სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ვუჩიჩმა ევროპას შესთავაზა საბრძოლო მასალა სერბეთის თავდაცვის ინდუსტრიისგან შეიძინოს და განაცხადა, რომ სერბული იარაღის უკრაინაში გადაცემის იდეის წინააღმდეგი არ არის.
„მიუხედავად იმისა, რომ არ მინდა ისეთი შთაბეჭდილება დავტოვო, თითქოს მეომარი მხარეებისთვის საბრძოლო მასალის მიწოდებას ვახდენთ, ევროპას საბრძოლო მასალა სჭირდება. შევთავაზე ჩვენს მეგობრებს ევროპაში, რომ შეთანხმება დადონ და ჩვენგან ყველაფერი შეიძინონ. ეს ევროპის უსაფრთხოებისთვის ფენომენალური წვლილი იქნება,“ – აღნიშნა ვუჩიჩმა.
მისი თქმით, სერბეთის საწყობები სავსეა საბრძოლო მასალით, განსაკუთრებით ნაღმმტყორცნების ჭურვებით.
სერბეთში შეძენილი საბრძოლო მასალის უკრაინაში შემდგომი გაგზავნის შესაძლებლობის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ, ვუჩიჩმა განაცხადა, რომ „მყიდველებს შეეძლებათ მისით ის გააკეთონ, რაც სურთ“.
„ჩვენ მხოლოდ გრძელვადიანი კონტრაქტები გვჭირდება, რათა დავგეგმოთ. მე ყოველთვის ვამბობდი, რომ სერბეთი ნეიტრალური ქვეყანაა. თუმცა, ჩვენ აბსოლუტურად მზად ვართ ევროპულ არმიებთან თანამშრომლობისთვის“, – აღნიშნა პრეზიდენტმა და დასძინა, რომ ამჟამად ევროპული ქვეყნებისგან მის წინადადებასთან დაკავშირებით პასუხს ელოდება.




