თბილისში ჰაერის გასავალი ჩავკეტეთ – მაღალსართულიანი კორპუსებით ჩაკეტილია ვერეს ხეობაცა და მთაწმინდის ფერდიც- ნინო ჩხობაძე

დედაქალაქში რეკრეაციული ზონები საგრძნობლად შემცირდა – თბილისი მშენებლობების შედეგად უფრო ჩაკეტილი გახდა, ქარების ბადე შეიცვალა, ჰაერის განიავება კი ფაქტობრივად შეჩერდა,- ამის შესახებ ორგანიზაცია „საქართველოს მწვანეები – დედამიწის მეგობრების“ თავმჯდომარემ ნინო ჩხობაძემ “კომერსანტის” ეთერში ისაუბრა.
მისი თქმით, ვერეს ხეობა მაღალსართულიანმა კორპუსებმა ჩაკეტეს, მთაწმინდის ფერდიდან კი სუფთა ჰაერი დიდ ხანია, აღარ შემოდის.
,,გენგეგმის დამტკიცების დროს თბილისში ძალიან ბევრი რეკრეაციული ზონა იყო, ანუ იყო გამწვანება. სამწუხაროდ, დღეს რეკრეაციული ზონები უფრო ნაკლები გვაქვს. მიუხედავად იმისა, რომ სკვერები კეთდება, ნარგავები ირგვება და ვართ ერთ ამბავში, მაინც არ არის საკმარისი უშუალოდ თბილისისთვის და რატომ: დედაქალაქი უფრო მოწყვლადი გახდა მშენებლობების შედეგად, ქარების ბადე არის შეცვლილი და ზოგადად, ვატყობთ, რომ უფრო მეტად ვიხუთებით, ქალაქში განიავების პროცესი თითქმის არ არის. ჩვენ ჩავკეტეთ ჰაერის გასავალი – ვერეს ხეობა ჩაკეტილია მაღალსართულიანი კორპუსებით, მთაწმინდის ფერდიდან არ შემოდის სუფთა ჰაერი და აგრეთვე ჩაკეტილია. იყო ძალიან კარგი პროექტი, გამწვანება გაგვეახლებინა მთაწმინდის ფერდზე, თუმცა, ჯერჯერობით არ ჩანს, რას ვაკეთებთ ამ მიმართულებით. ქალაქს მაინც უჭირს, არ გვაქვს მწვანე სივრცეები,- აღნიშნა ჩხობაძემ.