კარიბის ზღვის აუზის კუნძულოვან სახელმწიფოს, იამაიკას მასშტაბური ზიანი მიაყენა დამანგრეველმა ქარიშხალმა „მელისამ“. ატლანტის ოკეანიდან დაძრულმა მეხუთე კატეგორიის ქარიშხალმა, რომელსაც თან ახლდა კოკისპირული წვიმა, იამაიკის ნაპირებამდე 28 ოქტომბერს მიაღწია და ნგრევა, წყალდიდობა და მეწყერი გამოიწვია.
ხმელეთზე ქარიშხლის სიმძლავრე მეოთხე კატეგორიამდე შემცირდა, ხოლო ქარის სიჩქარე – დაახლოებით 300კმ/სთ-დან 150კმ/სთ-მდე.
იამაიკის ხელისუფლების ინფორმაციით, კუნძულზე დაღუპულია სამი ადამიანი, თუმცა არა უშუალოდ ქარიშხლის დროს, არამედ სტიქიისთვის მოსამზადებელ ეტაპზე მომხდარი უბედური შემთხვევების შედეგად.
ქარიშხალმა დაანგრია, ან დააზიანა სახლები და ელექტროგადამცემი ხაზები. ენერგომომარაგების გარეშე დარჩა 530 ათასამდე სახლი და სხვა შენობები. სანაპირო ზოლიდან დროებით თავშესაფრებში გადაიყვანეს 15 ათასამდე ადამიანი.
იამაიკის მეტეოსამსახურის თანახმად, „მელისა“ ქვეყნისთვის უძლიერესი ქარიშხალია 1851 წლიდან, ანუ იმ პერიოდიდან, როცა მეტეოდაკვირვება დაიწყო.
„მელისამ“ წყალდიდობა და ნგრევა გამოიწვია იამაიკის მეზობელ ჰაიტისა და დომინიკის რესპუბლიკაშიც.
დომინიკაში ერთი ადამიანი დაიღუპა და ერთი დაკარგულად ითვლება. ჰაიტიზე დაღუპულია სულ მცირე სამი ადამიანი. დატბორილია ასეულობით სახლი.
„მელისამ“ იამაიკიდან გეზი აიღო კუბისკენ, სადაც, ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, სახიფათო ზონიდან ევაკუირებულია 735 ათასზე მეტი ადამიანი.
ფორუმი




