საქართველოს პროკურატურა ბრალდებულ ნინო დათაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით სასამართლოს შუამდგომლობით მიმართავს, რომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გირაოთი შეეცვალოს.
“როგორც ბრალდების მხარისთვის გახდა ცნობილი, ბრალდებულისთვის ჩატარებული სამედიცინო კვლევების შედეგად დადასტურებულია, რომ მას ესაჭიროება ქირურგიული ჩარევა და შემდგომი მკურნალობა.
პროკურატურა სასამართლოს ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე შუამდგომლობით დღესვე მიმართავს”, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
ადვოკატებისა და ოჯახის ინფორმაციით, ნინო დათაშვილი ხერხემლის პრობლემების გამო მძიმე მდგომარეობაშია და არ შეუძლია გადაადგილება. მათივე ცნობით, პატიმარს სასწრაფოდ ესაჭიროება 2 ოპერაცია. დათაშვილმა ვერ მოახერხა საკუთარ სასამართლოზე მისვლაც.




