აფხაზეთში პოლიტიკური და საზოგადოებრივი ორგანიზაციები [ ФНЕА“, „АПСНЫ“, „АКЗААРА“, „АРУАА“, „АНД“ და „СОВРЕМЕННОЕ ГОСУДАРСТВО“] ელექტროენერგიის ტარიფების დაგეგმილ ზრდას აპროტესტებენ.
აფხაზეთის [დე ფაქტო – რედ.] ენერგეტიკის სამინისტრომ ბოლო სხდომაზე დაადასტურა წინა წლებში მიღებული გადაწყვეტილების გაგრძელება, რომელიც ელექტროენერგიის ტარიფების ყოველწლიურ ზრდას ითვალისწინებს. უწყების გეგმებით, 2026 წლის 1 იანვრიდან მოქალაქეებს კიდევ უფრო მაღალი გადასახადები ელოდებათ.
განცხადების ხელმომწერთა თქმით, “ხელისუფლების ნაბიჯები ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასა და მოქალაქეთა მხარდაჭერას კი არ ემსახურება, არამედ მოსახლეობის კიდევ უფრო გაღატაკებას იწვევს”.
განცხადების ავტორები აღნიშნავენ, რომ “ახალი მთავრობის საქმიანობაში არ ჩანს არცერთი ეკონომიკური რეფორმა, რომელიც ქვეყანაში შემოსავლების ზრდას და სტაბილურობის უზრუნველყოფას შეუწყობდა ხელს. მათი თქმით, კორუფციის წინააღმდეგ რეალური ნაბიჯები არ გადადგმულა, ხოლო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის გამჭვირვალობა კვლავ პრობლემად რჩება”.
მათივე განცხადებით, ფასების ზრდის, ინფლაციისა და მოსახლეობის გაჭირვების ფონზე ელექტროენერგიის ტარიფების დამატებითი მომატება „ღია ძარცვას“ წარმოადგენს – რეკორდულად მაღალი უპირატესობით, მინისტრებისა და მთავრობის წევრების ხელფასები მატულობს, მაშინ როცა რიგითი მოქალაქეების შემოსავლები ადგილზეა.
განცხადებაში მთავრობის მისამართით დასმულია კითხვა: როგორ შეიძლება ტარიფების გაზრდა, როცა არც ხელფასების, არც პენსიების და არც სოციალური დახმარებების ზრდა საერთოდ არ განიხილება? ორგანიზაციები ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, რომ 2026 წლის ბიუჯეტის პროექტში არ არის გათვალისწინებული საბიუჯეტო თანამშრომლების ხელფასების მატება, მიუხედავად 2024 წელს მიცემული საჯარო დაპირებებისა.
ხელმომწერი სტრუქტურები მთავრობას მოუწოდებენ, უარი თქვას ტარიფების ზრდაზე და ყურადღება გაამახვილოს რეალურ რეფორმებზე, რომლებიც ეროვნული ეკონომიკის გაძლიერებას და მოქალაქეთა კეთილდღეობას უზრუნველყოფს. მათი შეფასებით, ტარიფების ზრდა შესაძლოა ქვეყანაში ახალი სოციალური და პოლიტიკური დაძაბულობის მიზეზი გახდეს.




