გვინდა, რომ უნივერსიტეტებში სტუდენტების მიღება შრომის ბაზრის ანალიზს დაეფუძნოს და ამ ანალიზის განხორციელებაში გვჭირდება ბიზნესის დახმარება, მხარდაჭერა და დღეს ჩვენ შევთანხმდით, რომ ეს ანალიზი მომზადდება სწორედ ხელისუფლებისა და ბიზნესის ერთობლივი ჩართულობით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ხელისუფლების მიზანია, შრომის ბაზარზე მორგებით გადანაწილდეს კვოტები – სპეციალობებისა და უნივერსიტეტების მიხედვით.
„საინტერესო შეხვედრა გვქონდა საქართველოს ბიზნესასოციაციის წარმომადგენლებთან. გავაცანით ასოციაციის წარმომადგენლებს და ბიზნესმენებს კონცეფციის შინაარსი, დეტალურად განვიხილეთ 7-ვე პუნქტი, რომელსაც ეს კონცეფცია მოიცავს. ასევე, გვქონდა საუბარი კონკრეტულ საკითხზე, რომელიც შრომის ბაზრის ანალიზია. ჩვენ გვინდა, რომ უნივერსიტეტებში სტუდენტების მიღება შრომის ბაზრის ანალიზს დაეფუძნოს და ამ ანალიზის განხორციელებაში გვჭირდება, ბუნებრივია, ბიზნესის დახმარება და მხარდაჭერა და დღეს, ჩვენ შევთანხმდით, რომ ეს ანალიზი მომზადდება სწორედ ხელისუფლებისა და ბიზნესის ერთობლივი ჩართულობითა და თანამონაწილეობით. ბუნებრივია, უმაღლესი განათლების რეფორმას აქვს საგანგებო მნიშვნელობა ბიზნესისთვის, როგორც მოგეხსენებათ, არსებითად ქვეყანაში არის 2 დამსაქმებელი – საჯარო და კერძო სექტორი, აქედან გამომდინარე განათლების რეფორმის განხორციელებაში კერძო სექტორის ჩართულობა არის მნიშვნელოვანი.
ბევრი მიმართულებით არის დეფიციტი, არის დისციპლინები, სადაც სტუდენტები ჭარბად მიიღება და არის დისციპლინები, სადაც არის სერიოზული დეფიციტი, ანუ შრომის ბაზარზე არის საკმაოდ მაღალი მოთხოვნა და არის მაღალშემოსავლიანი პროფესიები, თუმცა სამწუხაროდ სტუდენტები ნაკლებად ირჩევენ ასეთ სპეციალობებს. ჩვენ გვინდა, რომ სწორად დავაბალანსოთ ეს საკითხი და მაქსიმალურად შრომის ბაზარზე მორგებით გადავანაწილოთ კვოტები დისციპლინებისა და უნივერსიტეტების მიხედვით“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ასევე, ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა მის მიერვე მთავრობის სხდომაზე დაანონსებულ ქვეყნის განვითარების 10-წლიანი სტრატეგიის შემუშავებას. მისი თქმით, აღნიშნული სტრატეგიით ზუსტად გვეცოდინება თუ რა შედეგზე უნდა გავიდეს სახელმწიფო 10 წელიწადში.
„მოქმედი სტრატეგია შედგენილი იყო 2030-ჩათვლით, რაც შეეხება ახალ სტრატეგიას, ის მომზადდება მომდევნო 10-წლიანი პერიოდისთვის 2026-2035 წლებისთვის, შესაბამისად აქ იქნება ასახული შემდეგი 10 წლის პრიორიტეტები.
მე ასე მაქვს წარმოდგენილი, რომ ეს დოკუმენტი ლაკონიური უნდა იყოს და კომპაქტურად უნდა იყოს წარმოდგენილი თითოეული პრიორიტეტი, ზუსტად უნდა ვიცოდეთ დღევანდელი დღიდან თუ რა შედეგზე უნდა გავიდეთ 10 წელიწადში“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.




