ევროკომისიის პრესსპიკერმა, ანიტა ჰიპერმა განმარტა, რას ეხება საქართველოსთვის გაგზავნილი წერილი.
მისი თქმით, საქართველოს მთავრობისთვის გაგზავნილი წერილი საქართველოს მიერ აღებულ ვალდებულებებს ეხება, რათა არ დაუშვას ევროკავშირის სანქციებისთვის გვერდის ავლა, რაზეც ყველა ქვეყანასთან ჰქონდათ ჩართულობა.
ამასთან, ჰიპერის თქმით, საქართველოსგან პასუხს ელოდებიან.
“დავადასტურეთ, რომ წერილი გავუგზავნეთ საქართველოს მთავრობას. ის საქართველოს მიერ აღებულ ვალდებულებებს ეხება, რათა არ დაუშვას ევროკავშირის სანქციებისთვის გვერდის ავლა. ამასთან დაკავშირებით ყველა ქვეყანასთან ვართ ჩართული, რაც ჩვენი უფრო ფართო, გლობალური წვდომის ნაწილია.
ჯერ კიდევ ველოდებით საქართველოს მთავრობისგან პასუხს და მეტი ქმედებებისთვის მოვუწოდებთ, რათა რუსეთმა გვერდი არ აუაროს ჩვენს სანქციებს, რომლებიც მუშაობს, ვინაიდან რუსეთი სასოწარკვეთილად ცდილობს მათთვის გვერდის ავლას”, – განაცხადა ჰიპერმა.
შეგახსენებთ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის, დევიდ ო'სალივანის წერილი გამოაქვეყნა. როგორც საქართველოს საგარეო უწყება აღნიშნავს, ოფიციალური წერილის ადრესატები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი არიან.
წერილში დევიდ ო'სალივანი მადლობას უხდის საქართველოს „უმაღლეს დონეზე გამოხატული ერთგულებისთვის და უკვე გადადგმული ნაბიჯებისთვის, რათა არ მოხდეს ევროკავშირის მიერ რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციების გვერდის ავლა“.
გარდა ამისა, წერილში აღნიშნულია, რომ ევროკომისიამ შეადგინა ეკონომიკურ კონტექსტში კრიტიკული მნიშვნელობის მქონე საქონლის სია, რომლის შეძენასაც რუსეთი სასოწარკვეთილად ცდილობს თავისი საომარი მოქმედებების უზრუნველსაყოფად. შესაბამისად, ევროკავშირი თხოვნით მიმართავს საქართველოს მთავრობას, აკრძალოს ევროკავშირის წარმოშობის ყველა ამ სიაში მითითებული ნივთისა და ამ კოდების მქონე პროდუქციის რეექსპორტი რუსეთში.
ამასთან, წერილის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო არ არის ამ საქონლის ძირითადი რეექსპორტიორი, რეგიონის ქვეყნებმა უკვე იპოვეს გზა ამ საკითხის მოსაგვარებლად და არსებობს რისკი, რომ საქართველო ამ ნივთებით ალტერნატიულ უკანონო ვაჭრობის გზად იქცეს.




