ვფიქრობ, უახლოს მომავალში ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები და ახალი კონფიგურაცია იქნება, – ამის შესახებ „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ ოპოზიციურ გაერთიანებებთან დაკავშირებით განაცხადა.
კერძოდ, ხატია დეკანოიძემ უპასუხა კითხვას, არის თუ არა თეორიული შანსი, რომ „ევროოპტიმისტები“, ნიკა მელია, ნიკა გვარამია, ბაჩო დოლიძე და ნუგზარ წიკლაური ერთ პოლიტიკურ გუნდში ვიხილოთ და აღნიშნა, რომ „თეორიული შანსი ყველაფრისაა”.
„თუმცა ჩვენ ახლა თეორიულ შანსებზე არ ვმსჯელობთ, ჩვენ ვმსჯელობთ იმაზე, როგორ მოვახერხოთ საუკეთესო ფორმულის შექმნა, როგორ წარმოგვიდგენია ჩვენი პოლიტიკური მომავალი. ვნახოთ, ყოველ შემთხვევაში, მე ვადასტურებ, რომ რა თქმა უნდა, საუბრები არის. მე არც ნიკა მელიასთან და არც ნიკა გვარამიასთან კონტაქტი არ გამიწყვეტია.
როდესაც ნიკა გვარამია გათავისუფლდა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან, ასევე, როცა ნიკა მელიას[წინააღმდეგ] უსამართლო ცვლილებები მოხდა პარტიაში და მან დატოვა პარტია, ამის შემდეგაც ჩვენ გვქონდა ძალიან აქტიური კონტაქტი. მე შემიძლია ეს დაგიდასტუროთ. რა თქმა უნდა, სინერგიული ერთობა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ვმსჯელობთ ამ საკითხებზე და მე ვფიქრობ, რომ უახლოს მომავალში ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები, ახალი კონფიგურაცია იქნება და დიდი იმედი მაქვს, რომ საბოლოოდ ასეთი გადაწყვეტილებები თითოეული ჩვენგანის მიერ ძალიან მალე იქნება მიღებული“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
კითხვაზე, თქვენს პოლიტიკურ გეგმებში შედის თუ არა სალომესთან თანამშრომლობა და რა ფორმით, ხატია დეკანოიძე პასუხობს, რომ მსგავსი შეთავაზება სალომე ზურაბიშვილის მხრიდან არ ყოფილა.
„ქალბატონ სალომესთან რამდენიმე კვირაა კონტაქტი არ მქონია, ვერ გეტყვით მისის გადაწყვეტილება როგორი იქნება, აპირებს თუ არა კონკრეტული პოლიტიკური საარჩევნო სუბიექტი იყოს თუ მხარი დაუჭიროს რომელიმე სუბიექტს. მაგრამ მე სიმართლე გითხრათ არ მგონია, რადგან მას ძალიან სერიოზული ბერკეტი აქვს წინასაარჩევნოდ არჩევნებზე მეთვალყურეობის სახით. ამ მხრივ პრეზიდენტის ინსტიტუტი ძალიან მნიშვნელოვანია. მაგალითად სხვადასხვა საკოორდინაციო ჯგუფების მიმართულებით, საერთაშორისო პარტნიორებთან მუდმივი კოორდინაცია და ა.შ. ამ კუთხით მისი ფუნქცია ძალიან საინტერესოა და მნიშვნელოვანი“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.