ჩვენ რომ გვქონდა კითხვები იგივე ჩანაცვლებით თერაპიასთან დაკავშირებით, ფსიქოტროპულ მედიკამენტებთან დაკავშირებით, საერთოდ გავაუქმეთ კერძო სუბიექტების მიერ ჩანაცვლებითი თერაპიის განხორციელების პრაქტიკა და ფსიქოტროპული მედიკამენტების შემოტანის პრაქტიკა. სადაც გვქონდა ეჭვები, ზომებიც მივიღეთ, – ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც ზურაბ აზარაშვილის მინისტრობის დროს ჯანდაცვის სფეროში შესყიდვებით საგამოძიებო უწყებების შესაძლო დაინტერესებას შეეხებოდა.
ამასთან, კობახიძემ ჟურნალისტს მიმართა: „თუ გაქვთ ეჭვები კორუფციის შესახებ, მზად ვართ, რომ ყველაფერში ჩავიხედოთ, ყველაფერში ჩავერიოთ და ყველაფერზე გიპასუხოთ“.
„სხვადასხვა მიმართულებით შეიძლება გამოძიება დაინტერესდეს, კონკრეტულად არ ვსაუბრობ ამაზე. მაგალითად, ჩვენ რომ გვქონდა კითხვები იგივე ჩანაცვლებით თერაპიასთან დაკავშირებით, ფსიქოტროპულ მედიკამენტებთან დაკავშირებით, საერთოდ გავაუქმეთ კერძო სუბიექტების მიერ ჩანაცვლებითი თერაპიის განხორციელების პრაქტიკა და ფსიქოტროპული მედიკამენტების შემოტანის პრაქტიკა. სადაც გვქონდა ეჭვები, ზომებიც მივიღეთ. ამ ორი წლის განმავლობაში უამრავი ზომა მივიღეთ იმისთვის, რომ მაქსიმალურად აგვერიდებინა ყველანაირი საფრთხე, რომელიც კორუფციასთან არის დაკავშირებული. თუ ვინმე მოგვაწვდის ინფორმაციას, რომ სადღაც რაღაც კორუფცია იყო, მზად ვართ, რომ თქვენთან ერთად ჩავიხედოთ ყველაფერში. ეს არის ჩვენი დამოკიდებულება“, – განაცხადა კობახიძემ.
ამასთან, ჟურნალისტების კითხვაზე: იყო თუ არა ზურაბ აზარაშვილი დაკითხვაზე დაბარებული, კობახიძის თქმით, ნებისმიერი ადამიანის დაკითხვა არის შესაბამისი უწყების საქმე.
„ვერ გეტყვით, შესაბამისი უწყებების საქმეა ნებისმიერი ადამიანის დაკითხვა. ვინ იყო დაბარებული, ვინ არა, ეს მე არ ვიცი. შეგიძლიათ დაინტერესდეთ შესაბამის უწყებებთან. ჩვენ გვაქვს მარტივი მიდგომა. არსად თვალს არ დავხუჭავთ, არაფერთან დაკავშირებით, წარსულში იყო, დღესაა თუ ხვალაა. მოგვაწოდეთ ნებისმიერი ინფორმაცია, თუ გაქვთ ეჭვები კორუფციის შესახებ და მზად ვართ, რომ ყველაფერში ჩავიხედოთ, ყველაფერში ჩავერიოთ და ყველაფერზე გიპასუხოთ“,- განაცხადა კობახიძემ.




