საჯარო სამსახურში დასაქმებულ პირებს დამატებით ანაზღაურებადი საქმიანობის განხორციელება 1-ელი ნოემბრიდან მხოლოდ დაწესებულების ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობით შეეძლებათ

საჯარო სამსახურში დასაქმებულ პირებს დამატებითი საქმიანობის განხორციელება და ამ საქმიანობისთვის ანაზღაურების მიღება 1-ელი ნოემბრიდან მხოლოდ დაწესებულების ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობით შეეძლებათ.
კანონში შესაბამისი ცვლილება უკვე აისახა და მას მიხეილ ყაველაშვილმა ხელი 29 ოქტომბერს მოაწერა.
კანონის მიხედვით, ასეთი წერილობითი თანხმობა მხოლოდ ერთი წლის ვადით გაიცემა. დოკუმენტის თანახმად, იგივე პრინციპი მოსამართლეებზეც გავრცელდება.
„საჯარო მოსამსახურეს (გარდა საქართველოს პრეზიდენტისა, საქართველოს პარლამენტის წევრისა და საქართველოს მთავრობის წევრისა) არ აქვს უფლება, ასრულებდეს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს (გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური, შემოქმედებითი საქმიანობებისა ან საქართველოს თავდაცვის ძალების რეზერვში საქმიანობისა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში დასაქმებული პირის მიერ სამედიცინო ან საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში ან საავიაციო სფეროს სახელმწიფო ან სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოში განხორციელებული საქმიანობისა, აგრეთვე საზღვარგარეთ საერთაშორისო ორგანიზაციაში არსებულ თანამდებობაზე საქმიანობისა, რომელიც ხორციელდება საერთაშორისო პარტნიორობის ან/და სამშვიდობო ოპერაციის მიზნების შესასრულებლად, ხოლო საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს საპენსიო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის შემთხვევაში − საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭოს წევრის საქმიანობისა).
ამასთანავე, საჯარო მოსამსახურეს (გარდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირისა და პოლიტიკური თანამდებობის პირისა) უფლება აქვს, ახორციელებდეს ანაზღაურებად სამეცნიერო, პედაგოგიურ, შემოქმედებით საქმიანობას მხოლოდ შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის/ორგანოს მიერ კონკრეტული საქმიანობის შესაბამისი ვადით, მაგრამ ერთჯერადად, არაუმეტეს 1 წლით გაცემული წერილობითი თანხმობის საფუძველზე, ხოლო „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული აკადემიური თანამდებობის დაკავება მას შეუძლია მხოლოდ შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის/ორგანოს მიერ კონკრეტული საქმიანობის შესაბამისი ვადით გაცემული წერილობითი თანხმობის საფუძველზე. აღნიშნული თანხმობების გაცემის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღება 10 დღის ვადაში და ამ გადაწყვეტილების გასაჩივრება არ აჩერებს მის მოქმედებას.
საჯარო მოსამსახურეს არ აქვს უფლება, ეკავოს სხვა თანამდებობა რომელიმე საჯარო დაწესებულებაში (გარდა საქართველოს თავდაცვის ძალების რეზერვისა, ხოლო საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს საპენსიო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის შემთხვევაში − საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭოს წევრის თანამდებობისა), მმართველობითი/სათათბირო ფუნქციის შესასრულებლად შექმნილ კომისიაში ან საბჭოში (გარდა არაანაზღაურებადი საქმიანობის განხორციელების შემთხვევისა) ან კერძო სამართლის იურიდიულ პირში, ან იყოს ნებისმიერი დონის წარმომადგენლობითი ორგანოს წევრი, ან ასრულებდეს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს ან ეკავოს რაიმე თანამდებობა სხვა ქვეყნის ორგანოში ან დაწესებულებაში”,- ნათქვამია დოკუმენტში.
საჯარო მოსამსახურეს აქამდე მოქმედი კანონითაც არ ჰქონდა უფლება შეესრულებინა რაიმე ანაზღაურებად სამუშაო, თუმცა ეს შეზღუდვა სამეცნიერო, პედაგოგიურ ან შემოქმედებით საქმიანობაზე არ ვრცელდებოდა.
კანონში განხორციელებული ცვლილებებით კი, საჯარო მოსამსახურეს სამეცნიერო, პედაგოგიური, შემოქმედებით საქმიანობა შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ან კანონით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის წერილობითი თანხმობის საფუძველზე შეეძლება.
ამავე კანონით, ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობა დასჭირდებათ საჯარო სამსახურებსა და სსიპ-ებში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირებს იმისთვის, რომ მათ სხვა ანაზღაურებადი სამუშაოდან სარგებლის მიღება შეძლონ.