სექტემბერში ლარი დოლარისა და ევროს მიმართ 2%-ით გაუფასურდა – სებ
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ბაზარზე არსებული ვითარება მიმოიხილა. ცენტრალური ბანკის ცნობით, სექტემბერში წინა თვესთან შედარებით, ლარის საშუალო გაცვლითი კურსი აშშ დოლარის მიმართ 2.7015-დან 2.7067-მდე, ანუ 0.2%-ით, ხოლო ევროს მიმართ – 3.1367-დან 3.1740-მდე, ანუ 1.2%-ით გაუფასურდა.
თვის ბოლოს ლარის ოფიციალურმა გაცვლითმა კურსმა აშშ დოლარისა და ევროს მიმართ 2.7088 და 3.1739 შეადგინა. საანგარიშო პერიოდში ლარი-დოლარის გაცვლითი კურსის მაქსიმალური მნიშვნელობა 2.7405 იყო, მინიმალური კი – 2.6920.
„სექტემბერში, საშუალო კურსთან შედარებით, გაცვლითი კურსის მაქსიმალური მნიშვნელობა მინიმალურთან შედარებით მეტად იყო გადახრილი. სექტემბერში, საშუალოდ დოლართან მიმართებაში მნიშვნელოვნადაა გაუფასურებული რუსული რუბლი. როგორც თვის, ისე წლის ჭრილში შესამჩნევია თურქული ლირას გაუფასურება; წინა თვესთან შედარებით, მცირედით გაუფასურდა ლარიც. მცირე გამყარებით ხასიათდებოდა სომხური დრამი, ხოლო შესამჩნევად გამყარდა – ევრო; აზერბაიჯანული მანათი პრაქტიკულად არ შეცვლილა. ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი წლიურად 3.1%-ით, თვის ჭრილში კი 0.2%-ით გაუფასურდა. ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსის გაუფასურებაში მნიშვნელოვანი წვლილი თურქეთის მაღალ ინფლაციას შეაქვს. რაც შეეხება ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსს, წლიურად 0.7%-ით გამყარდა, თვის ჭრილში კი 0.2%-ით“, – აცხადებენ ეროვნულ ბანკში.
ამასთან, როგორც ეროვნული ბანკის ანგარიშშია აღნიშნული, ეფექტური კურსის გამყარება ქვეყნის კონკურენტუნარიანობაზე უარყოფითად აისახება, თუმცა იმპორტულ ინფლაციაზე შემცირების მიმართულებით მოქმედებს.
„სავაჭრო პარტნიორთაგან სექტემბერში წლიური ინფლაცია თურქეთში, უკრაინაში, რუსეთში, ბელარუსსა და აზერბაიჯანში საქართველოსთან შედარებით მაღალი იყო, ხოლო სომხეთში, აშშ-სა და ევროზონაში – დაბალი. ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნებიდან ნაწილში ინფლაციის კლების ტენდენცია შეინიშნება, თუმცა მთლიანობაში, ფასების დონე ჯერ ისევ მაღალი ნარჩუნდება“, – წერია ანგარიშში.



