ქართული პრესის მიმოხილვა 30.10.2025

გაცოცხლდება თუ არა “მომაკვდავი პოლიტიკური პროცესი” – “ოცნების” სარჩელი და ოპოზიციის კონსოლიდაციის შანსი
“ეს სარჩელები ერთმანეთზე გავლენას მოახდენს” – “ლელო” ასაჩივრებს იმ კანონებს, რომელთა საფუძველზეც “ოცნება” მის აკრძალვას ითხოვს
“მაკრონმა ში ჯარის გაგზავნის ბრძანება გასცა” – რას ნიშნავს ს სამხედრო დაზვერვის ხმაურიანი განცხადება
* * *
გაცოცხლდება თუ არა “მომაკვდავი პოლიტიკური პროცესი” – “ოცნების” სარჩელი და ოპოზიციის კონსოლიდაციის შანსი
“მმართველი პარტიის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში სამი პარტიის აკრძალვის მოთხოვნით სარჩელის შეტანა ოპოზიციურ ფლანგზე “მომაკვდავი პოლიტიკური პროცესის გამოცოცხლების” შანსს ქმნის. ამის შესახებ ენმ-ის ლიდერები საუბრობენ და ოპოზიციის ახალ გაერთიანებაზე მიანიშნებენ. ამ მოსაზრებას ნაწილობრივ ანალიტიკოსებიც ეთანხმებიან და არ გამორიცხავენ, რომ ამ სარჩელმა ენმ-ის წიაღიდან გამოსულ პარტიებს გაერთიანებისკენ უბიძგოს. თუმცა, რეალურად რას შეცვლის ასეთი გაერთიანება პოლიტიკურ ველზე, ამასთან დაკავშირებით ანალიტიკოსთა მოსაზრებები განსხვავებულია. ნაწილი მიიჩნევს, რომ თავად ოპოზიციური პარტიების გაერთიანების ფაქტი ზოგადად ოპოზიციის მხარდამჭერთა მობილიზებისა და კონსოლიდირების საფუძველი გახდება. ნაწილის აზრით კი, ამას არანაირი ხელშესახები პოლიტიკური შედეგი არ მოყვება. გარდა ამისა, ამ სამ პოლიტიკურ ძალას ერთმანეთთან საკმაოდ დაძაბული ურთიერთობა აქვს”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით გაცოცხლდება თუ არა “მომაკვდავი პოლიტიკური პროცესი” – “ოცნების” სარჩელი და ოპოზიციის კონსოლიდაციის შანსი.
“ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ენმ და “ახალი” მუდმივად აკრიტიკებდნენ “ლელოს”, რომელმაც 4 ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებში მიიღო მონაწილეობა; “ახალის” წევრთა მნიშვნელოვან ნაწილს კი ყოფილი “ნაციონალები” შეადგენენ, რომლებმაც მწვავე დაპირისპირებისა და სკანდალის შემდეგ დატოვეს პარტია. თუმცა ენმ-ში აცხადებენ, რომ შესაძლო გაერთიანებაში იგულისხმება მორიგება და არა შერიგება. პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა 28 ოქტომბერს საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ “ოცნებას”, “ხალხის ძალას” და “ევროპელ სოციალისტებს” საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეაქვთ და ადრე დაანონსებული ათის ნაცვლად სამი პარტიის – ენმ-ის, “კოალიცია ცვლილებებისათვის” და “ლელოს” აკრძალვას ითხოვენ. კონკრეტული პოლიტიკოსებისათვის ინდივიდუალური შეზღუდვების დაწესებაზე კი მმართველი პარტია უარს ამბობს. ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე აცხადებს, რომ მათი გაერთიანება პოტენციურ წევრებს პოლიტიკურ სარგებელს არ მოუტანს… შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე კი თვლის, რომ ერთობა ოპოზიციის მომხრეთა კონსოლიდაციას გამოიწვევს”, – აღნიშნავს გამოცემა.
“გაერთიანების ვარიანტს ბოლომდე არ გამოვრიცხავდი, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოდ მეჩვენება. დავუშვათ გაერთიანდნენ, რას მოუტანთ მათ ეს გაერთიანება? რაღაც პოლიტიკური სარგებელი ხომ უნდა მოიტანოს ამან. მე მათთვის ასეთ პოლიტიკურ სარგებელს ვერ ვხედავ. თუ ეს პარტიები ერთმანეთში აითქვიფებიან და საკუთარ პარტიულ და პოლიტიკურ იდენტობას დაკარგავენ, ამით უფრო უარესს გაუკეთებენ თავის პოლიტიკურ მომავალს, ვიდრე იმით, რომ დამოუკიდებლად იბრძოლონ. მათ ადგილზე ასეთ ნაბიჯს არ გადავდგამდი, მაგრამ ვნახოთ თავად რას იზამენ”, – ამბობს ანჯაფარიძე. “შესაძლებელია, რომ ეს სარჩელი გაერთიანების შესაძებლობა იყოს. ეს ერთობა მხარდამჭერებს უფრო მოიზიდავს. გარკვეულ კონფლიქტს ჰქონდა ადგილი და ყველამ მორატორიუმი უნდა გამოაცხადოს, რომ სანამ “ოცნებას” არ გაისტუმრებენ, ერთად უნდა იყვნენ. გარდა ამისა, გამოხატონ მზადყოფნა, რომ ითანამშრომლონ სამოქალაქო საზოგადოებასთან. მათ შორის “თავისუფლების მოედანსაც” აქვს გეგმა და ვფიქრობ, პროდასავლირი ძალების ერთობა უნდა შედგეს”, – აცხადებს ჩიტაძე, რომლის აზრით, “ამით პარტიულ იდენტობას არ დაკარგავენ”, – განაგრძობს გამოცემა.
“თუ ვინ შეიძლება გაერთიანდეს და რა პერსპექტივით ზაალ ანჯაფარიძე ვფიქრობს, რომ გაერთიანების უფრო მეტი შანსი იმ პარტიებს აქვთ, რომლებიც “ნაცმოძრაობის” წიაღიდან გამოვიდნენ. “ყველა ეს პარტია თავის დროზე ენმ-ის წევრი იყო. მიუხედავად გარკვეულ საკითხებზე აზრთა სხვადასხვაობისა, საბოლოოდ მათ როცა აკრძალვის პრობლემა დაუდგებათ, გაერთიანების კანდიდატებად უფრო მეტად ეს პოლიტიკური ძალები მეჩვენება. ამ პარტიების ერთობის მიზანი შეიძლება იყოს ძალების გაერთიანება და დასავლეთის მხარდაჭერის მობილიზება… “ლელოს” კი საკუთარი პარტიიის იდენტობის საკითხი უდგას. თუ “ლელო” მათში აითქვიფა და გაერთიანდა, ჩათვალეთ, რომ ის, როგორც პარტია, გათავდება. მას შეუძლია ცალკე იბრძოლოს, სარჩელი შეიტანოს იგივე სტრასბურგის სასამართლოში, საკუთარ ამომრჩეველს მიმართოს. ჩემი აზრით, ეს ბრძოლის უფრო რელევანტური გზაა, ვიდრე ენმ-სთან გაერთიანება, რადგან ამით “ოცნების” არგუმენტი დადასტურდება, რომ ის “ნაცმოძრაობის” მოკავშირე პარტიაა”, – ამტკიცებს ანჯაფარიძე. ნიკა ჩიტაძე კი არ გამორიცხავს ყველამ გამოხატოს მზადყოფნა ერთობაზე”, – დასძენს გამოცემა.
“თუ სარჩელი დაკმაყოფილდა, ზაალ ანჯაფარიძის აზრით, სამი პარტია შეეცდება ამომრჩეველი ქუჩაში გამოიყვანოს. “ამ პარტიების უკან ამომრჩელის საკმაოდ დიდი რაოდენობა დგას. თუ ეს პარტიები აიკრძალა, ისინი შეეცდებიან ამაზე ითამაშონ და თავისი მომხრეები გარეთ გამოიყვანონ. მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, რომ დიდი რაოდენობის მობილიზებას შეძლებენ… ამ პარტიების ადგილზე შესაძლოა სხვა პოლიტიკური ძალები შემოვიდნენ. ვფიქრობ, ამ სარჩელის გაუცხადებელი მიზანი ესეცაა – “ქართული ოცნება” ერთი გასროლით ორ კურდღელს იჭერს – ერთის მხროვ ენმ-სა და მის წიაღში წარმოშობილ რადიკალურ პარტიებს აუქმებს და ადგილს ათავისუფლებს ოპოზიციურ ველზე შედარებით ზომიერი პოლიტიკური ძალების შემოსასვლელად, როგორიცაა იგივე გახარიას პარტია და სხვები, რომლებიც ახლა ცდილობენ პოლიტიკურ ველზე ფეხი მოიკიდონ. ამას გრძელვადიანი შედეგი უნდა ჰქონდეს და მემგონი ამაზეა მათ შორის გათვლილი – “ოცნების” რამდენიმე ლიდერის მინიშნებები მოვისმინე, რომ სულ ხომ არ ვიქნებით ხელისუფლებაშიო”, – განაცხადა ანჯაფარიძემ. ნიკა ჩიტაძე კი აცხადებს, რომ “ოცნება” პოლიტიკურ ველს ასუფთავებს რეიტინგული პარტიებისგან, რადგან ხვდება, რომ რეიტინგი დაკარგა”, – წერს სტატიის ავტორი.
“არ გამოვრიცხავ სარჩელი დაკმაყოფილდეს, რადგან საკონსტიტუციო სასამართლო ხელისუფლების კონტროლის ქვეშაა. “ოცნებაში” არც მალავენ. რომ პარტიებს იმიტომ აუქმებენ, რომ მაღალი რეიტინგი აქვთ და მათში კონკურენტებს ხედავენ. ამით ისინი პოლიტიკურ ველს ასუფთავებენ. ეს 13 წლის განმავლობაში არ სჭირდებოდათ, მანამდე ასე თუ ისე იმარჯვებდნენ და სახის შენარჩუნებას ცდილობდნენ – აი, როგორი მრავალპარტიული სისტემა გვაქვსო. 2024 წლის არჩევნებზე გაუჭირდათ – დაინახეს, რომ მათი რეიტინგი უფრო და უფრო ეცემა. დემოკრატიული გზით რომ ჩატარებულიყო, “ოცნება” დამარცხდებოდა. პარტიების აკრძალვის შემთხვევაში მძლავრ აქციებს ველოდები. თავად ამ პარტიების მხარდამჭერები გამოვლენ და ცოტანი არ არიან. თუმცა, მოსახლეობასთან შეხვედრები აუცილებელია, რომ უფრო მეტი ადამიანი მოიზიდონ”, – დაასკვნის ნიკა ჩიტაძე.
“ეს სარჩელები ერთმანეთზე გავლენას მოახდენს” – “ლელო” ასაჩივრებს იმ კანონებს, რომელთა საფუძველზეც “ოცნება” მის აკრძალვას ითხოვს
“საკონსტიტუციო სასამართლო საინტერესო იურიდიული კაზუსის წინაშე აღმოჩნდა – პარტია “ლელო” იმ კანონების არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს, რომლის საფუძველზეც მმართველმა პარტიამ “ლელოს” აკრძალვის მოთხოვნით საკონსტიტუციო სარჩელი აღძრა. კონსტიტუნაციონალისტი ვახტანგ ხმალაძე აცხადებს, რომ ეს ორი სარჩელი გავლენას მოახდენს ერთმანეთზე. “ლელო – ძლიერმა საქართველომ” საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი რამდენიმე დღის წინ შეიტანა. პარტიის წარმომადგენელი გიორგი სიორიძის სიტყვებით, ისინი ასაჩივრებენ “იმ ანტიდემოკრატიულ ნორმებს, რომლებიც “ქართულმა ოცნებამ” მიიღო და რომელთა საფუძველზეც სურს, რომ ოპონენტი პოლიტიკური პარტიები აკრძალოს”. მისივე თქმით, ეს ნორმები ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კონსტიტუციას, ასევე საერთაშორისო ნორმებს – ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას. მოსარჩელეები აცხადებენ, რომ ეს ნორმები, რომელიც პარლამენტმა დაჩქარებული წესით ორი კვირის წინ მიიღო, კონსტიტუციის რამდენიმე მუხლს არღვევს: 23-ე მუხლი – პოლიტიკური პარტიების თავისუფლება; 25-ე მუხლი – საჯარო თანამდებობის დაკავების უფლება; 31-ე მუხლი – საპროცესო უფლებები; მე-60 მუხლი – საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილებები”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “ეს სარჩელები ერთმანეთზე გავლენას მოახდენს” – “ლელო” ასაჩივრებს იმ კანონებს, რომელთა საფუძველზეც “ოცნება” მის აკრძალვას ითხოვს.
“მეორეს მხრივ, “ქართულ ოცნებას” მზად აქვს სარჩელი სამი ოპოზიციური პარტიის – ენმ-ის, “კოალიცია ცვლილებებისათვის” და “ლელოს” აკრძალვის მოთხოვნით. პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა 28 ოქტომბერს ისაუბრა იმ სამართლებრივ ჩარჩოზე, რასაც სარჩელი ეფუძნება. კონკრეტულად, პაპუაშვილი, “ლელოს” მსგავსად, ახსენებს,საქართველოს კონსტიტუციის 23-ე მუხლით გათვალისწინებულ შემდეგ დარღვევებს: საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა და ძალადობით შეცვლა, ადამიანის უფლებების ხელყოფა, საყოველთაო ს გზით არჩეული ორგანოების ლეგიტიმურობის აღიარებაზე უარის თქმა, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობის ან ძალადობით შეცვლის მცდელობები. კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე საუბრობს, თუ რა გავლენა შეიძლება მოახდინონ ერთმანეთზე “ლელოსა” და “ოცნების” სარჩელებმა”, – აღნიშნავს გამოცემა.
“არანაირი კაზუსი არ არის მანდ, “ლელო” ასაჩივრებს ბოლო დროს კანონებში შეტანილ რამდენიმე ცვლილებას, რომლებიც ეხება პარტიების აკრძალვას, ფიზიკური პირებისთვის პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვას, არჩევნებში მონაწილოების აკრძალვას და ა.შ. მთელი რიგი საკითხებია. “ლელომ” ეს გაასაჩივრა არაკონსტიტუციურობის საფუძლით, ხოლო “ოცნებამ” შეიტანა კონსტიტუციური სარჩელი, კანონებში შეტანილი ამ ცვლილებების საფუძველზე სამი პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ. ზუსტად არ ვიცი “ლელოს” მოთხოვნა როგორია, თუმცა, სავარაუდოდ, იქნებოდა ამ ნორმების შეჩერების მოთხოვნა სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. დააკმაყოფილებს თუ არა ამას საკონსტიტუციო სასამართლო? მე პრობლემას სწორედ სასამართლოს მოსალოდნელ გადაწყვეტილებაში ვხედავ. ერთი მხრივ, გასაჩივრებულია კანონების ნორმები და მეორე მხრივ არის სარჩელი ამ ნორმების საფუძველზე პარტიების აკრძალვის მოთხოვნაზე. შესაბამისად, ლოგიკას თუ მივყვებით, ჯერ უნდა დადგინდეს ეს ნორმები კონსტიტუციურია თუ არა და მხოლოდ მას შემდეგ, რაც დადგინდება, რომ არის კონსტიტუციური, უკვე შეუძლიათ იმსჯელონ მეორე სარჩელზე”, – განმარტავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ხმალაძე.
“ხოლო თუ სასამართლო დაადგენს ამ ნორმების არაკონსტიტუციურობას, მაშინ ის საფუძველიც აღარ იარსებებს, რის გამოც პარტიების აკრძალვას ითხოვენ. თუმცა, შესაძლებელია, პარტიების აკრძალვის სარჩელის განხილვა დაიწყონ და დაიწყონ იმის გარკვევით, დასაბუთებულია თუ არა პარტიის აკრძალვის კონსტიტუციური საფუძველი. ჩემი აზრით, ეს საფუძველი არ არსებობს. თუ ასე მოხდა, მაშინ სასამართლო “ლელოს” კონსტიტუციურ სასჯელზე მსჯელობას გააგრძლეებს. ასე რომ, ვნახოთ. შეიძლება ითქვას, რომ ნებისმიერ სარჩელზე მიღებულ გადაწყვეტილებას გავლენა ექნება მეორე სარჩელზე, რადგან თუ ჯერ განიხილეს კანონის ნორმების კონსტიტუციურობა და შემდეგ პარტიების აკრძალვის სარჩელი, იმ კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით რა გადაწყვეტილებას მიიღებენ, ეს გავლენას მოახდენს მეორეზე და პირიქით. პარტიების აკრძალვის საფუძველი უნდა იყოს ის, რაც კონსტიუციაშია დადგენილი და ამ დროს ნაკლები მნიშვნელობა აქვს კანონში რა წერია, სასამართლომ ამაზე დაყრდნობით უნდა იმსჯელოს. ამ დროს შესაძლებელია მან არაფერი თქვას კანონის ნორმების კონსტიტუციურობაზე, ხოლო “ლელოს” სარჩელის დროს სწორედ კანონების ნორმების კონსტიტუციურობაზე უნდა იმსჯელოს”, – განაგრძობს რესპონდენტი.
“ანუ, “ლელოს” სარჩელის განხილვის შედეგი შეიძლება იყოს ან გასაჩივრებული ნორმების არაკონსტიტუციურობა, ან ნაწილის არაკონსტიტუციურად ცნობა, ან მთლიანად კონსტიტუციურად ცნობა ამ ნორმებისა. “ქართული ოცნების” სარჩელის შემთხვევაში გადაწყვეტილების შედეგი იქნება არა ზოგადი, არამედ კონკრეტული – კონკრეტული პარტიების აკრძალვა, ან არაკრძალვა. ეს არის არსებითი განსხვავება, თუმცა ორივე შემთხვევაში მსჯელობა მოუწევს სასამართლოს – როგორც კანონის ნორმების კონსტიტუციურობაზე, ასევე პარტიის საქმიანობაზე. ასე რომ, ეს გადაწყვეტილებები ერთმანეთზე გავლენას მოახდენს”, – დასძენს ვახტანგ ხმალაძე.
“მაკრონმა ში ჯარის გაგზავნის ბრძანება გასცა” – რას ნიშნავს ს სამხედრო დაზვერვის ხმაურიანი განცხადება
პრეზიდენტ ს ბრძანებით, საფრანგეთი უკრაინაში ჯარების განლაგებისთვის ემზადება – ამის შესახებ განცხადებას რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახური ავრცელებს. ამის საპასუხოდ ფრანგულ მხარეს, ჯერჯერობით, ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია. რამდენად რეალურია რუსული დაზვერვის განცხადება და რა მოხდება, თუ საფრანგეთი ამ ნაბიჯს გადადგამს? “საფრანგეთის პრეზიდენტი, უკრაინაში სამხედრო ინტერვენციაზე ოცნებობს. პოლიტიკოსად წარუმატებლობის შემდეგ, ის იმედს არ კარგავს, რომ ისტორიაში სამხედრო მეთაურის რანგში შევა. მისი ბრძანებით, საფრანგეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი უკრაინაში ს რეჟიმის მხარდასაჭერად 2 000-მდე ჯარისკაცისა და ოფიცრისგან შემდგარი სამხედრო კონტინგენტის განლაგებისთვის ემზადება”, – ნათქვამია რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის განცხადებაში. მათივე ცნობით, ფრანგული დანაყოფები უკვე პოლონეთის სასაზღვრო რეგიონებშია განლაგებული და სამხედრო მომზადებას გადიან”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “მაკრონმა უკრაინაში ჯარის გაგზავნის ბრძანება გასცა… 2000 ლეგიონერი უკვე საზღვარზე დგას” – რას ნიშნავს რუსეთის სამხედრო დაზვერვის ხმაურიანი განცხადება.
“ეს საფრანგეთის უცხოური ლეგიონის დანაყოფებია, რომელიც ძირითადად ლათინური ამერიკის ქვეყნების წარმომადგენლებისგან შედგება. ლეგიონერები ამჟამად პოლონეთის უკრაინის მოსაზღვრე რაიონებში არიან განლაგებული. ისინი ინტენსიურ საბრძოლო მომზადებას გადიან და იარაღსა და სამხედრო აღჭურვილობას იღებენ. მათი ცენტრალურ უკრაინაში გადასროლა უახლოეს მომავალში იგეგმება”, – აცხადებს რუსეთის საგარეო დაზვერვა. კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა ამ ინფორმაციას საგანგაშო უწოდა. “ეს საგანგაშოა. ჩვენს სამხედროებს კონტაქტის ხაზზე რაციებში მუდმივად ესმით უცხოური სიტყვები და ენები. ეს ნიშნავს, რომ უცხოელები უკვე იქ არიან. ჩვენ მათ ვანადგურებთ”, – განაცხადა პესკოვმა. ჯერჯერობით ამაზე განცხადება საფრანგეთის მხრიდან არ გაკეთებულა. თუმცა, საინტერესოა, რომ 2 დღით ადრე საფრანგეთის სახმელეთო ძალების მეთაურმა, გენერალმა პიერ შილმა, პირობა დადო, რომ ქვეყანა 2026 წელს მზად იქნება საჭიროების შემთხვევაში უკრაინაში სახმელეთო ძალების განლაგებისთვის. ეს განცხადება საფრანგეთის გენერალური შტაბის უფროსის, ფაბიენ მანდონის განცხადებას მოჰყვა, რომ ქვეყნის შეიარაღებული ძალები სამ-ოთხ წელიწადში საბრძოლო მოქმედებებისთვის მზად უნდა იყვნენ, რათა “რუსეთის საფრთხეს გაუმკლავდნენ”, – აღნიშნავს გამოცემა.
“მიუხედავად იმისა, რომ ევროპულ სახელმწიფოებს შორის უკრაინაში სახმელეთო ძალების შესაძლო ფართომასშტაბიან განლაგებაზე აზრთა სხვადასხვაობაა, ამ ვარიანტმა 2024 წლის დასაწყისიდან კონტინენტის ქვეყნების მხრიდან მზარდი მხარდაჭერა მოიპოვა, რადგან უკრაინის სამხედრო პოზიცია გაუარესდა”, – წერს ამასთან დაკავშირებით გამოცემა “ფორს ინდექსი”. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა ჯერ კიდევ, 2 მარტს განაცხადა, რომ გაერთიანებული სამეფო და საფრანგეთი მზად არიან უკრაინის მიმდინარე საომარი მოქმედებების მხარდასაჭერად “მსურველთა კოალიციას” უხელმძღავნელონ და მხარდაჭერა შეიძლება მოიცავდეს სახმელეთო ძალების და საბრძოლო ავიაციის განლაგებას უკრაინის პოზიციების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად ფრონტის ხაზზე. საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის გეოპოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელის, ვახტანგ მაისაიას აზრით, რუსული დაზვერვის განცხადება პროპგანდისტული ნარატივის ნაწილია”, – განაგრძობს გამოცემა.
“რამდენად დამაჯერებელია რუსული სამხედრო თუ სადაზვერვო სამსახურების ეს ინფორმაცია, ცალკე თემაა, რადგან ისინი, რა თქმა უნდა, მუშაობენ საინფორმაციო ომის ფორმატში და, რა თქმა უნდა, იყენებენ ამას შიდა მოხმარებისთვის. ჯერჯერობით საფრანგეთის პრეზიდენტს ამაზე ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია. ადრე იყო საუბარი, რომ თუ დამყარდებოდა მშვიდობა და დაიდებოდა ზავი, ფრანგული მხარე სთავაზობდა, რომ ევროპულ ქვეყნების შეირაღებულ ძალებს მიეღოთ მონაწილეობა სამშვიდობო მისიის ფორმატში, ეს არის და ეს. რა თქმა უნდა, რუსები ამას იყენებენ და თავის კუდს აბამენ. საფრანგეთი, ცხადია, ეხმარება უკრაინას ორმხრივი და მრავალმხრივი სამხედრო თანამშორმლობის ფორმატში და ეს არ არღვევს საერთაშორისო სამართალს. არავითარი ფრანგული კონტიგენტის გაგზავნაზე საუბარი არ არის და ეს ყველაფერი რუსული საინფორმაციო ომის ერთ-ერთი ქეისია”, – აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.
“საფრანგეთი ამ ნაბიჯს არ გადადგამს თუმცა, ჰიპოტეტურად, ასე რომც მოხდეს, აქაც არაფერია ისეთი. მაგალითად, კორეის კონფლიქტის დროს, 1950-53 წლებში, გაერომ მიიღო შესაბამისი დადგენილება და გააგზავნა კოლექტიური უსაფრთხოების ძალები. ამით იმის თქმა მინდა, რომ მსგავსი პრეცედენეტები არსებობს, ცივი ომის მაგალითზეა საუბარი. მეორე პრეცედენტი – როცა სადამ ჰუსეინი დაესხა კუვეიტს, გაერომ მაშინაც მიიღო შესაბამისი დადგენილება, შექმნა კოლექტიური უსაფრთხოების ძალები. სამწუხაროდ დღეს გაერომ ეს ფორმატი ვერ მიიღო, რადგან ამას რუსეთი ბლოკავს, რადგან რუსეთი უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრია. თუმცა, თუ ეს მოხდა ორმხრივ დონეზე, კოლექტიური უსაფრთხოების ფარგლებში, ამაში მე ვერ ვხედავ ტრაგიკულ მოვლენას და ლოგიკურიც იქნება, თუ, რა თქმა უნდა, საფრანგეთი ამაზე წავა. თუმცა, საფრანგეთს ამაზე განცხადება არ გაუკეთებია”, – განმარტავს მაისაია.