ჟურნალისტის დაკავებას ადასტურებენ მისი მეგობრები, ხატია ჯინჯიხაძე და თეო ხატიაშვილი. ასევე, ყოფილი მეუღლე, ზაზა ბიბილაშვილი, რომელთანაც საერთო, არასრულწლოვანი შვილი ჰყავს.
„ნინიამ დაურეკა ბავშვს და უთხრა, რომ დააკავეს… ამის შემდეგ მივედი და ბავშვი წამოვიყვანე… მე ეთერში ვიყავი და დეტალებს ახლა ვარკვევ…“ – უთხრა ზაზა ბიბილაშვილმა რადიო თავისუფლებას.
ნინია კაკაბაძე მუდმივად აშუქებს დედაქალაქში მიმდინარე პროევროპულ აქციებს. მას მუდმივად უკეთია ჟურნალისტის აღმნიშვნელი „ბეიჯი“.
ადვოკატი შოთა თუთბერიძე ამბობს, რომ დაკავებული ჟურნალისტის ადგილსამყოფელის შესახებ ინფომრაციის გარკვევას ცდილობს. რადიო თავისუფლება დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურს, პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ჟურნალისტს, რომელიც დემონსტრაციას აშუქებს, პოლიცია „გზის გადაკეტვის“ ბრალდებით აკავებს. ასე მოხდა 24 ოქტომბერსაც, როცა პოლიციამ განყოფილებაში გადაიყვანა „პუბლიკის“ ჟურნალისტი მამუკა (ბასტი) მგალობლიშვილი.
ის დაახლოებით 40 წუთში გაათავისუფლეს.
„ბასტი მგალობლიშვილი, დაახლოებით, 40 წუთი ჰყავდათ მანქანაში უკანონოდ დაკავებული. ამის შემდეგ კი ის სახლამდე მოიყვანეს და უთხრეს, რომ სხვაში შეეშალათ“, – წერდა „პუბლიკა“.
მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ” 2025 წლის ოქტომბრის მეორე ნახევარში მიიღო და აამოქმედა გამოხატვის თავისუფლების შემზღუდავი საკანონმდებლო ცვლილებები, პოლიციამ თბილისში დააკავა საპროტესტო აქციების ათეულობით მონაწილე.
ახალი კანონით გზის „ხელოვნურად გადაკეტვა“ ან აქციაზე „პირბადით ყოფნა“ 15 დღემდე პატიმრობით ისჯება. თუ პოლიცია ადამიანს იმავე ბრალდებით განმეორებით დააკავებს, მაშინ მას ერთ წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ფორუმი

				
								
								

