მოძრაობა “სოციალური დემოკრატიისთვის” აქვეყნებს ჭიათურელი თენგო გველესიანის წერილს, რომელიც მან ციხიდან გამოაგზავნა.
გველესიანი, რომელიც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით 6 თვეზე მეტია დაკავებულია, საუბრობს პოლიტიკურ პატიმრობაზე, ჭიათურაში მიმდინარე პროტესტზე, ეკონომიკურ და სოციალურ პრობლემებზე, ქვეყანაში არსებულ კრიზისზე, რეპრესიულ პოლიტიკაზე და ოჯახზე. გველესიანი აქტიურად იყო ჩართული ჭიათურელი მაღაროელების პროტესტში.
“ვარ ჭიათურელი გველესიანი, ქართველი, დაბადებული 1989 წლის 12 ნოემბერს. პროფესია: ეკონომისტი. დაოჯახებული – ორი პრინცესას მამა. რომ ვამბობ ორი პრინცესა, აქედან პატარა ჯერ ნანახიც არ მყავს და სწორედ ეს არის ამ უსამართლობაში ყველაზე დიდი უსამართლობა. მე მინდა დავიწყო ბოდიშით. ეს ბოდიში ეკუთვნის იმ ერთადერთ ადამიანს, ვისთანაც მე დამნაშავე ვარ. იმიტომ, რომ არ ვიყავი მის გვერდით, როდესაც ამ ქვეყანას მოევლინა. ამისთვის ბოდიში, ლიტა. თუმცა, პირობას გაძლევ, აუცილებლად, ყველაფერს მოგიყვები და ყველაფერს გამოვასწორებ (ლიტა დაიბადა 30 ივნის, როდესაც მე ვიმყოფებოდი ამ უკანონო პატიმრობაში)”, – ასე იწყება გველესიანის ტექსტი, რომელიც გამოქვეყნდა გზეთში “სოციალური დემოკრატიისთვის”.
ბრალდება
“მედავებიან ადამიანის ცემას, კონკრეტულად, ჯგუფურ ძალადობას, ადამიანის, რომელიც ნანახიც კი არ მყავს. შესაბამისად, რაღაც პირადი ინტერესებიც კი ვერ მექნებოდა „დაზარალებულის“ მიმართ, რადგან „დაზარალებულს“ არ ვიცნობ და რაც არ უნდა უცნაური იყოს, ყოველივე ამ ფაქტს ვიგებ ტელევიზიიდან, კონკრეტულად „TV იმედი“-დან.
თუმცა, აქაც რაღაც კომიკური ფაქტი დაფიქსირდა: პირველად მოწოდებულ ინფორმაციაში ეწერა აქციის სხვა მონაწილე პიროვნებების სახელი და გვარები, თუმცა მალევე გაიგეს, რომ ის პიროვნებები თბილისში იმყოფებოდნენ და ამიტომ ისინი ამოიღეს ბრალდებულთა სიიდან და ორი სხვა პიროვნებით ჩაგვანაცვლეს, რომლებიც ახლოსაც კი არ ვყოფილვართ ამ ინციდენტის შემთხვევის ადგილზე”, – ამბობს გველესიანი.
ჭიათურის პროტესტი
“მაშინ, როცა უხელფასოდ, საკვების გარეშე დატოვებული ადამიანები ქუჩაში გამოვიდნენ, ამ ყველაფერს თან დაურთეს მათი უკანონოდ სამსახურიდან განთავისუფლება, რასაც ემატება ქვეყანაში გამეფებული პრობლემა, ბანკის ვალი და ფიქრები, რომ მალე უბრალოდ ქუჩაში დარჩენა მოუწევდათ.
სწორედ ამ დროს მოგვეცა იმ რაღაც მინიმუმის კეთების შესაძლებლობა, რა დროსაც პირველად დავინახე იმედის ნაპერწკალი მათ თვალებში. ეს იმდენად დიდი ბედნიერება იყო, დღემდე რაღაც კადრებად მომყვება, თითქოს გუშინ მოხდა და ამ ნაპერწკალს მალე დიდ ცეცხლად ვაქცევთ. ცეცხლი, რომელიც ჩვენს წინააღმდეგ მყოფ ხალხს დაანახებს იმ რეალობას, რომ უკან დასახევი გზა აღარ გვაქვს. ჩვენ უბრალოდ ერთმანეთს ერთობის ხელი უნდა გავუწოდოთ”, – წერია გველესიანის წერილში.
პატიმრობა პოლიტიკური ნიშნით
“დავიწყებ იმით, რომ არ მივეკუთვნები არცერთ პოლიტიკურ პარტიას – არც ახლა და არც არასდროს. ყოველთვის, როდესაც მქონდა შესაძლებლობა, ვიდექი სადაც საჭირო იყო, რათა ჩემი, როგორც რიგითი მოქალაქის პასუხისმგებლობიდან გამომდინარე დამეფიქსირებინა აზრი და გვერდით დავდგომოდი იმ ადამიანებს, რომლებმა ხმა აიმაღლეს უსამართლობაზე. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ვიდექი ჩემი თანამოქალაქეების, ჩემი მეგობრებისა და რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, მშრომელი ადამიანების უფლებების დასაცავად. ამ ფაქტიდან გამომდინარე ვარ პოლიტიკური ნიშით, უკანონოდ დაკავებული. ჩემი შეხედულებით, მე ვარ ჩვენს ქვეყანაში არსებული პოლიტიკის მსხვერპლი”
[…] როგორც უკანონოდ დაკავებულმა პიროვნებამ, მინდა სოლიდარობა გამოვუცხადო ყველა უკანონოდ დაკავებულ ადამიანს – არ აქვს მნიშვნელობა პოლიტიკური ნიშნით, თუ სხვა რაიმე ინტერესით. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენს სამშობლოში ამჟამად მრავლად სუფევს ასეთი პრობლემები.
[…] მეც არანაირი შეხება არ მქონია სასამართლოსთან. თუმცა სწორედ აქ ვართ ახლა, მიუხედავად იმისა, რომ სრულიად უდანაშაულოდ ვიმყოფები ციხეში. უკვე რაღაც ფორმით ვფლობ კონსტიტუციას, მათ შორის სისხლის სამართალსაც. შეიძლება ითქვას, აქამდე რომ მოვედით, კიდევ რაღაცნაირად ჯდებოდა კანონის უზენაესობის ჩარჩოში; შეიძლება ითქვას, რომ კანონი ჩვენს წინააღმდეგ მთელი სიმკაცრით აამუშავეს. თუმცა უკვე ძალიან ცოტა დრო რჩება, რომ ეს ყველაფერი გასცდეს სამართლებრივ, მორალურ, ჰუმანურ ზღვარს. ეს ცუდია და საბოლოოდ ნეგატიურ შედეგებს მოიტანს”, – წერს გველესიანი.
სახელმწიფოს როლი პროტესტის დროს
“ყურადღება ნაკლებად ერქვა იმ ყველაფერს, თუმცა იყო გამოხმაურება, რომელიც ერთი-ერთში ჰგავდა კომპანიის ინტერესებს. მეტიც, მთელი რიგი სამინისტროები იყო ოფიციალურად ჩართული, მათ შორის, სახალხო დამცველის აპარატიც და აქვე ვიტყვი, რომ თითქმის აქეთ დასაცავია ეს ვითომ სახალხო დამცველი
[…] გამოდის, რომ ყველა ჩართულია და დაკავშირებულია კომპანიასთან, რომელიც საშინლად ექცევა ქალაქს და მომუშავე ადამიანებს. კიდევ უფრო მკაფიოდ გამოჩნდა მათი ბინძური ინტერესები, რომ რეალურად ერთნი არიან სხვა და სხვა სახელებით და ვიწრო ბინძური ინტერესებით. ესეც მათი პირდაპირი ჩართულობაა, რაც ჩანდა მთელი რიგი სახელმწიფო უწყებების მხრიდან, თუმცა ირიბად ყველანი დაკავშირებული იყვნენ ამ პროცესთან. ერთადერთი პირდაპირი კავშირი არ ყოფილა”, – აცხადებს გველესიანი.
პროპაგანდა პროტესტში ჩართული მაღაროელების წინააღმდეგ
“ადამიანები ამ უკიდურეს მდგომარეობამდე მიიყვანეს, ქალაქი განადგურების პირასაა, რასაც უბრალოდ სიტყვაც არ შეესაბამება, რომ სწორი სახელი დაარქვა. ამ რეალურ პრობლემებზე ვითხოვდით სახელმწიფოს ჩართულობას, რომ გვერდში დასდგომოდა მაღაროელთა პატარა, ლამაზ ქალაქს. საბოლოოდ, მათი პროპაგანდა იყო ის, რომ ჩვენ თვალი და ენა თუ გვაქვს, თუ რეალურ პრობლემებზე ხმა ავიმაღლეთ, მათი თქმით, ვიღაც გვმართავდა, თუმცა ვისგან ვიმართებოდით ან როგორ, ამაზე პასუხი არ ჰქონდათ.
არ იმჩნევდნენ და არ აღიარებდნენ, რომ ჩვენს თითოეულ ნაბიჯს აკვირდებოდნენ და გვისმენდნენ. ვფიქრობ, რომ ამ ინტერვიუსაც გაეცნობიან და მინდა მივმართო მათ: კი, მართლები იყავით, „ვიმართებოდით“, მაგრამ არა იქიდან, თქვენი ფიქრები და აზროვნება რომ ვერ ცდება, არამედ ჩვენ ვიმართებოდით ჩვენი ოჯახებიდან, მშობლებიდან, რომლებმაც ჩვენ გაგვზარდეს, გვასწავლეს ჩვენი ოჯახის, ჩვენი ქალაქის, ჩვენი ქვეყნის სიყვარული. მათ არ უსწავლებიათ, ზურგი გვექცია გაჭირვებაში მყოფი მეგობრებისთვის, მიგვეტოვებინა და დავმალულიყავით.
ამიტომაც თქვენ ჩვენ ვერასდროს დაგვამარცხებთ. შეიძლება ბრძოლა სადღაც დავთმოთ მხოლოდ იმიტომ, რომ ეს უბრალოდ გვიადვილებს საბოლოო გამარჯვებას. ამიტომ ცოტა მეტი ღირსეული ხერხებით გირჩევთ ამ ბრძოლის გაგრძელებას, რადგან ბოლოს ჩვენი ამოსაყვანი იქნებით მაგ ფსკერიდან, საითაც თქვენ დიდი სისწრაფით მიექანებით”, – წერს გველესიანი.
პოლიტიკური ვითარება
“ძნელია სათანადო სახელი მოუძებნო ამ ყველაფერს [ქვეყანაში არსებულ ვითარებას]. ეს არ არის მხოლოდ ერთი პარტიის ბრალი, ან მხოლოდ მმართველი პოლიტიკური ძალის. ეს მთლიანად, პოლიტიკური სპექტრის დაუდევრობაა. მათი მახინჯი პოლიტიკის მსხვერპლია ჩვენი ქვეყანა და ქართველ ერი. თავიანთი ბოროტებით, თავიანთი უცოდინარობით რაღაც საშინელი ვირუსი შეჰყარეს ჩვენს ქვეყანას. ვირუსი – ალბათ, ეს ყველაზე ზუსტად და სწორად შეესაბამება ამჟამინდელ სიტუაციას […]
ვირუსისგან განსაკურნებლად, როგორც მედიცინაშია, ისევ ვირუსისგან აღებული შრატით თუ განკურნავენ და სწორედ ეს უნდა მოხდეს. სხვა ნებისმიერი მცდელობა ფუჭია და კიდევ უფრო მომაკვდინებელი გახდება ეს ვირუსი ჩვენი ქვეყნისთვის.
ზუსტად იქ და იქიდან უნდა შეიქმნას ეს შრატი, სადაც ყველაზე მეტად მძიმე და კრიტიკულია ეს მდგომარეობა. სწორედ იქ ვიდექით მე და ჩემი თანამებრძოლები. უფრო მეტად ცხადი რომ იყოს ეს ყველაფერი, გაეცანით ჭიათურის დღევანდელ ვითარებას და ამ ქალაქში დასაქმებული ადამიანების მდგომარეობას”, – წერს გველესიანი.
“ბოდიში სამშობლოს”
თუ სამართლიანობას ვითხოვთ და სიმართლეს ვიძახით, მაშინ ეს სიმართლე არის “ბ ო დ ი შ ი”. ბოდიში უნდა მოვუხადოთ ჩვენს სამშობლოს, რადგანაც მთელ რიგ ადამიანებს მივეცით და ვაძლევთ უფლებას, რომ ესეთ მდგომარეობაში არის ჩვენი ქვეყანა. პირადად ჩემთვის, სამშობლო ჩემი დიდი ოჯახია. როდესაც ოჯახში პრობლემები სუფევს, მუშტი-კრივით, ლანძღვით ვერ დაალაგებ სიტუაციას და ვერც სხვა მეზობლის ჩარევით, რაც არ უნდა კარგი მეზობელი გვყავდეს. ვერც იმით მოაგვარებ, თუ ამ პრობლემაზე ხმამაღლა იყვირებ და იწუწუნებ. ვერც დუმილით, რა თქმა უნდა. ანუ მცდარია, ჩემი აზრით, ყველა ის გზა, თუ ჩვენ ვაჩვენებთ, რა ცუდი ოჯახის წევრი გვყავს და „მოდი შენ, ჩვენო მეზობელო, დაგვილაგეთ ოჯახში საქმეები”.
პირადი გამოცდილებიდან ვიტყვი: როდესაც მართალ საქმეს აკეთებ, რაც უფრო მძიმეა სიტუაცია, ღმერთი მით უფრო შენთან ახლოსაა. მაგრამ გაჩერებით ერთი წუთით არ უნდა გაჩერდე, რადგანაც მერე უფრო ნაკლებ დროში გიწევს მეტი და უფრო რთული საქმის კეთება”.
თენგო გველესიანის ტექსტი სრულად შეგიძლიათ ნახოთ ამ ბმულზე: “გაზეთი სოცილაური დემოკრატიისთვის”
მიმართვა თანამებრძოლებს
მე მინდა მივმართო ჩემს თანამებრძოლებს და ვუთხრა: ვამაყობ, რომ თქვენს გვერდით ვიდექი, როდესაც თავისუფლებაზე ვიყავი, როდესაც ამ დიდ უსამართლობას დავუპირისპირდით. ეს იყო და არის ერთადერთი სწორი გზა და ფორმა, რაც კი ჩვენს ხელთ არსებობს.
ჩვენ ვერავის მოვთხოვთ გმირობას, ვერც დავავალებთ ამას. ჩვენ შეგვიძლია სარკე ვიყოთ და თავიანთი თავი დავანახოთ იმ ადამიანებს, ვინც ამ საერთო ბრძოლას ზურგი აქცია.
ჩვენ ყველაზე კარგად ვიცით, რატომ, რის გამო მოუწიათ ამ გადაწყვეტილების მიღება. ისევ და ისევ ჩვენი ვალია, მათ სწორი მხარე ვაჩვენოთ, არ გავწიროთ იმ უფსკრულისკენ მიმავალ გზაზე, საითაც ის ბოროტი ძალები მიექანებიან
თენგო გველესიანი 2025 წლის 29 აპრილს დააკავეს. მასთან ერთად დააკავეს ორი მაღაროელი – მერაბ სარალიძესა და აჩიკო ჭუმბურიძე, ასევე, შუქრუთის პროტესტის მონაწილე გიორგი ნეფარიძე. პროკურატურა მათ 28 ნოემბერს, შუქრუთის მაღაროს დირექტორზე, თენგიზ კობერიძეზე ჯგუფურ ძალადობას ედავება. მათგან ორს, სარალიძესა და ნეფარიძეს – ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას.
ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაში ბრალდებულებს (სარალიძე, ნეფარიძე) 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ, ამ ძალადობრივ ქმედებებში მონაწილეობაში ბრალდებულებს (გველესიანი, ჭუმბურიძე) კი – 4-დან 6 წლამდე.




