ლევან სანიკიძე – „ლელოსთან“ ხვეწნას არ ვაპირებთ, ჩვენ რუსთაველის გამზირზე შეკრებილებთან გვინდა შეთანხმება – რაც შეეხება გახარიას პარტიას, თუ ჩვენ თვითონ ავიკრძალეთ თავი, გახარიამ თავი თავად გაიქცია? სამხარაძეს თავი თავად აცემინა?

„ქართულ ოცნებას“ პირველ ვერსიაში ჰქონდა პოლიტიკოსთა სია, რომლებისთვისაც პოლიტიკური საქმიანობა უნდა შეეზღუდა, მაგრამ პაუზა აიღეს, რადგან შეიძლება „ოცნებას“ ევროკავშირში გაწევრიანება, დემოკრატია და ადამიანის უფლებების დაცვა არ უნდოდეს, მაგრამ დასავლეთთან ეკონომიკური ურთიერთობის დანგრევა არ სურს, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან სანიკიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ სტუმრობისას განაცხადა, რითაც „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებულ საკონსტიტუციო სარჩელს გამოეხმაურა, რომლითაც მმართველი პარტია 3 პოლიტიკური სუბიექტის, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“ აკრძალვას ითხოვს.
მისი თქმით, როდესაც ქვეყანაში აღარ არსებობს დემოკრატიის ნასახი, როდესაც გაუქმებულია, პარტიული საქმიანობა აზრს კარგავს.
„იურიდიული რეგისტრაციის გაუქმება, შესაძლოა, ვიღაცისთვის იყოს პრობლემური. პოლიტიკური პარტია არსებობს იმისათვის, რომ ხალხის ინტერესები გაატაროს სხვადასხვა წარმომადგენლობით ორგანოში, თუ იქნება შესაძლებლობა, მოიპოვოს უმრავლესობა ან კოალიციის ფორმირებაში მიიღოს მონაწილეობა და ხელისუფლებაში მოვიდეს, მაგრამ როდესაც ქვეყანაში აღარ არსებობს დემოკრატიის ნასახი, როდესაც გაუქმებულია, ეს ყველაფერი აზრს კარგავს. რაც შეეხება სამოქმედო გეგმას, აქტიურად ვმუშაობთ, რომ საქართველოში ჩვენი რეგისტრაციის გაუქმება ქვეყნის გარეთ იმ პოლიტიკურ ოჯახებში არ აისახოს, რომლის წევრიც „ნაციონალური მოძრაობაა“. პირიქით, მეტი სოლიდარობა და შესაძლოა, მეტი პოლიტიკური წონაც შევიძინოთ. რაც შეეხება ქვეყნის შიგნით, ეს ჩვენ მოგვცემს შესაძლებლობას, რომ უფრო მეტი ახალი მიდგომა დაინერგოს.
„ქართულ ოცნებას“ პირველ ვერსიაში ჰქონდა პოლიტიკოსთა სია, რომლებისთვისაც პოლიტიკური საქმიანობა უნდა შეეზღუდა, მაგრამ პაუზა აიღეს, რადგან, შეიძლება „ოცნებას“ ევროკავშირში გაწევრიანება, დემოკრატია და ადამიანის უფლებების დაცვა არ უნდებოდეს, მაგრამ დასავლეთთან ეკონომიკური ურთიერთობის დანგრევა არ სურს. ივანიშვილის ფუნქციაა, რომ საქართველო შავი ხვრელი იყოს სთვის, რომელიც აქ სხვადასხვა სახის მაქინაციებს ჩაატარებს. თუ საქართველო დაკარგავს ამ ფუნქციას, ივანიშვილის ეკონომიკა ჩამოიშლება, რაზეც ყელყელაობდა . შესაბამისად, პერსონალურად პოლიტიკური პირების აკრძალვა უკიდურესი ზომაა და თუ ამ ნაბიჯს გადადგამს, ყველანი მზად ვართ, რომ გაუქმების მიუხედავად, გავაგრძელოთ პოლიტიკური ბრძოლა, მაგრამ ამ ნაბიჯით ივანიშვილი საკუთარ თავს უფრო ავნებს, ვიდრე ჩვენ“, – განაცხადა ლევან სანიკიძემ.
ასევე, ლევან სანიკიძე გამოეხმაურა პარტია „გახარია-საქართველოსთვის“ ლიდერების განცხადებებს, რომ „ოპოზიციურმა პარტიებმა თავი თავად აიკრძალეს“.
„ჩვენ თუ თავად ავიკრძალეთ თავი, გიორგი გახარიამ თავად გაიქცია თავი? ლოგიკა რა არის? გახარია 4 ოქტომბრამდეც ამბობდა, რომ პარლამენტში შევიდოდა, მაგრამ რა გამოდის, გახარიამ თავი დაასჯევინა? გიორგი გახარიამ თავი აცემინა „ოცნების“ დეპუტატ სამხარაძეს? და რატომ შეუბრუნა ხელი? ამ იდიოტიზმს აჟღერებს ეს ხალხი. არავინ არაფერს ეხვეწება, თავიანთ საარჩევნო შედეგს დახედონ, ხმების მესამედი აიღეს. მათ თუ ვინმესთან ბოდიში აქვთ მოსახდელი, თავიანთ ამომრჩევლებთან მივიდნენ. „ნაციონალურ მოძრობას“ გიორგი გახარიას ბოდიში არ უნდა და არც ვითხოვთ რაიმეს. თუ კი ვინმესთან შეუძლებელია რაიმე ფორმით საუბარი, ეს გუნდია“,- განაცხადა ლევან სანიკიძემ.
ასევე, ლევან სანიკიძე პარტია „ლელოს“ წევრების მიერ გაკეთებულ განცხადებებსაც გამოეხმაურა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ მიმართებაში . მისი თქმით, „ლელო“ არ არის იმ ფორმაში, რომ ის მკაცრი ტონით ვინმეს ესაუბროს.
„ლელოს“ წარმომადგენლების მხრიდან ზღვარგადასული განცხადებები კეთდება ჩვენი რამდენიმე ლიდერის წინააღმდეგ, რომელმაც უკვე შეურაცხყოფის სახე მიიღო. მათ თავის შეკავებას ვურჩევდი, არ არიან ისინი იმ ფორმაში, რომ ამ ტონით ისაუბრონ. ერთიან ფრონტზე საუბარი ამ ხალხთან უბრალოდ შეუძლებელია. გუშინ რომ შებრძანდნენ საკრებულოებში, ეს არის თუ არა დამატებითი პრობლემა? – რა თქმა უნდა. არავინ არაფერს არ დაივიწყებს, არავისგან არ ვითხოვთ ცოდვების აღიარებას, მაგრამ ვისთანაც შესაძლებელია მოვრიგდებით. ჩვენი სტრატეგია რაც იყო, ის იქნება – უკომპრომისო ბრძოლა ივანიშვილის ხელისუფლებასთან.
რაც შეეხება „ლელოს“ პოზიციას, რომ ხელისუფლების ცვლილების ერთადერთი გზა არჩევნებია, როდესაც ივანიშვილი არა თუ წესიერ არჩევნებს არ გიტარებს, არამედ გეუბნება, რომ 2028 წლამდე არჩევნები არ იქნება და როცა იქნება, მაშინ ბიულეტენზეც არ ეწერები, ეს მსჯელობა სასაცილო ხომ არ არის? „ნაციონალური მოძრაობა“ არავისთვის ხვეწნა-მუდარას არ აპირებს, განსაკუთრებით კი „ლელოსათვის“. ჩვენ კოლექტიურ რუსთაველის გამზირზე შეკრებილებთან გვინდა, შეთანხმება საერთო წერტილებზე, რადგან რუსთაველის გამზირი მთავარი კერაა“, – განაცხადა ლევან სანიკიძემ.
მისივე შეფასებით, ზოგიერთი ოპოზიციური პარტიისთვის „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ ბრძოლა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ივანიშვილის ხელისუფლების წინააღმდეგ“.
„ეს სახარბიელო არ არის, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობა“ ამ პოზიციაში ყოფნას მიჩვეულია. ზოგიერთი ოპოზიციური პარტიისთვის „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ ბრძოლა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ივანიშვილის ხელისუფლების წინააღმდეგ. ეს არ არის უცნობი. თუ კი ვინმეს თანმიმდევრული ბრძოლის გამოცდილება აქვს ბიძინა ივანიშვილთან „ნაციონალური მოძრაობაა“, რომელმაც ეს 2012 წლის, 1-ელ ოქტომბერს, საღამოს 21:00 საათზე დაიწყო, დანარჩენები მერე არიან ოპოზიციას დამატებულები. „ნაციონალური მოძრაობა“ შეთანხმდება და მორიგდება იმასთან, ვისაც რამის შნო და უნარი აქვს, რომელთანაც კონსოლიდაციის შესაძლებლობა არსებობს. „ლელო“ თვლის, რომ ბრწყინვალე გადაწყვეტილება მიიღეს არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით. არავის ჯადოსნური ჯოხი არ აქვს, რომ ოპოზიციური ერთობა შექმნას. ოპოზიციური ერთობა კი კონკრეტულ პრინციპებზე უნდა იყოს დაფუძნებული. მაგრამ, ამ წუთის მდგომარეობით მზაობას ვერ ვხედავ ოპოზიციურ პარტიებში, რომ ამის სურვილი არსებობდეს“,- განაცხადა ლევან სანიკიძემ.
რაც შეეხება 26 ოქტომბერს, თბილისში გამართულ აქციას და კითხვას, რატომ დარჩა „ნაციონალური მოძრაობა“ უკმაყოფილო და ვისკენ იყო მიმართული განცხადება, რომ „აქციის მითვისება უმადური საქმეა“, ლევან სანიკიძე მიიჩნევს, რომ 2024 წლის 26 ოქტომბერს ჩატარებულ არჩევნებში, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ განსაკუთრებული ზიანი მიიღო, ამიტომ როდესაც 26 ოქტომბრის არჩევნებზეა საუბარი, იქ „ნაციონალური მოძრაობის“ ხმა უნდა ისმოდეს.
„როდესაც 26 ოქტომბრის არჩევნების გაყალბებაზეა საუბარი, თუ კი ვინმემ მიიღო ამ დღეს განსაკუთრებული ზიანი, ეს იყო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. ამიტომ, როდესაც 26 ოქტომბრის არჩევნების გაყალბებაზე ვსაუბრობთ და იქ „ნაციონალური მოძრაობის“ ხმა არ ისმის და ისმის იმ ხალხის ხმა, რომლებიც ბიულეტენზეც არ იყვნენ, არ მიმაჩნია, რომ ეს რელევანტური და სწორი იყოს“,- განაცხადა ლევან სანიკიძემ.