„კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, გედევან ფოფხაძე, რამდენიმე აქტივისტთან ერთად, უკვე მეშვიდე დღეა პარლამენტთან შიმშილობას განაგრძობს.
როგორც ფოფხაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ამ დრომდე, ხელისუფლება მოშიმშილეთა ჯანმრთელობის მდგომარეობით არ დაინტერესებულა. თავის მხრივ, კი ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა აღნიშნა, რომ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია.
როგორც ფოფხაძე აცხადებს, ამ დროისთვის, „პოლიტპატიმრების გათავისუფლებისა და ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის“ მოთხოვნით, სულ, 6 ადამიანი შიმშილობს.
„შიმშილობის მეშვიდე დღეა და შეიძლება, გარკვეული სისუსტე და დისკომფორტი ადამიანს გქონდეს, მაგრამ ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია. ჩვენ ჯანმრთელობას ხელისუფლება არანაირად არ კითხულობს, არ აინტერესებს და დარწმუნებული ვარ, რომ აქციაც მათთვის ნაკლებად საინტერესოა. როდესაც მე ადამიანის უფლებების კომიტეტში ვიყავი და უვადო პატიმრებმა შიმშილობა გამოაცხადეს, მათ შევხვდი და ვესაუბრე. მათი პოზიციები ხელისუფლებას მივაწოდე. მაშინ ნორმალურ სტანდარტად ითვლებოდა, რომ როცა შიმშილობის აქციაა, ხელისუფლებას უჩნდება ავტომატური, კანონიერი ვალდებულება, ადამიანის უფლებების სტანდარტიდან გამომდინარე, რაც უნდა იყოს ქვეყანაში დაცული, ეს აქციები გარკვეული კონტროლის ქვეშ აიყვანოს. დაელაპარაკოს ხალხს და შესაბამისი სამედიცინო გარანტიები შესთავაზოს აქციის მონაწილეებს. ეს ხელისუფლების მხრიდან დაცული არ არის და ეს ცალკე პრობლემაა, რაზეც მე ნაკლებად ვდარდობ. მე რომ ვუშვებდე, რომ მყავს ხელისუფლება, რომელიც ადამიანის უფლებებს სტანდარტს მეტ-ნაკლებად ფასს დებს და ამის ადეკვატურად მოქმედებს, მე საშიმშილოდ ნამდვილად არ დავჯდებოდი“,- აცხადებს ფოფხაძე.
რაც შეეხება ოპოზიციის სამოქმედო გეგმას, ფოფხაძემ აღნიშნა, რომ ოპოზიციამ თავისი დღის წესრიგი თავად უნდა განსაზღვროს და ისინი ოპოზიციასთან მიმართებით არ აპელირებენ.
„ოპოზიციამ თავისი დღის წესრიგი თვითონ უნდა განსაზღვროს. ჩვენ არანაირად არ ვაპელირებთ მასთან მიმართებით. ის, რომ ერთიანობა და სამოქმედო გეგმაც კარგი იქნება, ეს მგონი, სადავო არავისთვის არ არის. ბოლოს და ბოლოს, ერთიანობა დიდ რესურს გაძლევს და ეს თავის მხრივ, გაძლევს დიდ შესაძლებლობას, რა დროსაც, ადვილად შეგიძლია ისეთი გეგმა შეიმუშაო, რომელიც ეფექტური იქნება. როცა სუსტი პოლიტიკური ძალა ხარ, გეგმაც შესაბამისად, შესაძლებლობების გათვალისწინებით, აღარ გამოდის ისეთი ეფექტური, როგორიც საჭიროა. ამიტომ, თანამშრომლობა, ერთიანობა და ბრძოლა საერთო ფრონტით უდავოდ საჭიროა. ამ შემთხვევაში, მიმაჩნია, რომ რუსთაველის გამზირის პროტესტია გასაძლიერებელი. ის, რომ ამდენი პატიმარი და არალეგიტიმური პარლამენტი გვყავს, ეს მკვეთრი ფორმით უნდა გაპროტესტდეს. ამიტომ ჩავთვალე საჭიროდ, რომ უვადო შიმშილობის აქციაში მიმეღო მონაწილეობა პარლამენტის წინ“, – განაცხადა ფოფხაძემ.
ცნობისთვის, გედევან ფოფხაძემ პროტესტის უკიდურეს ფორმას 28 ოქტომბერს მიმართა და შიმშილობა დაიწყო. ოპოზიციონერ ლიდერთან ერთად შიმშილობა გამოაცხადეს დარეჯან ცხვიტარიამ და კიდევ რამდენიმე აქტივისტმა. მათი მოთხოვნაა, „გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები და დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები“.




