რა რისკები ახლავს ბარათით გადახდის საკომისიოზე 0.5%-იანი ჭერის დაწესებას? – მაია ხელაძის შეფასება (bm.ge)

ბიზნესების დაცვის მოტივით, ბარათით გადახდის მაქსიმალური საკომისიო შესაძლოა 0.5% გახდეს – პარლამენტში შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა სექტემბერში დარეგისტრირდა. ცვლილების ინიციატორები მიუთითებენ, რომ დღეისათვის პოსტერმინალებით გადახდის მთლიანი საკომისიო საკმაოდ მაღალია, რაც ბიზნესისთვის მძიმე ფინანსური წნეხია.
BTU-ს ასოცირებულ პროფესორი მაია ხელაძე “საქმის კურსთან” ინტერვიუში აცხადებს, რომ ინიციატივას ახლავს რისკები, რომელიც გასათვალისწინებელია. მისი განმარტებით, ამის თქმის საფუძველს ევროკავშირში 2015 წელს მიღებული რეგულაცია აძლევს, რომელმაც ბარათით გადახდების საკომისიოები დაადგინა. მისი შეფასებით, რეგულაციის ამოქმედებამ სამერჩანტო ქსელს მოსალოდნელი ეკონომია არ მოუტანა და უფრო მეტიც, ბაზრის მონაწილეების ბაზრიდან გასვლის რისკები გააჩინა.
“ორი მიმართულებაა, რისთვისაც ღირს ამ რეგულაციის შემოღება და ასე ვთქვათ, სამერჩანტო საკომისიოს ზღვრის დაწესება. ერთია, რომ მეტი მერჩანტი მოვიზიდოთ ჩვენს ქსელში და უნაღდო ანგარიშსწორებას შეეწყოს ხელი და მეორე მიმართულება არის ფინტექ სექტორის და მცირე მოთამაშეების ხელშეწყობა, რომელიც იკითხება ამ კანონპროექტში. კერძოდ, ექვაირინგის მიმართულებით, სამერჩანტო ქსელების სისტემების განვითარება, მათთვის სხვადასხვა შესაძლებლობების მიცემა, აპლიკაციების შეთავაზება იმისთვის, რომ რაც შეიძლება ფართო სპექტრი მოიცვას გადახდების ფორმებმა.
ის, რომ რისკები არსებობს, ამის თქმის საფუძველს ის გვაძლევს, როგორ განვითარდა სხვა პრეცედენტები, მაგალითად, ევროკავშირში, სადაც ეს რეგულაცია ევროპულმა პარლამენტმა მიიღო 2015 წელს, 29 აპრილს და მას შემდეგ მოქმედებს, როდესაც მაქსიმალური სამერჩანტო საკომისიო განისაზღვრა სადებეტო ბარათებისთვის 0,2%-ის ოდენობით და საკრედიტო ბარათების შემთხვევაში 0,3%-ის ოდენობით და ინტერნეტ გადახდებზე 1,5%-იანი ზღვარი განისაზღვრა. მოსალოდნელი შედეგი, რაც უნდა დამდგარიყო, 6 მილიარდი დოლარის ეკონომია სამერჩანტო ქსელისთვის, ვერ მიიღეს, დანაზოგი იყო მხოლოდ მოსალოდნელი თანხის 50%.
იგივე რომ არ განმეორდეს ჩვენთანაც, საჭიროა უფრო ფოკუსირებული მიდგომა. იმიტომ, რომ რისკები, რომელიც დგება, არის ის, რომ შეიძლება მოთამაშეები გავიდნენ ბაზრიდან, ისინი, ვინც უზრუნველყოფენ ამ გადახდების სისტემის ამოქმედებას,“- ამბობს BTU-ს ასოცირებულ პროფესორი მაია ხელაძე.
ჯერჯერობით ინიციატივის განხილვა პარლამენტში არ დაწყებულა, შეფასებები არ კეთდება არც საბანკო ასოციაციის მხრიდან. გასულ კვირას საკითხთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ, რომელიც ამბობს, რომ კომუნიკაცია ექნებათ საბანკო სექტორთან.
bm.ge