დღეს „ოცნება“ კორუფციას კი არ ებრძვის, კორუფციისთვის იბრძვის და უკვე დაკანონებული კორუფციაც ამის ნათელი დასტურია, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის” დეპუტატმა, ქეთევან ბაკარაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“, „რომელიც კორუფციასთან ბრძოლით თავს იწონებს, უკვე კორუფციის ფორმალური დაკანონებაც დაიწყო“.
„კერძოდ, მთავრობის დადგენილებაში შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოხელეებს, მათ შორის, სპეციალური ან სამხედრო წოდების მქონე, ასევე, შტატგარეშე და დამხმარე მოსამსახურეებს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ბინა, სახლი, დამხმარე ნაგებობები და მათზე მიმაგრებული მიწის ფართობი ნაცვლად სარგებლობისა, საკუთრებაში გადაეცეს, სამსახურის შუამდგომლობის საფუძველზე.
„ოცნებამ“, რომელიც კორუფციასთან ბრძოლით თავს იწონებს, უკვე კორუფციის ფორმალური დაკანონებაც დაიწყო. „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში კობახიძის კაბინეტმა შეიტანა ცვლილება, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოხელეებს, მათ შორის, სპეციალური ან სამხედრო წოდების მქონე, ასევე, შტატგარეშე და დამხმარე მოსამსახურეებს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ბინა, სახლი, დამხმარე ნაგებობები და მათზე მიმაგრებული მიწის ფართობი ნაცვლად სარგებლობისა, საკუთრებაში გადაეცეს, სამსახურის შუამდგომლობის საფუძველზე. დადგენილების მიზანი უნდა იყოს დასაქმებულთათვის ხელშეწყობა უფლებამოსილების განხორციელების ვადით, მაგრამ სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევაში სახელმწიფოს კუთვნილების საკუთრებაში გადაცემა სამსახურებრივი მიზნით ვერ აიხსნება და კარგავს ამ მოტივის არსებობის რელევანტურ მიზეზს.
ამასთან, ეს დადგენილება მიიღეს იმ რეალობაში, როდესაც 35 000 დევნილი ოჯახი უკვე 3 ათწლეულია ელოდება საცხოვრებელს. ესენი არიან ოჯახები, რომლებიც სახელმწიფოსგან მხოლოდ 45 ლარიან დახმარებას იღებენ.
ეს დადგენილება მიიღეს იმ რეალობაში, როდესაც რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებული დევნილთა ქულებით, სახელმწიფო თავად ტოვებს ადამიანებს უსახლკაროდ. ქულები, რომლებიც მიზერულადაც ვერ ასახავენ დაკარგული სახლის და ომგამოვლილი ადამიანების ცხოვრების სიმძიმეს.
მე თავად ვარ აფხაზეთიდან. წლების განმავლობაში ვმუშაობდი დევნილებთან. მუდმივად მქონდა შეხება ამ ოჯახებთან და ზუსტად ვიცი მათი ყოველდღიურობა, პრობლემები და ის აუხდენელი ოცნება – თავზე საკუთარ ჭერი ჰქონდეთ, სადაც გამოსახლების შიშით აღარ იცხოვრებენ.
ეს დადგენილება მიიღეს იმ რეალობაში, როდესაც რამდენიმე თვის წინ დევნილმა კაცმა პროტესტის უმძიმეს ფორმას მიმართა და სამინისტროს წინ თავი დაიწვა. ეს დადგენილება მიიღეს იმ რეალობაში, როდესაც რამდენიმე კვირის წინ თვალჭრელიძის ქუჩიდან ათობით ოჯახი გამოასახლეს. საცხოვრებლის გარეშე დატოვეს მრავალშვილიანი და სოციალურად დაუცველი ოჯახები, დევნილები, შშმ პირები…
დღეს „ოცნება“ კორუფციას კი არ ებრძვის, კორუფციისთვის იბრძვის და უკვე დაკანონებული კორუფციაც ამის ნათელი დასტურია“, – განაცხადა ბაკარაძემ.




