა და ივანიშვილის ინტერესები, ეს რომც არ იყოს პირდაპირი შეთანხმების შედეგი და ამის შედეგად, საქართველო მთლიანად, მიზანმიმართულად ჩამოშორებულია ევროკავშირს ყველა პარამეტრით და ევროკავშირის კეთილი ნებაა, რომ ეს სტატუსი საერთოდ გაგვაჩნია.
მე ვფიქრობ, რომ ამის ახსნა, ძირითადად, ხდება არა ავტორიტარულ სისტემებთან კავშირში, არამედ საფრთხეების კონტექსტში რუსეთიდან, რადგანაც, პრინციპში, რომ შევხედოთ რუკას, უკრაინა საკუთარ თავს იცავს და ამით მოლდოვას იცავს, საქართველო კი რაღაც მხრივ ნამდვილად დაუცველია რუსეთთან პრიზმაში და, შესაბამისად, იმის ნაცვლად, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ისაუბროს საფრთხეებზე, რომელიც მომდინარეობს, თავად გადაწყვიტა, რომ ანტიევროპული ძალა გახდეს და ამის მეშვეობით საზოგადოებაში განწყობები შეცვალოს იმიტომ, რომ ახლა რა პროცესებიც მიმდინარეობს, ქართული სახელმწიფოს სისტემური ცვლილებებია, რომელიც საბოლოო ჯამში მიგვიყვანს იქამდე, რომ შემდეგი თაობები, მათი გათვლით, საერთოდ აღარ უნდა იყვნენ პროევროპულები.
ამ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, რა თქმა უნდა, თუ ქვეყნის ინტერესებზეა საუბარი, საქართველო მაქსიმალურად სწრაფი ინტეგრაციის მომხრე უნდა იყოს ევროკავშირთან, მაგრამ თუ საუბარია კონკრეტული ხელისუფლების ძალაუფლების შენარჩუნებაზე, დემოკრატიულ ევროკავშირში, სადაც დემოკრატია იზომება ხელისუფლებების ცვლილებით, საუკეთესო სივრცე არ არის „ქართული ოცნებისთვის“, რომელმაც ახლახან 2035 წლამდე გაზარდა მაჩვენებელი. ესენი ხელისუფლების დათმობას არ აპირებენ არჩევნების გზით, ამიტომ, ბუნებრივად აწყობთ სტრატეგიულ პარტნიორად ჩინეთის კომუნისტური პარტია“, – განაცხადა ტუმასიანმა.




