ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპის ბოლო, მესამე ტურში საქართველოს ნაკრებმა ბოსნია-ჰერცეგოვინა 22:19 დაამარცხა.
ტიტე კალანდაძის გუნდი თავიდან 6 ბურთის სხვაობით აგებდა, მაგრამ გარდატეხა მოახერხა და პირველი ტაიმი 9:9 დასრულდა. შესვენების შემდეგ ბოსნია 3 ბურთით დაწინაურდა, შემდეგ მეკარე ზურაბ ცინცაძემ ზედიზედ ორი პენალტი მოიგერია, ორჯერ დამატებაზე არ გაატანინა მეტოქეს, ორჯერ საგოლე პასი გააკეთა, ქართველმა ხელბურთელებმა შეტევაში თამაში ისევ გამოასწორეს და გაიმარჯვეს.
ჩვენი გუნდიდან 7 გოლით ყველაზე შედეგიანი გიორგი ცხოვრებაძე იყო, 5 გოლი გიორგი დიხამინჯიამ გაიტანა, მატჩის საუკეთესო მოთამაშე კი ცინცაძე გახდა.