სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ერევანსა და ბაქოს შორის არსებული ყველა სადავო საკითხი, მათ შორის ის, რაც აზერბაიჯანის მიერ სომხეთის კონსტიტუციასთან დაკავშირებით იწევა, შეიძლება საბოლოოდ მოგვარდეს მხარეთა მიერ უკვე წინასწარ ხელმოწერილი მშვიდობის შეთანხმების ხელმოწერითა და რატიფიკაციით.
„არმენპრესის“ ინფორმაციით, ფაშინიანმა ამის შესახებ პარიზის მშვიდობის ფორუმის ფარგლებში გამართულ დისკუსიაზე სახელწოდებით „ლიდერობის გზაჯვარედინებზე“ ისაუბრა.
„აზერბაიჯანი ამ საკითხს აყენებს, მაგრამ რეალობა ასეთია: 2024 წელს სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც უმაღლესი სამართლებრივი დონის დოკუმენტია, რომ სომხეთის კონსტიტუცია არ შეიცავს არცერთ ტერიტორიალურ პრეტენზიას რომელიმე მეზობელი ქვეყნის მიმართ“, – თქვა ფაშინიანმა.
მისივე განმარტებით, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის შეთანხმების ტექსტში მრავალი მუხლი არსებობს, სადაც ნათქვამია, რომ მხარეები არ წარმოადგენენ ტერიტორიალურ პრეტენზიებს ერთმანეთის მიმართ და ვალდებულებას იღებენ, რომ მომავალშიც არ ექნებათ მსგავსი მოთხოვნები.
აზერბაიჯანი კვლავ განიხილავს სომხეთის კონსტიტუციის შეცვლას, როგორც წინაპირობას მშვიდობის შეთანხმების საბოლოო ხელმოწერისთვის։ ბაქო მოითხოვს კონსტიტუციიდან ამოიღონ დამოუკიდებლობის დეკლარაციაზე მინიშნება, სადაც საუბარია სომხეთისა და მთიანი ყარაბაღის გაერთიანებაზე.
სომხეთის მხარემ არაერთხელ განაცხადა, რომ 2024 წლის 26 სექტემბერს სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში დაფიქსირდა, რომ კონსტიტუციის პრეამბულაში დამოუკიდებლობის დეკლარაციაზე მინიშნება ეხება მხოლოდ იმ დებულებებს, რომლებიც სიტყვასიტყვითაა გამეორებული კონსტიტუციის მუხლებში. შესაბამისად, სომხეთის კონსტიტუციის ტექსტში არც პირდაპირი და არც არაპირდაპირი მითითება მთიან ყარაბაღზე არ არსებობს.
8 აგვისტოს ვაშინგტონში სომხეთმა და აზერბაიჯანმა წინასწარ მოაწერეს ხელი მშვიდობის შეთანხმებას.




