რევაზ სოხაძის თქმით, სამინისტროში 161 პრობლემური და 122 გადავადებული პროექტია

„ქართული ოცნების“ მთავრობის ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ სადავო პარლამენტში ინტერპელაციით მისვლის დროს საუბარი დაიწყო სამინისტროში არსებულ პრობლემებზე, რომელიც ბოლო რამდენიმე თვეში გამოიკვეთა.
სოხაძის თქმით, ვადების დაცვის პრობლემაა სამინისტროს დაქვემდებარებულ სამივე უწყებაში: „მუნიციპალურ განვითარების ფონდში“, „გზების დეპარტამენტსა“ და „წყალმომარაგების კომპანიაშიც“.
მუნიციპალური განვითარების ფონდი
შესავალ სიტყვაში, სანამ დასმულ კითხვებს უპასუხებდა, რევაზ სოხაძემ ყველაზე დიდი ყურადღება გაამახვილა „მუნიციპალურ განვითარების ფონდზე“: დიდი მოცულობით ავანსის გაცემასა და კონტრაქტორებისთვის ვადების დაუდგენლობაზე.
„მუნიციპალური განვითარების ფონდში შესწავლის შედეგად, სამწუხაროდ, გამოიკვეთა მთელი რიგი პრობლემები. პროექტების დაგეგმვისა და ზედამხედველობის სუსტი სისტემა, რაც მრავალი დაგვიანებული, ან სრულად შეჩერებული პროექტის მიზეზად იქცა. კერძოდ, მაგალითად, 214 მიმდინარე პროექტიდან 161 პრობლემური იყო, რომელთა ჯამური ღირებულება 1 მლრდ ლარს აღემატებოდა. პრობლემებში ვგულისხმობ როგორც შესრულების დაბალ ტემპს, ასევე შეჩერებულ და ვადაგადაცილებულ პროექტებს, ხარისხის პრობლემას და ა.შ.“
პრობლემების საილუსტრაციოდ მას კონკრეტული მაგალითები არ დაუსახელებია:
„დიდი მოცულობით ხდებოდა ავანსების გაცემა, ხშირ შემთხვევაში, შესრულების მკაფიო გარანტიების გარეშე. მაგალითად, ქალაქებისა და კურორტების განვითარების 330 მილიონიან პროგრამაში გაცემული იყო 174 მილიონი ავანსი…“
„კონტრაქტორისთვის სამშენებლო ნებართვის აღების კონკრეტული ვადის არდადგენა – რაც ხშირად იწვევდა ნებართვის გაცემის პროცესის გაჭიანურებას და შედეგად სამუშაოების დაწყების დაგვიანებას – მშენებლობის ვადა აითვლებოდა ნებართვის აღების შემდეგ, თუმცა ხელშეკრულებით არ იყო დადგენილი კონკრეტულად რა ვადაში უნდა მოეხერხებინა კონტრაქტორს მშენებლობის ნებართვის აღება, რაც პროექტების გადავადებას იწვევდა“.
საავტომობილო გზების დეპარტამენტი
დეპარტამენტი, რომელიც საქალაქთაშორისო და საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზების გაყვანასა და მოვლა-პატრონობაზეა პასუხისმგებელი 4,2 მილიარდი ლარის პროექტებს მართავს.
„135 საბიუჯეტო პროექტიდან 122 არის ერთხელ ან მეტჯერ ვადაგადაცილებული და ალბათ, პარლამენტარებს, რომლებსაც ადგილზე ხშირად გაქვთ ადამიანებთან ურთიერთობა, დამეთანხმებით, რომ ბევრია ასეთი მაგალითი“.
რევაზ სოხაძის თქმით, კონტრაქტორები ერთდროულად რამდენიმე პროექტს ასრულებენ, რაც მათ „გადატვირთულობას“ იწვევს. ასევე, ხარვეზიანია საპროექტო დოკუმენტაცია, რის გამოც საჭირო ხდება მისი შესწორება.
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია
კომპანია საკუთარ ხარჯებს ვერ ფარავს, რადგან არ აქვს მოფიქრებული დავალიანების ამოღების ეფექტიანი გზა. კომპანიას, რომელსაც ქვეყნის მოსახლეობის წყლით მომარაგება ევალება, ხარვეზიანი პროექტები აქვს.
„სამუშაო ვადების გადაცილება – ეს თითქმის ყველგან გვაქვს“, – თქვა რევაზ სოხაძემ წყალმომარაგების კომპანიაზე საუბრის დროს.
რევაზ სოხაძე, რომელიც მანამდე თბილისის საკრებულოს დეპუტატი იყო, ინფრასტრუქტურის მინისტრად 2025 წლის 24 აპრილს დაინიშნა. მას შემდეგ სახელმწიფო საგამოძიებო უწყებებმა არაერთი პრობლემური კონტრაქტი გამოავლინეს.
ფორუმი