“ქართული ოცნება” კიდევ ათი წელი გეგმავს ხელისუფლებაში დარჩენას – 12 წლიანი მმართველობის თავზე, ივანიშვილის პარტიამ დაანონსა, რომ გეგმავენ ქვეყნის განვითარების 10 წლიანი სტრატეგია შეიმუშავონ – 2026-2035 წლების ჩათვლით.
ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ შექმნიან ლაკონურ დოკუმენტს, სადაც ყველაფერი კალენდარული სიზუსტით იქნება გაწერილი.
ახლა ჩნდება კითხვა, თუ აქამდე “ოცნება” ხალხს ჰპირდებოდა, რომ 2030 წელს ქვეყანა ევროკავშირის წევრობისთვის იქნებოდა მზად, მაშინ რა საჭიროა დამატებით კიდევ ხუთი წელი?
- ცნობისთვის, კობახიძის წინამორბედმა, ამჟამად ბრალდებულმა ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობამ 2023 წელს დაამტკიცა საქართველოს განვითარების სტრატეგია „ხედვა — 2030“.
„გვინდა, რომ დავიწყოთ მუშაობა ქვეყნის განვითარების 10-წლიან სტრატეგიაზე 2026-2035 წლების ჩათვლით. გვინდა, რომ მოვამზადოთ დოკუმენტი, რომელსაც დაეფუძნება ქვეყნის განვითარება ყველა მიმართულებით. ჩემი წარმოდგენით ეს უნდა იყო ლაკონიური დოკუმენტი, რომელშიც იქნება გაწერილი ძალიან კონკრეტული ამოცანები და მიზნები და ამ მიზნებისა და ამოცანების განხორციელების ვადები.
მეტი დეტალი საზოგადოებისთვის გახდება ცნობილი მოგვიანებით. ვფიქრობთ, რომ უახლოეს მომავალში შესაძლებელი გახდება ამ დოკუმენტზე მუშაობის დასრულება და გამოქვეყნდება. ჩვენ გვექნება ძალიან კონკრეტული გზამკვლევი, რომლის მიხედვითაც უზრუნველვყოფთ მომდევნო წლების განმავლობაში ჩვენი ქვეყნის თანმიმდევრულ და სტაბილურ განვითარებას. აქედანვე დასაწყებია ამ დოკუმენტზე მუშაობა, რათა ჩვენ მივიღოთ ხარისხიანი გზამკვლევი ჩვენი სამომავლო საქმიანობისთვის“, – თქვა ირაკლი კობახიძემ.
 
				 
								
 
								


