უნგრეთის სამინისტროს მიერ გავრცელებულ წერილში ევროკავშირის 5 ქვეყნის – ბულგარეთის, პოლონეთის, რუმინეთის, სლოვაკეთისა და უნგრეთის სოფლის მეურნეობის მინისტრები ევროკომისიას სთხოვენ, რომ მიიღოს ზომები უკრაინის სოფლის მეურნეობის პროდუქტების საკითხზე, რომელიც მათ საექსპორტო ბაზრებს აზიანებს.
„ბრიუსელმა უნდა შემოიღოს ზომები, რომლებიც დაიცავს უკრაინის მოსაზღვრე წევრი ქვეყნების ბაზრებს და დაეხმარება მათ სრული საექსპორტო პოტენციალის გამოყენებაში. ერთ-ერთი ასეთი ღონისძიება შეიძლება იყოს იმპორტის გადასახადების შემოღება გარკვეულ სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე“, – ნათქვამია წერილში.
მინისტრები ამბობენ, რომ მათი ქვეყნების ფერმერებმა „განიცადეს მნიშვნელოვანი ზარალი“ მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა შარშან უკრაინიდან მარცვლეულის იმპორტის გადასახადები შეაჩერა.