ეკონომიკურად ძლიერ ქვეყნებში პროფესიულ განათლებას 60%, ხოლო აკადემიურ განათლებას – 40% იღებს,- ამის შესახებ კოლეჯ „სპექტრის“ დამფუძნებელმა მათე ტაკიძემ რადიო “კომერსანტის” ეთერში ისაუბრა.
მისივე შეფასებით, ქვეყანაში პროფესიული და უმაღლესი განათლება უნდა გათანაბრდეს, რათა ქართული შრომითი ბაზარი წამყვანი ქვეყნების მაჩვენებლებს გაუთანაბრდეს.
,,პროფესიული და უმაღლესი განათლება რაოდენობრივად უნდა გათანაბრდეს, რადგან ნებისმიერ წამყვან, განვითარებულ, მათ შორის, ევროკავშირის ყველაზე ძლიერ ქვეყნებში, სტატისტიკური მაჩვენებელი შემდეგია: აკადემიური განათლება არის დაახლოებით 40%, ხოლო პროფესიული განათლება – 60%. საქართველოში კი უმაღლესი განათლება დაახლოებით 65-70%-ია. შესაბამისად, ვფიქრობ, ჩვენი ქვეყანა ზუსტად ამ მიმართულებების გათანაბრებისკენ უნდა წავიდეს.
ინვესტორები როცა შემოდიან საქართველოში, პირველი საკითხი, რომელსაც აყენებენ, ეს არის კვალიფიციური კადრების ნაკლებობა. შესაბამისად, ჩვენ გვჭირდება უფრო ბევრი კადრი, ვიდრე დღეს ვამზადებთ. ამისთვის არსებობს რამდენიმე გზა: პირველი, ეს არის ინტეგრირებული სწავლება, როცა საბაზო განათლების მქონე მოსწავლეები შეგვიძლია, ნებისმიერ პროფესიაზე მივიღოთ, რაც პროფესიულ განათლებას გააახალგაზრდავებს, ხოლო მოკლევადიანი კურსებით შეგვიძლია, ზრდასრულებს მივცეთ გადამზადების საშუალება ერთ მოდულში, რომელზეც ბიზნესის მოთხოვნა მზარდია”,- აღნიშნავს მათე ტაკიძე.
„სპექტრის“ დამფუძნებლის ინფორმაციით ამჟამად შრომით ბაზარზე განსაკუთრებით მაღალი მოთხოვნაა ენერგეტიკოსებსა და შემდუღებლებზეა.
,,ყველაზე მეტად მოთხოვნადი პროფესიებია: ენერგეტიკა, რომელზეც საოცარი მოთხოვნილებაა. მოთხოვნაა შემდუღებლებზე, კონდიცირებისა და სამაცივრე სისტემების სპეციალისტებზე. დიდი მოთხოვნაა წყალარინებისა და სანტექნიკის მიმართულების პროფესიებზე, მშრალ მშენებლობაზე, რომელზეც განსაკუთრებით დიდი მოთხოვნა გაჩნდა. საგრძნობლად გაიზარდა მოთხოვნა კერამიკის მიმართულებაზეც. ბიზნესს სჭირდება ამწეს მემანქანე, მძიმე ტექნიკის ოპერატორები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ”,- აღნიშნა მათე ტაკიძემ.




