თბილისის საკრებულოში „ლელო-ძლიერი საქართველოს“ წევრი ნიკა ჩერქეზიშვილი საკრებულოში ანტიკორუფციული სამუშაო ჯგუფის შექმნის ინიციატივით გამოდის

„ლელო-ძლიერი საქართველოს“ წევრი თბილისი საკრებულოს დეპუტატი ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი საკრებულოში ანტიკორუფციული სამუშაო ჯგუფის შექმნის ინიციატივით გამოვიდა. მან დედაქალაქის მერს ს მიმართა და აღნიშნა, რომ პირადად მისი და მისი გარემოცვის მიმართ, ასევე გაცემულ ნებართვებთან და გადაცემულ ქონებასთან დაკავშირებით არსებობს ძალიან ბევრი კითხვა, რომლებზეც პასუხი ანტიკორუფციულმა სამუშაო ჯგუფმა უნდა გასცეს.
„საზოგადოება, ფაქტობრივად, ყოველდღიურ რეჟიმში ისმენს პროპაგანდისტულ ბრიფინგებს და უყურებს „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნების დაპატიმრებებს კორუფციული დანაშაულების გამო. მათ შორის, საქმე აღძრულია „ქართული ოცნების“ უმაღლესი თანამდებობის პირების წინააღმდეგ, როგორებიც არიან ყოფილი პრემიერ-მინისტრი, თავდაცვის მინისტრი, ინფრასტრუქტურის მინისტრი, გენერალური პროკურორი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი და ა.შ. თქვენ ამბობთ, რომ ებრძვით კორუფციას, მაგრამ საზოგადოება ამას აფასებს, როგორც კლანებს შორის დაპირისპირებას და გავლენების გადანაწილებისთვის ბრძოლას. თბილისის მერიისა და კონკრეტულად თქვენი მისამართით, ბატონო კახა, უამრავი კითხვა არსებობს ამ მიმართულებით. მაგალითად, არის კითხვები ავტობუსების შესაძლო კორუფციულ შესყიდვასთან დაკავშირებით, არის კითხვები გუდიაშვილის მოედნის უპირობო და უკონკურენტო აუქციონის შესახებ, არის კითხვები სამშენებლო ბიზნეს კარტელებთან დაკავშირებით, კერძოდ, ფხაკაძეებისთვის გადაცემული იპოდრომი, წულაიასთვის გადაცემული ვაგონშემკეთებელი ქარხნის ტერიტორია, გოჩა ენუქიძისთვის გადაცემული გმირთა მოედანთან ცათამბჯენის მშენებლობის უფლება. არის კითხვები თქვენი მოადგილის, ირაკლი ხმალაძის, არნახული გამდიდრების და თქვენი გარემოცვის სხვა წევრების შესახებ. სწორედ ამიტომ, ჩვენ დღეს ვითხოვთ თბილისის საკრებულოს ფორმატში შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც შეისწავლის ამ და სხვა ქეისებს და შესაძლო კორუფციის კონკრეტულ ფაქტებს გამოავლენს. თუ „ქართული ოცნება“ რეალურად ებრძვის კორუფციას და ეს არ არის მოჩვენებითი და ფასადური პროცესი, თქვენს ინტერესში უნდა შედიოდეს, რომ ყველაფერი იყოს საჯარო და გამჭვირვალე და ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ თქვენ მხარს დაუჭერთ თბილისის საკრებულოში ანტიკორუფციული სამუშაო ჯგუფის შექმნას“, – განაცხადა ნიკოლოზ ჩერქეზიშვილმა.
მან „ქართული ოცნება“ გააკრიტიკა იმისთვის, რომ ერთი მხრივ საკრებულოს თავმჯდომარემ ოპოზიციასთან თანამშრომლობის მზაობა გამოთქვა და მეორე მხრივ, მისმა პარტიამ „ლელოს“ ასაკრძალად საკონსტიტუციო სარჩელი შეიტანა.
„გუშინ საკრებულოს თავმჯდომარის, ზურაბ აბაშიძის მხრიდან გაჟღერდა დამოკიდებულება, რომ გაქვთ მზაობა საკრებულოს ოპოზიციასთან კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის. ერთი მხრივ ჟღერდებოდა ეს სიტყვები და მეორე მხრივ, თქვენს პოლიტიკურ გუნდს სარჩელი შეჰქონდა საკონსტიტუციო სასამართლოში ჩვენი კოალიციის „ლელო- ძლიერი საქართველოს“ ასაკრძალად. ფიცი მწამს ბოლოს მაკვირვებს ამბავია. დღევანდელი მოცემულობით, ძალთა ბალანსი თბილისის საკრებულოში არის 42/2-ზე და მაინც რატომ უფრთხით ჩვენს პოლიტიკურ ძალას, დასკვნები საზოგადოებამ გააკეთოს. ალბათ იმიტომ, რომ მთავარია ერთიანობა, რაოდენობას მნიშვნელობა არ აქვს და დღეს „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდი არ არის ერთიანი“, – განაცხადა ჩერქეზიშვილმა.
კალაძემ ჩერქეზიშვილს მოუწოდა, ან ბრალდებების შესაბამისი დოკუმენტაცია წარმოადგინოს ან ბოდიში მოიხადოს იმ შემთხვევაში „თუ არის კეთილსინდისიერი პოლიტიკოსი“.
„მაინტერესებს ვაგონშემკეთებელ ქარხანასთან დაკავშირებით მერიამ რა გადასცა წულაიას, თქვენ ხომ საჯაროდ განაცხადეთ ეს? წარმოადგინეთ კონკრეტული დამადასტურებელი საბუთები იმასთან დაკავშირებით, რომ მერიამ წულაიას ვაგონშემკეთებელი ქარხანა გადასცა ან იპოდრომი გადასცა ფხაკაძეებს, ან ბოდიში მოიხადეთ, თუ კეთილსინდისიერი პოლიტიკოსი ბრძანდებით“, – განაცხადა კალაძემ.