ევროპის საბჭოს ჟურნალისტთა უსაფრთხოების პლატფორმამ გამოსცა განგაშის სიგნალი “მედიაჩეკერის” ჟურნალისტის, ნინია კაკაბაძის დაკავების გამო.
ნინია კაკაბაძეს ედავებიან რუსთაველის გამზირის “გადაკეტვას” მაშინ, როცა რეალურად იქ ასრულებდა პროფესიულ მოვალეობას.
ჟურნალისტთა უსაფრთხოების პლატფორმა არის ევროპის საბჭოსა და პრესის თავისუფლების ცნობილი ორგანიზაციების ქსელის ერთობლივი პროექტი. ეს არის ჟურნალისტების წინააღმდეგ მუქარის რეალურ დროში მონიტორინგისა და რეაგირების მექანიზმი. პლატფორმა მუშაობს მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების სერიოზულ საფრთხეებზე სიგნალების შეგროვებით და შემოწმებით. ეს შეტყობინებები, რომლებიც წარმოდგენილია პლატფორმის პარტნიორი ორგანიზაციების მიერ, გამოქვეყნებულია ცნობიერების ამაღლებისა და ეროვნული ხელისუფლების მხრიდან სწრაფი მოქმედების მიზნით. სიგნალების გასაჯაროებით პლატფორმა ცდილობს უზრუნველყოს ანგარიშვალდებულება და წაახალისოს წევრი სახელმწიფოები, შეასრულონ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით ნაკისრი ვალდებულებები გამოხატვის თავისუფლების დასაცავად.
ჟურნალისტთა უსაფრთხოების პლატფორმა წერს, რომ ნინია კაკაბაძე აშუქებდა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენებს და სხვადასხვა წყაროს მიერ მიწოდებული ინფორმაციით, ეკეთა ჟურნალისტის ნიშანი/მოწმობაც.
პლატფორმა იხსენებს, რომ 24 ოქტომბერს სამართალდამცველებმა გზის გადაკეტვის საქმეზე რამდენიმე საათით დააკავეს პუბლიკის ჟურნალისტი ბასტი მგალობლიშვილიც.
პლატფორმა ელის, რომ ნინია კაკაბაძის მიმართ ადმინისტრაციულ სამართალწარმოებას შეწყვეტენ.
თბილისის საქალაქო სასამართლოში ნინია კაკაბაძის მიმართ მიმდინარე ადმინისტრაციული საქმე ამჟამად გადადებულია.




