უკრაინამ 2022 წელს კიევის ოლქის ქალაქ ბუჩაში მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივ მკვლელობებში ეჭვმიტანილების – ხუთი რუსი სამხედრო მოსამსახურის ვინაობა დაასახელა. ამის შესახებ RBC-Ukraine მთავარი სადაზვერვო დირექტორატზე დაყრდნობით იტყობინება.
ეჭვმიტანილები არიან რუსეთის არმიის 76-ე დივიზიის 234-ე საჰაერო-სადესანტო-მოიერიშე პოლკის წევრები: ლეიტენანტი იური კიმი, რიგითი ევგენი მეშალკინი, უფროსი სერჟანტი ანატოლი პავლოვი, უფროსი სერჟანტი შამილ ჰასანგულიევი და რიგითი პაველ კრეტინინი.
გამომძიებლების თქმით, ქალაქის ოკუპაციის დროს ეჭვმიტანილებმა 17 მშვიდობიანი მოქალაქე სიკვდილით დასაჯეს, აწამეს ადამიანები და დანაშაულის დაფარვა გარდაცვლილთა ცხედრების დაწვით სცადეს.
„ყველა, ვინც უკრაინელი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ დანაშაულებში მონაწილეობდა, დაისჯება. ვერავინ გაექცევა მართლმსაჯულებას – ჯალათების სახელები უკვე ცნობილია“, – განაცხადა მთავარი სადაზვერვო დირექტორატმა (GUR).
ბუჩაში მომხდარის გამოძიება არ დასრულებულა.
· ბუჩა კიევიდან დაახლოებით 30 კილომეტრში მდებარეობს. 2022 წელს რუსეთის ჯარების უკან დახევის შემდეგ, ქალაქში მრავალი მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი აღმოაჩინეს. გადარჩენილი თვითმხილველები აცხადებდნენ რუსეთის სამხედროების მიერ სიკვდილით მოქალაქეთა მასობრივი დასჯის, ასევე წამებისა და ძარცვის შემთხვევებზე.
· რუსულმა მხარემ უარყო თავისი არმიის მონაწილეობა მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებში და კიევი ინციდენტის დადგმაში დაადანაშაულა.თავდაცვის სამინისტროს ვერსიის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენების გამო, რუსებს სისხლის სამართლის დევნა ემუქრებათ „ყალბი ინფორმაციის“ და „რუსული არმიის დისკრედიტაციის“ მუხლებით.
ფორუმი




