გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, იოჰან ვადეფული აშშ-სა და რუსეთს მოუწოდებს, ბირთვული იარაღის გამოცდა არ ჩაატარონ.
„კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ბირთვული იარაღის მქონე ხუთივე სახელმწიფომ გააგრძელოს ბირთვული იარაღის გამოცდასთან დაკავშირებული მორატორიუმის დაცვა. მოვუწოდებ მათ: მორატორიუმი უნდა შენარჩუნდეს”,- განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მისივე თქმით, მოწოდება ასევე ეხება ჩრდილოეთ კორეას, ერთადერთ სახელმწიფოს, რომელიც 21-ე საუკუნეში ბირთვული იარაღის გამოცდას ახორციელებს.
გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, „ის, რაც პრეზიდენტმა ტრამპმა გამოაცხადა, უფრო რეაქციაა იმაზე, რომ რუსეთმა წარსულში გამოიყენა ბირთვული ძრავის მქონე სისტემები”.
მისი განმარტებით, გერმანიის მთავრობას ჯერ კიდევ ბოლომდე არ ესმის, თუ რას გულისხმობდა აშშ-ის პრეზიდენტი.
„ეს საკითხი ჩვენს ამერიკელ კოლეგებთან განსახილველია. ამ ეტაპზე, არ მგონია, რომ საუბარი იყოს ბირთვული ტესტების დაუყოვნებლივ განახლებაზე, რაც, სხვათა შორის, მნიშვნელოვან მომზადებას მოითხოვს“, – აღნიშნა მინისტრმა.
შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ პენტაგონს დაავალა, „დაუყოვნებლივ დაიწყოს შეერთებული შტატების ბირთვული იარაღის გამოცდა“.

 
				 
								
 
								

