ვფიქრობ, ეს არის „ოცნების“ მორიგი ტრიუკი და ტაქტიკური სვლა, – ასე შეაფასა პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზაზა თავაძემ ის ფაქტი, რომ მათი პარტია არ არის იმ პოლიტიკური ძალების ჩამონათვალში, რომლის აკრძალვასაც „ქართული ოცნება“ ითხოვს.
როგორც ზაზა თავაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, პარტიას ხელისუფლებასთან არ უვაჭრია და უსაფუძვლოა ბრალდებები, რომ გიორგი გახარიას პარტია არის „ქართული ოცნება 2“.
„ჩვენ მიჩვეული ვართ უსაფუძვლო ბრალდებებს, შეთქმულების თეორიებს, რომ გახარიას პარტია არის „ოცნება 2“ და ამისთვის შეიქმნა. ვისაც თვალი აქვს, უნდა ხედავდეს და ვისაც ყური აქვს, უნდა ისმენდეს, რომ ჩვენს მიმართ გატარებულია არაერთი რეპრესიული მექანიზმი, თუნდაც ფინანსური წყაროების გადაკეტვა, ჩვენი პარტიის წევრების საპატიმროში აღმოჩენა. „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი. ასევე, ბიძინა ივანიშვილი პირდაპირ მოიხსენიებს გიორგი გახარიას, როგორც მის მთავარ ოპონენტს. ის ძალიან გაბრაზებულია გიორგი გახარიაზე. როდესაც ჩვენ ამ ყველაფერს განვიხილავთ და ინფორმაციებს შევაჯერებთ, აქედან ობიექტური დამკვირვებელი გამოიტანს დასკვნებს, რომ ეს არის „ოცნების“ მორიგი ტაქტიკური სვლა, ტრიუკი. ეს ემსახურება ერთადერთ მიზანს, რომ საზოგადოებაში განხეთქილება შეიტანოს, ეჭვები გააჩინოს და ამით მართოს ყველაფერი. ვფიქრობ, ეს არის „ოცნების“ მორიგი ტრიუკი“, – განაცხადა ზაზა თავაძემ.
მისი შეფასებით, „ქართულ ოცნებას“ სურს, პოლიტიკური სუბიექტები ერთმანეთს გადაკიდოს. ამასთან, როგორც ზაზა თავაძემ აღნიშნა, „გახარია საქართველოსთვის“ ბოლო წუთამდე ელოდებოდა, რომ ასაკრძალი პარტიების ჩამონათვალში მათი პოლიტიკური ძალაც იქნებოდა.
„ის, რომ ჩვენ არ ვართ ამ ყოვლად დაუსაბუთებელ, როგორც სამართლებრივად, ასევე პოლიტიკურად საკონსტიტუციო სარჩელში და იქ ჩვენდა გასაკვირად, აღმოჩნდა „ლელო“, თუნდაც ეს ორი ფაქტი მეტყველებს იმაზე, რომ უნდა პოლიტიკური სუბიექტები გადაკიდოს ერთმანეთს, გააჩინოს მეტი შეკითხვა, რატომ აღმოჩნდა „ლელო“ ამ სიაში და რატომ არ აღმოვჩნდით ჩვენ. არანაირ პოლიტიკურ ვაჭრობას „ოცნებასთან“ ჩვენი მხრიდან ადგილი არ ჰქონდა. ჩვენ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მივიღეთ იმ ფონზე, რომელიც ქვეყანაში 4 ოქტომბრის შემდეგ წარმოიშვა. საზოგადოებას თითოეული ჩვენგანი, ასევე ჩვენი პოლიტიკური ლიდერი ვაფრთხილებდით, რომ ეს იყო „ოცნების“ წისქვილზე წყლის დასმა“, -განაცხადა ზაზა თავაძემ.
მისი განმარტებით, საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვისას, სარჩელს უნდა ჰქონდეს როგორც სამართლებრივი, ასევე პოლიტიკური და მორალური საფუძველი, რაც „ქართულ ოცნებას“ არ აქვს.
„საერთოდ ვერ გავიგე, რა შუაში იყო „ლელოს“ ამ სარჩელში მოხსენიება და ჩასმა, თან იმის გათვალისწინებით, რომ ეს არის კანონმდებლობით გათვალისწინებული უკიდურესი ზომა და საშუალება. ეს არის უკიდურესი ფორმა, როდესაც ესა თუ ის მოსარჩელე სუბიექტი მიმართავს საკონსტიტუციო სასამართლოს სხვა პოლიტიკური სუბიექტის არაკონსტიტუციურად გამოცხადებასთან დაკავშირებით, როდესაც დემოკრატიულ წყობილებას გამოკვეთილად ემუქრება ამ პოლიტიკური სუბიექტიდან განსაკუთრებული საფრთხე. ჩვენ ასეთ საჭიროებას, როგორც სამართლებრივს, ასე პოლიტიკურს ვერ ვხედავთ. საერთოდ, თუ ვინმე არღვევს ამ ქვეყანაში კონსტიტუციას, ეს არის „ქართული ოცნება“ და არავინ სხვა“, – განაცხადა თავაძემ.
მას არ აქვს მოლოდინი, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ობიექტურ და სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს. ზაზა თავაძის განმარტებით, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა უმრავლესობა სრულიად იმართება მმართველი რეჟიმის მიერ. მისი განმარტებით, „საკონსტიტუციო სასამართლოს ბოლო გადაწყვეტილებებში იკითხება დაუსაბუთებლობა, არაობიექტურობა და რეჟიმის დაკვეთის კვალი“.
„არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ „ოცნების“ მიერ „ნაციონალური მოძრაობის“ აკრძალვასთან დაკავშირებით ჩვენ დაახლოებით 13 წელზე მეტია გვესმის. მგონია, რომ „ოცნების“ მიერ წამოწყებული ეს კამპანიაც პოლიტიკური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით ბოლომდე არ მივა. დიდი ეჭვი მაქვს და ამის საფუძველიც მაქვს. ეს არ არის მარტო ჩემი აზრი. დიდი ალბათობით, ეს იქნება „ფეიკ“ ოპერაცია, რომელიც თითქოს „ნაციონალური მოძრაობის“ აკრძალვას ემსახურება“, – განაცხადა თავაძემ.
ამასთან, მან პარტიის წევრების პარლამენტში შესვლაზეც ისაუბრა და მათი დეპუტატების მიმართ მმართველი გუნდის წევრების გუშინდელი განცხადებები შეაფასა. ზაზა თავაძემ უმრავლესობის წევრების სიტყვით გამოსვლები „ტურებისა და აფთრების შემოსევას“ შეადარა.
„ვერ ვიტყოდი, რომ მგლებივით დაგვესხნენ თავს. უფრო ტურებივით თუ აფთრებივით. სერიოზული კომენტარის გაკეთება არ შემიძლია იმ ადამიანებზე, რომლებსაც თავიანთი თავი არ ეკუთვნით.
თუ ვინმეს თავისი თავი ეკუთვნის და დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას იღებს, თავისუფალია გადაწყვეტილებებში და აზრებში, ეს არის ერთადერთი ადამიანი- ბიძინა ივანიშვილი, დანარჩენები არიან თოკის თოჯინები. „ოცნებაში“ არ სცემენ ადამიანის ინდივიდუალიზმს, განსხვავებულ აზრს პატივს. ეს არის არადემოკრატიული, არათავისუფალი პოლიტიკური ძალა და მათ განცხადებები არასერიოზულად არის აღქმული საზოგადოებაში, ვისაც ძალიან კარგად ესმის, რას ნიშნავს „ოცნება“, – განაცხადა ზაზაა თავაძემ.




