„ფინანსური პოლიცია“ აცხადებს, რომ სუს-თან ერთად სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დააკავეს ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე, კობა გაბუნია, ხოლო ექს-მინისტრ ირაკლი ქარსელაძის, გაბუნიასა და სხვა პირების ქონება – სულ 18 ობიექტი – გაჩხრიკეს.
კობა გაბუნია სამინისტროში იყო საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის კურატორი – ამ ფონდთან დაკავშირებით უკვე არაერთი მაღალჩინოსანია მიცემული პასუხისგებაში, მათ შორის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი – მას გირაო შეუფარდეს.
ეს ინფორმაცია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დღეს საღამოს, 30 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.
საქმე დავით ტაბიძისა და სხვა მაღალჩინოსნების დაკავებას უკავშირდება აუშენებელი საბავშვო ბაღების საქმეზე – სამივე მათგანს გირაო შეუფარდეს.
„ფინანსური სამსახურის“ უფროსის მოადგილემ, ია ახალაიამ ბრიფინგზე განაცხადა:
· „როგორც უკვე ცნობილია, დაკავებულები იყვნენ სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი დავით ტაბიძე, ფონდის პროგრამის მენეჯერი და ამავე სამსახურის პროექტის მენეჯერი, რომლებმაც სრულად ითანამშრომლეს გამოძიებასთან და მათ აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლოს მიერ გირაო შეეფარდათ.
· საზოგადოებისთვის ასევე ცნობილია, რომ მუნიციპალური განვითარების ფონდიდან, 30 საბავშვო ბაღის რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი 9 365 801 ლარის თაღლითურად დაუფლებისა და 1 211 000 ლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დაკავებულები არიან შპს „ლაგი კაპიტალის“ ხელმძღვანელი პირები“.
ია ახალაიას თანახმადვე, გამოძიების მასალების მიხედვით:
· „ლაგი კაპიტალის“ მიერ 2023 წლის ივლისიდან 2024 წლის მაისამდე პერიოდში, ფონდში წარდგენილი ავანსის მოთხოვნები იყო დაუსაბუთებელი და მხოლოდ ნაწილობრივ უზრუნველყოფილი;
· დასახელებულმა პირებმა, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილის კობა გაბუნიას დავალებით სამსახურებრივი უფლებამოსილება ბოროტად გამოიყენეს;
· კერძოდ, მათ უპირატესობის მინიჭების მიზნით, – მიუხედავად იმისა, რომ კომპანიის მიერ 2023 წლის ივლისის თვეში მიღებული ავანსი არ იყო დახარჯული მიზნობრივად, – 2023-2024 წლებში „ლაგი კაპიტალზე“ საბავშვო ბაღების რეაბილიტაციისთვის მაინც გასცეს 11 218 380 ლარის დაუსაბუთებელი ავანსი;
· „ლაგი კაპიტალის“ ხელმძღვანელი პირები ამ თანხიდან „თაღლითურად დაეუფლნენ“ 9 365 801 ლარს, – ასეთია ბრალდება.
ია ახალაიას არ დაუზუსტებია, რა როლი ჰქონდა ან შესაძლოა ჰქონოდა ირაკლი ქარსელაძეს ამ სქემაში. თქვა მხოლოდ ის, რომ ქარსელაძის კუთვნილი ქონება გაჩხრიკეს:
„კომპლექსური ღონისძიების ფარგლებში პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკები ჩატარდა დაკავებულ კობა გაბუნიასთან, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილ მინისტრ ირაკლი ქარსელაძესთან და სხვა პირებთან – სულ 20 სხვადასხვა ობიექტზე“.
· ირაკლი ქარსელაძე ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრად 2021 წლის 22 თებერვლიდან 2025 წლის 24 აპრილამდე მუშაობდა;
· ახალმა მინისტრმა, რევაზ სოხაძემ გუშინ, 29 ოქტომბერს განაცხადა, რომ სამინისტროში 161 პრობლემური და 122 გადავადებული პროექტია.
· მინისტრობამდე, 2018-21 წლებში, ქარსელაძე იყო მინისტრის პირველი მოადგილე და გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე;
· კიდევ უფრო ადრე მუშაობდა საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდისა და შვილობილი კომპანიების აღმასრულებელ დირექტორად;
· ასევე იყო ბიძინა ივანიშვილის დაფუძნებული „საქართველოს თანაინვესტირების ფონდის“ მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე.
· ირაკლი ქარსელაძეს მედიაში მოიხსენიებენ სუსის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის გარემოცვის წევრად.
· ირაკლი ქარსელაძე გრიგოლ ლილუაშვილის მეჯვარე, კურსელი და ახლო მეგობარია.
· ბოლო პერიოდში ლილუაშვილის გარემოცვის კიდევ სამი წევრი მისცეს პასუხისგებაში.
ფორუმი




