სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა კამერების დაზიანების ბრალდებით დაკავებული პატიმრების, დანიელ მუმლაძისა და გურამ ხუტაშვილის განაჩენი – 3-წლიანი პატიმრობა. საქმე მოსამართლე მანუჩარ კაპანაძემ განიხილა.
მსჯავრდადებულების ადვოკატები სასჯელის ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლას მოითხოვდნენ, რასაც სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილი ითვალისწინებს.
ამ მუხლის თანახმად, ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას სასამართლო უფლებამოსილია, განაჩენით დაადგინოს სასჯელის ნაწილის მოხდა, ხოლო დანარჩენი ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა, თუ მსჯავრდადებული აღიარებს დანაშაულს, ასახელებს დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან.
საპროცესო შეთანხმების დადების გარდა, თუ ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, პირობით მსჯავრად შეიძლება ჩაითვალოს დანიშნული სასჯელის ერთი მეოთხედი, მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში – სასჯელის ერთი მესამედი, ხოლო ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში – სასჯელის ნახევარი.
ადვოკატის თქმით, მოსამართლეს შეეძლო სასჯელის ერთი მესამედი პირობით მსჯავრად ჩაეთვალა.
პროკურატურა სასჯელის დამძიმებას მოითხოვდა, მიუხედავად იმისა, რომ პროკურორმა თამარ იაკობიძემ საქალაქო სასამართლოში განაჩენის გამოცხადების შემდეგ ეს თქვა: „სანქცია ხომ მოისმინეთ, იყო 3-დან 6 წლამდე. სასამართლომ განსაზღვრა ამ შემთხვევაში მინიმალური, სამი წელი, გაითვალისწინა ბრალდებულების პიროვნება, მათი ოჯახური მდგომარეობა და განსაზღვრა არა ექვსი წელი, არამედ სამი წელი”.
26 წლის გურამ ხუტაშვილი და 23 წლის დანიელ მუმლაძე გასული წლის დეკემბერში სხვადასხვა დღეს ერთი ბრალდებით დააკავეს.
საქართველოს პროკურატურა ორივეს ედავებოდა აქციის მიმდინარეობისას რუსთაველის გამზირზე მდებარე სათვალთვალო კამერების ჯგუფურად დაზიანებას.
ისინი ბრალს აღიარებდნენ და მზად იყვნენ საპროცესო შეთანხმებისთვის – გათავისუფლების სანაცვლოდ გადაეხადათ დაზიანებული კამერების ღირებულება, 12,1 ათასი ლარი.
სწორედ საპროცესო შეთანხმების საკითხზე მუშაობის გამო მიმდინარე წლის თებერვალში სასამართლო სხდომა გადაიდო. მაშინ პროკურორმა თამარ იაკობიძემ ეს საკითხი დაადასტურა. თუმცა საბოლოოდ, 3-3-წლიანი პატიმრობა მიესაჯათ.
ნივთის დაზიანებისთვის სასჯელი 2023 წლის ივნისში გამკაცრდა და პატიმრობის წლების რაოდენობა გაიზარდა. იურისტები შიშობდნენ, რომ ამ ცვლილებებს ხელისუფლება პოლიტიკური მანიპულაციისთვის გამოიყენებდა.
ფორუმი




