29 ოქტომბერს ჩატარებული ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგებით, პირველ ადგილს მანდატების თანაბარი რაოდენობით(26-26) ინაწილებენ ულტრამემარჯვენე „თავისუფლების პარტია“ და მემარცხენე-ლიბერალური პარტია „დემოკრატები 66“.
ხმების 99%-ის შეჯამების მიხედვით, „თავისუფლების პარტიამ“ ხეერტ ვილდერსის მეთაურობით, 150-წევრიან პარლამენტში 11 მანდატი დაკარგა, ხოლო პარტიამ „დემოკრატები 66“ რობ იეტენის მეთაურობით, 17 მანდატით მეტი მოიპოვა. წინა მოწვევის, 2023 წელს არჩეულ პარლამენტში ულტრამემარჯვენეებს 37 დეპუტატი ჰყავდათ, ხოლო მემარცხენე-ლიბერალებს – 9.
ჯერ არ დასრულებულა საზღვარგარეთ მცხოვრები 90 ათასამდე ამომრჩევლის ხმების დათვლა.
წინასწარი შედეგებით, 22 მანდატი ექნება „სახალხო პარტიას“, 20 მანდატი „მემარცხენე მწვანეების და შრომის პარტიის კავშირს“ და 18 – ქრისტიან-დემოკრატებს. კიდევ რამდენიმე პარტიამ 10 მანდატზე ნაკლები მიიღო.
29 ოქტომბრის არჩევნების შედეგად ვერცერთმა პარტიამ ვერ შეძლო მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირებისთვის საკმარისი ხმების მიღება. ვარაუდობენ, რომ კოალიციის ფორმირება რთული იქნება. პარლამენტში უმრავლესობის შესაქმნელად სულ მცირე 76 მანდატია საჭირო.
ნიდერლანდში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება საჭირო გახდა მას შემდეგ, რაც 2025 წლის ივნისში ულტრამემარჯვენე „თავისუფლების პარტიამ“ მმართველი კოალიციიდან გასვლა გადაწყვიტა იმიგრაციის საკითხებზე პარტნიორებთან უთანხმოების გამო. პარტიის ლიდერი ხეერტ ვილდერსი მოითხოვდა თავშესაფრის მინიჭების სისტემის გამკაცრებას, რაც კოალიციის სხვა წევრებისთვის მიუღებელი იყო.
2023 წლის საპარლამენტო არჩევნებში პირველ ადგილზე „თავისუფლების პარტია“ გავიდა, თუმცა მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირებისთვის საჭირო ხმები ვერც მაშინ მიიღო. ამ პარტიასთან ერთად კოალიციაში შევიდნენ პოპულისტური „ფერმერების მოძრაობა”, ლიბერალ-კონსერვატორები და მემარჯვენე-ცენტრისტები.
ვილდერსს ნიდერლანდის პრემიერ-მინისტრობა სურდა, რასაც წინააღმდეგობა გაუწიეს კოალიციის სხვა წევრებმა და შედეგად პრემიერ-მინისტრი გახდა უპარტიო კანდიდატი, დაზვერვის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი დიკ სხოფი. მისი მთავრობა 2025 წლის ივნისში გადადგა მმართველი კოალიციის დაშლის გამო.
ფორუმი




