შეუძლებელია ვიფიქროთ, რომ თორნიკე რიჟვაძეს ერთი სული აქვს საქართველოში ჩამოვიდეს და ჟურნალისტებს ელაპარაკოს – შეუძლებელია მას ჰქონდეს წარმოდგენა, რომ ვინმე საშუალებას მისცემს, მედიასთან ილაპარაკოს ისე, რომ არ დასჯიან და პირდაპირ ციხის გზას არ გაუყენებენ, – ამის შესახებ „თავისუფლების მოედნის“ გენერალურმა მდივანმა, ბაკურ კვაშილავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პოლიტიკოს მურმან დუმბაძის განცხადებას, რომ „ქართული ოცნება“ აჭარის მთავრობის ყოფილ თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძეს საზღვრის გადმოკვეთის უფლებას არ აძლევს.
მისი თქმით, „შეუძლებელია საქართველოში დაბრუნება გინდოდეს და არ გეშინოდეს იმ დამსჯელი მანქანის, რომელიც დღეს ივანიშვილს ემსახურება“.
„პირდაპირ გეტყვით, რომ ჩემთვის არალოგიკურია, რომ თორნიკე რიჟვაძეს სურს დაბრუნება და მთავრობა არ აძლევს ამის საშუალებას. მგონია, ეს არის მთავრობის მიერ გავრცელებულ პროპაგანდა და სინამდვილეში თორნიკე რიჟვაძეს არ სურს საქართველოში დაბრუნება. შეუძლებელია გინდოდეს საქართველოში დაბრუნება და არ გეშინოდეს იმ დამსჯელი მანქანის, რომელიც დღეს ივანიშვილს ემსახურება. შეუძლებელია თორნიკე რიჟვაძეს ჰქონდეს ისეთი წარმოდგენა, რომ ის ჩამოვა და ვინმე მისცემს საშუალებას, მედიასთან ილაპარაკოს ისე, რომ მას არ დასჯიან და პირდაპირ ციხის გზას არ გაუყენებენ. შეუძლებელია ვიფიქროთ, რომ თორნიკე რიჟვაძეს ერთი სული აქვს ჩამოვიდეს საქართველოში და ელაპარაკოს ჟურნალისტებს. უფრო მეტიც, მე ვიტყოდი. რომ უფრო ადვილია თორნიკე რიჟვაძეს თურქეთში შეხვდეს ჟურნალისტს და იქ დაელაპარაკოს, თუ რაიმე სურვილი აქვს, იმიტომ, რომ გაცილებით დაცული იქნება, ვიდრე ეს იქნება საქართველოში. ამ განცხადებას მე ეჭვით მოვეკიდებოდი,“ – განაცხადა კვაშილავამ.
გარდა ამისა, მან გადაცემაში ქვეყნის განვითარების 10-წლიან სტრატეგიაზე პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს არის მორიგი PR მეთოდი.
მისი თქმით, „ქართულ ოცნებაში“ მიმდინარეობს ერთმანეთზე ნადირობა, კანიბალიზმი, თანხების გამოძალვა და პარტია ისეა დასუსტებული, როგორც, ალბათ, აქამდე არასდროს ყოფილა.
„ქართულ ოცნებას“ უნდა, რომ არსად წავიდეს. ეს ფაქტია. ამის გაკეთება უნდა მიუხედავად იმისა, რას ითხოვს ქართველი ხალხი და ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები. სწორედ ამიტომაა, რომ არ ჩერდება პროტესტი და არც გაჩერდება, სანამ ჩვენ არ მივაღწევთ იმას, რომ გვყავდეს მთავრობა, რომელიც გამოხატავს ჩვენი ქვეყნის რეალურ ინტერესებს. აქედან გამომდინარე, ეს განცხადება არის მორიგი PR მეთოდი, იმისთვის, რომ თავის მომხრეებს და თავის თანაპარტიელებს აჩვენოს, რომ „ჩვენ მაგრად ვდგავართ, ჩვენ ვაგრძელებთ ქვეყნის ხელისუფლებაში ყოფნას, გვაქვს გრძელვადიანი მიზნები“. არ შემიძლია არ გავიხსენო, რომ დაახლოებით, ისეთივე განცხადება გააკეთა წინა მთავრობის ერთ-ერთი მაღალი თანამდებობის პირმა და 2 წლის შემდეგ, 2012 წელს „ნაცმოძრაობა“ უკვე აღარ იყო ხელისუფლებაში. ამიტომ ეს არ უნდა მივიღოთ ისე, თითქოს ყველაფერი რიგზეა „ქართულ ოცნებაში“. პირიქით, თუ გადავხედავთ, რა მდგომარეობაა მათი პარტიის შიგნით, როგორ მიმდინარეობს ერთმანეთზე ნადირობა, კანიბალიზმი, ერთმანეთისთვის თანხების გამოძალვა, მივხვდებით, რომ დღეს „ქართულ ოცნებაში“ ისეთ არეულობაა, ისე დასუსტებულია ეს პარტია, როგორც, ალბათ, აქამდე არასდროს ყოფილა,“ – აღნიშნა კვაშილავამ.
მან, ასევე, შეაფასა ირაკლი კობახიძის განცხადება, რომ ყოფილი მაღალჩინოსნების და მათთან დაკავშირებული პირების ჩხრეკების შედეგად, „დაახლოებით, 20 მლნ ლარია ამოღებული, რაც სახელმწიფო ბიუჯეტში მიექცევა“ და აღნიშნა, რომ „დიდი ალბათობით, ამ თანხაზე მინიმუმ, 10-ჯერ და 15-ჯერ მეტია ამოღებული“. კვაშილავა ფიქრობს, რომ ეს თანხები არა სახელმწიფოს ბიუჯეტში, არამედ „შავ ანგარიშზე“ წავიდოდა.
„დიდი ალბათობით, თანხა, რომელიც ამოღებულია, არის მინიმუმ, 10-ჯერ და 15-ჯერ იმაზე მეტი, რაც არის დასახელებული. ეს თანხა პირდაპირ წავიდოდა „შავ ანგარიშში“ და არა ბიუჯეტში. მან 20 მილიონი დაასახელა, რადგან ამის შესახებ საზოგადოებამ იცის. საუბარი უნდა იყოს გაცილებით დიდ თანხაზე, რომელზეც საზოგადოებას არაფერს ეუბნებიან. ეს იყო წვრილმანი ფული, რაც გამოჩნდა ტელევიზიაში.
დღეს შექმნილი სიტუაცია აჩვენებს, რომ დიქტატორს ძალიან უჭირს, ის დასუსტებულია და აქედან გამომდინარე, ყველას პოტენციურ საფრთხედ აღიქვამს. წინასწარ იშორებს ყველას თავიდან, თუკი ვინმეს შეუძლია მას ზიანი მიაყენოს, მიუხედავად იმისა, ეს ადამიანები აპირებენ თუ არა მის წინააღმდეგ წასვლას. ასეთი აღმოჩნდა ლილუაშვილი, ღარიბაშვილი, იმიტომ, რომ მათ შექმნეს „კლანური სისტემა“, რომელიც მათზე იყო დამოკიდებული,“ – განაცხადა კვაშილავამ.
გარდა ამისა, მან გადაცემაში ისაუბრა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციებზე და ასევე, შემთხვევაზე, რა დროსაც საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი გიორგი წიქარიშვილი რუსულ ნომრიან მანქანას წინ დაუდგა და გადაადგილების საშუალება არ მისცა.
კვაშილავას თქმით, ამ შემთხვევას „ქართული ოცნების“ დეპუტატი ნინო წილოსანი სამარცხვინო, უხამსი და შეუსაბამო კომენტარით გამოეხმაურა და მან ფაქტობრივად, დაიცვა რუსული მანქანა, აღშფოთდა იმით, რომ არ გაატარეს. მისი თქმით, წილოსანის განცხადება აბსოლუტურად შეუსაბამოა მორალთან და ყველაფერ იმასთან, რასაც „ქართული ოცნება“ ვითომ ქადაგებს.
ის აქციებზე საუბრისას, ასევე შეეხო გაგრიდან დევნილი, 71 წლის აზა ჩილაჩავას დაკავებასაც და განაცხადა, რომ ეს ფაქტი აჩვენებს „რეჟიმის მახინჯ და ამაზრზენ სახეს“.
„მე ვიტყოდი, რომ ეს პროტესტი თანდათანობით „ქართული ოცნების“ მომხრეებისთვისაც აჩვენებს იმას, რომ ჩვენ საქმე გვაქვს მთავრობასთან, რომლისთვისაც არაფერს ნიშნავს ქართველი ხალხის ნება, ჩვენი ეროვნული ინტერესები. მე მახსენდება ნინო წილოსანის სამარცხვინო განცხადება, რომელიც ზუსტად ამ ინციდენტს ეხება. ის ფაქტობრივად, იცავს ამ რუსულ მანქანას, აღშფოთებულია იმით, რომ არ გაატარეს და სრულიად უხამს და შეუსაბამო კომენტარს აკეთებს ამის თაობაზე. მერე ეს ადამიანი გამოვა და სხვას უჩივლებს იმის გამო, რომ თურმე, მას სოცმედიაში „მონა“ უწოდეს, ან რაიმე შეუფერებელი სახელი. ეს არის აბსოლუტურად შეუსაბამო მორალთან და ყველაფერ იმასთან, რასაც ვითომ ქადაგებს „ქართული ოცნება“. გუშინდელი მოვლენა აჩვენებს ამ რეჟიმის მახინჯ და ამაზრზენ სახეს, როდესაც 71 წლის დევნილი, ქალბატონი აზა პოლიციელებმა დააპატიმრეს და წაიყვანეს იმის გამო, რომ პროტესტს გამოხატავდა. შეუძლებელია ამის მერე, რაც არ უნდა ბოდვა გამოაცხოს შალვა რამიშვილმა და იმ ორმა, რომლებიც გარშემო უზის, ილაპარაკონ იმაზე, რომ ისინი „დახელფასებული“ არიან. შეუძლებელია ასეთი ტყუილი შხამის მერე, რომელიც გადმოდის, მათ შორის, პარლამენტარებიდან და პარლამენტის თავმჯდომარის ერთ-ერთ სასაუბრო თემას წარმოადგენს, ვინმემ დაიჯეროს, რომ „ქართული ოცნება“ ოდესმე ჩვენ შეიძლება ჩავთვალოთ ისეთ ძალად, რომელმაც საქართველოში რაიმე დადებითი როლი ითამაშა ბოლო 6 წლის განმავლობაში,“ – განაცხადა კვაშილავამ.




