დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზ მესამემ უმცროს ძმას, იორკის ჰერცოგ პრინც ენდრიუს ყველა ტიტული ჩამოართვა. ენდრიუ დატოვებს უინძორის სასახლეში თავის რეზიდენცია Royal Lodge-საც.
ბუკინჰემის სასახლის მიერ 30 ოქტომბერს, დღის ბოლოს გავრცელებული განცხადებით, ამიერიდან ენდრიუს ეწოდება უბრალოდ, ენდრიუ მაუნტბეტენ-უინძორი.
დიდი ბრიტანეთის მეფის გადაწყვეტილება განაპირობა სკანდალმა, რომელიც უკავშირდება ენდრიუს ურთიერთობას ამერიკელ ფინანსისტთან, სექსუალური ექსპლუატაციის მიზნით არასრულწლოვნებით ვაჭრობასა და სექსუალურ ძალადობაში ბრალდებულ ჯეფრი ეპშტეინთან. 2019 წელს ეპშტეინი ციხის საკანში მკვდარი იპოვეს. ოფიციალური ვერსიით, მან თავი მოიკლა.
პრინც ენდრიუსა და ეპშტეინის მეგობრობა და არასრულწლოვნებთან სექსუალური ურთიერთობა წლებია ყურადღების საგანია. ენდრიუ ძალადობას ყოველთვის უარყოფდა. 2022 წელს დედის, დედოფალ ელისაბედ მეორის თანხმობით პრინც ენდრიუს ჩამოართვეს სამხედრო წოდებები და სამეფო პატრონაჟი მას შემდეგ, რაც პრინცის ადვოკატებმა ამერიკული სასამართლო ვერ დაარწმუნეს, შეეწყვიტა სექსუალური ძალადობის შესახებ ენდრიუს მიმართ არსებული ბრალდების განხილვა.
ბუკინჰემის სასახლის მიერ 30 ოქტომბერს გავრცელებული განცხადების თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ ენდრიუ ბრალდებებს ისევ უარყოფს, მეფემ ზომების მიღება საჭიროდ ჩათვალა და მკაფიოდ უცხადებს ღრმა თანაგრძნობას ნებისმიერი ფორმის ძალადობის მსხვერპლთ.
ფორუმი

 
				 
								
 
								

