ეკონომისტ პაატა ბაირახტარის თქმით, საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი დაბრკოლება რთული ბიუროკრატია, არასამუშაო და უსარგებლო სახელმწიფო ინსტიტუციებია.
ბაირახტარი განმარტავს, რომ ინფრასტრუქტურული პრობლემები სამთო კურორტების მიმართულებით განსაკუთრებით თვალსაჩინოა.
,,მცირე ბიზნესმენიდან დაწყებული, რიგითი ეკონომისტით დამთავრებული, გეტყვით, რომ ჩვენს ქვეყანაში ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა არის უსასრულოდ გაწელილი ბიუროკრატიული ბარიერები, სრულიად გამოუსადეგარი და უფუნქციო ინსტიტუციები და დაწესებულებები, დაწყებული კურორტების სააგენტოდან, დამთავრებული რეგიონების განვითარების ასოციაციით. ინფრასტრუქტურულ ნაწილში ერთ-ერთი მთავარი პრობლემა კურორტების მიმართულებაა – სამთო კურორტებს რომ შეხედოთ, ყოველთვის ინფრასტრუქტურული პრობლემა დგას. ამ დროს, მრავალი წელია, გვაქვს კურორტების განვითარების სააგენტო. წარმოიდგინეთ ბიუროკრატიის მანქანის მოუქნელობა.
იყო ისეთი ინფრასტრუქტურული პროექტები კი და ეს თავად მინისტრმაც აღიარა, სადაც დაწყებისა და დასრულების თარიღებიც კი არ იყო მითითებული. ანუ გაიცემოდა სახელმწიფო სახსრები ისე, რომ კონკრეტული პროექტი როდის უნდა ჩაბარებულიყო, ამის ვადები არ იყო მითითებული და ამაზე პრობლემა არავის ჰქონია. ახლა დაიჭირეს ერთი ორი ადამიანი, რომ თურმე, პრობლემები ყოფილა, რაც ძალიან სასაცილოა”,- აღნიშნავს ბაირახტარი.
ბაირახტარი თქმით, პრობლემურია სახელმწიფო ტემდერებიც: ხშირად ერთსა და იმავე კომპანიებს ერგებათ გამარჯვება, რომლებიც „შემთხვევით“ დაკავშირებულები არიან პოლიტიკური წრეების წარმომადგენლებთან, მიუხედავად იმისა, რომ კონკურენტებს უკეთესი პირობები ჰქონდათ.
,,საერთოდ კომიკური სიტუაციაა ტენდერებზე – შეხედეთ უბრალოდ კომპანიების ჩამონათვალს, რომლებიც მუდმივად იგებენ ტენდერებს კონკრეტული მიმართულებით და ეს კომპანიები „შემთხვევით“ ყოველთვის დაკავშირებულია „ქართული ოცნების“ შემომწირველებსა და ჩინოვნიკებთანაც კი. კონკრეტული ქეისები რომ ნახოთ, აღმოაჩენთ, რომ ისეთ კომპანიებს აქვთ მოგებული, რომლებზე გაცილებით უკეთესი პირობები სხვას ჰქონდა წარდგენილი”,- აღნიშნა პაატა ბაირახტარმა.

				
								
								

