ბრიტანულმა კომპანია MattressNextDay-მა გამოაქვეყნა დასვენებისა და გაჯანსაღებისთვის საუკეთესო ევროპული ქალაქების ყოველწლიური რეიტინგი.
კვლევის ავტორები აღნიშნავენ „ძილის ტურიზმის“ მზარდ ტენდენციას — მოგზაურობას, რომლის მთავარი მიზანი ხარისხიანი ძილი და სტრესის შემცირებაა.
ექსპერტებმა 300-ზე მეტი ევროპული ქალაქი შეისწავლეს და ისინი ძილის ხარისხზე მოქმედი რამდენიმე ფაქტორის მიხედვით შეაფასეს: ჰაერის ხარისხი, სინათლისა და ხმაურის დაბინძურება, მწვანე სივრცეების რაოდენობა, ღამის ცხოვრება, ნალექების სიხშირე და ღამის საშუალო ტემპერატურა.
კვლევის შედეგების მიხედვით, ლიდერი გახდა ლიეტუვის დედაქალაქი ვილნიუსი, რომელმაც 10-დან 8.26 ქულა მიიღო.
ქალაქი გამოირჩევა ხელსაყრელი გარემოთი და კომფორტული ძილისთვის ხელსაყრელი კლიმატით — ვილნიუსი 2025 წლის ევროპის მწვანე დედაქალაქად დასახელდა. გარდა ამისა, ქალაქი ცნობილია კომფორტული სასტუმროებითა და განვითარებული სპა ინფრასტრუქტურით.

 
				 
								
 
								

