მე არ შევცვლიდი, (სტალინი) არ უნდა ამოიხატოს – დავით თარხან-მოურავი

“მე არ შევცვლიდი ამას, (სტალინი) არ უნდა ამოიხატოს”, – ამ განცხადებას პრორუსული პარტიის ლიდერი „დღის ამბებთან“ აკეთებს. დავით თარხან-მოურავი ამბობს, რომ მღელვარება ხატის გარშემო ე.წ. შავი პიარს მოჰყვა. როგორც პრორუსული პარტიის ლიდერის შეფასებით, საპატრიარქომ “რბილი” გადაწყვეტილება მიიღო.
დავით თარხან-მოურავი ამბობს, რომ სტალინის გამოსახულების ხატზე ასახვა ხატმწერის გადაწყვეტილებაა. ფრაგმენტის ცვლილება კი უახლოეს მომავალში მოხდება. თარხან-მოურავი არ გამორიცხავს, რომ ცვლილება საპატრიარქოს ხატმწერმა შეასრულოს.
თარხან-მოურავი ამბობს, რომ ხატის დაწერა ხატმწერს პარტიამ რამდენიმე წლის წინ შეუკვეთა, ესკიზები 2018 წლიდან გამოქვეყნებული იყო, ხოლო ხატი ბოლო 2 წელში დაიწერა.
ამ ხატის ესკიზები ინტერნეტში არაერთგზის იყო გამოქვეყნებული. ხატი დაწერა ქართველმა ხატმწერმა. ეს ესკიზები 2018-ში და 2019 წელსაც იყო განთავსებული. ხატს ის ქმნის თავის მოძღვართან ერთად, ჩვენ აქ საერთოდ არაფერ შუაში არ ვართ, ჩვენ ხატმწერისთვის არ მიგვითითებია არცერთხელ რა სცენები უნდა გამოსახოს მან.
მე ვამბობ, რომ კანონიკასთან არავითარი შეუსაბამობა არ არის.
წმინდა გიორგი ბორბალზე აცვეს – საიდან ვიცით ეს – მხოლოდ მისი ცხოვრების აღწერიდან, არც ვიდეო, არც ფოტო მასალა არ არის.
მე არაფერი არ უნდა გავთვალო, საერთოდ არ მომიგონებია ეს სცენა. თვითონ ხატმწერმა გადაწყვიტა… მატრონა მოსკოველის ხატი შეუკვეთეს ხატმწერს, ხატმწერმა თვითონ გადაწყვიტა ფრაგმენტები ცხოვრების. აქ არაფერი შეცდომა არ არის.
(სტალინი) არ უნდა ამოიხატოს, პირიქით, ეს იმის მაჩვენებელია, რომ ღმერთმა მოდრიკა ყველა ღმერთთან მებრძოლი რეჟიმი.
მე რომ ვიყო არაფერს არ შევცვლიდი, ეს ფრაგმენტი მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ ღმერთო უფრო ძლიერია, ვიდრე ნებისმიერი უღმერთო რეჟიმი ან მისი ლიდერი, არაფერი აქ არ უნდა წაიშალოს, ჩემი აზრით. ჩვენ ვართ მაზიარებლები, ჩვენ ეს გადაწყვეტილება სულ არ გვიხარია, მე ასე არ მოვიქცეოდი, მაგრამ მაზიარებლები ვართ, საპატრიარქოს ბრძოლას ხომ არ დავუწყებთ, გადაწყვიტა – გაკეთდება.
ჩანაცვლდება ეს ფიგურა – იქნება მაგალითად, კიბოთი დაავადებული ქალბატონი, რომელიც განკურნა მატრონამ, 10-სანტიმეტრიანი ფიგურაა, ნახევარი საათი უნდა ამის შეცვლას.
ეს არის ემოციებს აყოლა – აქ არის ერთი ნაწილი ხალხისა, რომელსაც უბრალოდ არ სწამს ღმერთისა და ღმერთს ებრძვის, მეორე ნაწილია, რომელიც ებრძვის ღმერთს და თანაც ჭკუას გვარიგებს ხატები როგორ იყოს. კიდევ არის ნაწილი, სამწუხაროდ, განათლების დონე იმდენად დაეცა, რომ არის ხალხი, რომელიც ვერ აცნობიერებს ამას – პილატემ ქრისტე აცვა ჯვარს – პილატე ბრძანდება სკამზე და ქრისტე დგას ტყვედ, რა ვქნათ, ახლა ეს ხატები წავშალოთ?“ – ამბობს დავით თარხან-მოურავი.