„შოკირებულები ვართ“ – ნინო დათაშვილის მონახულების შემდეგ ადვოკატი „ფატალური შედეგის“ რისკზე საუბრობს

ადვოკატი ელისო რუხაძე კოლეგასთან ერთად საპატიმროში პედაგოგ ნინო დათაშვილის მონახულების შემდეგ აცხადებს, რომ ისინი შოკირებულები არიან დათაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო.
„ახლახან გამოვედით მე და თამუნა გაბოძე [PHR-ის ხელმძღვანელი] ქალთა N5 პენიტენციური დაწესებულებიდან. ნინო დათაშვილის ნახვის შემდეგ შოკირებული ვართ“, – წერს ელისო რუხაძე.
მისი თქმით, დათაშვილის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.
„ნინოს ჯანმრთელობის მდგომარეობა არის შეუქცევადი და სჭირდება სასწრაფოდ 2 ოპერაცია კისრის არეში“, – წერს იგი.
„მოვუწოდებ ყველა უწყებას, მათ შორის, პროკურატურას, თავად იმოქმედოს, [რათა] თავიდან აიცილოს ფატალური შედეგი, ვინაიდან ნინო არის არაადამიანურ და წამების ტოლფას მდგომარეობაში, ვერ გადაადგილდება დამოუკიდებლად და კისერს ვერ ამოძრავებს“, – აცხადებს რუხაძე.
„ადვოკატებსაც კი გაგვიჭირდა დიდხანს მასთან დაყოვნება და დოკუმენტზე ხელმოწერა გაუჭირდა ადამიანს“, – ამბობს იგი.
აქტივისტისა და პედაგოგის, სასამართლოს მანდატურებზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული და წინასწარ პატიმრობაში მყოფი ნინო დათაშვილის უფლებადამცველების ამდილანდელი განცხადების თანახმად, დათაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა.
ორგანიზაცია “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” (PHR) სასამართლოს ხვალინდელ, 29 ოქტომბრის სხდომაზე პატიმრობის შეცვლის შუამდგომლობით მიმართავს.
„დაპატიმრებიდან დაახლოებით 2 თვეში ნინოს დაეწყო ხერხემლის და კიდურების ტკივილები, რის გამოც, 2025 წლის 8 და 17 სექტემბერს, ვეღარ შეძლო თავის სასამართლო პროცესებში მონაწილეობა. N5 პენიტენციური დაწესებულება ნინო დათაშვილს აწვდის სამედიცინო სერვისს, თუმცა ციხის პირობებში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ვერ უმჯობესდება. პირიქით, ბოლო პერიოდში მისი მდგომარეობა გახდა კრიტიკულად მძიმე, რაც იმის დასტურია, რომ გაწეული სამედიცინო დახმარება არ არის ეფექტური“, – ნათქვამია PHR-ის მიერ დილას გავრცელებულ განცხადებაში.
25 აგვისტოს კლინიკა „ვივამედში“ ჩატარებული კვლევის შემდეგ, ნინო დათაშვილს დაენიშნა მედიკამენტური მკურნალობა და ფიზიოთერაპია. სამედიცინო დოკუმენტში მითითებული იყო ხერხემლის ოსტეოქონდროზი. ამავე სამედიცინო დოკუმენტის თანახმად, მკურნალობის არაეფექტურობის შემთხვევაში, პაციენტი კლინიკაში ქირურგიული ოპერაციისთვის უნდა გადაეყვანათ.
“ორი თვის განმავლობაში, ნინო დათაშვილს უტარდებოდა გეგმური სამედიცინო მკურნალობა, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უფრო გაუარესდა”.
24 ოქტომბერს, სამედიცინო შემოწმების მიზნით, დათაშვილი კვლავ გადაიყვანეს „ვივამედში“, სადაც ჩაუტარდა მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია. გაცემული სამედიცინო დოკუმენტის მიხედვით, დიაგნოზის საფუძველზე საჭიროა ქირურგიული ოპერაცია.
PHR-ის თანახმად, ნინო დათაშვილს ესაჭიროება ორი ქირურგიული ოპერაცია. პირველ რიგში – კისრის მალებზე.
“სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის შენარჩუნება ან გაათავისუფლოს ის პატიმრობიდან”, – ნათქვამია უფლებადამცველი ორგანიზაციის განცხადებაში.
ნინო დათაშვილი 20 ივნისს დააკავეს მანდატურებზე თავდასხმის ბრალდებით – თბილისის საქალაქო სასამართლოში 9 ივნისს მომხდარის გამო.
საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე სეკუნდა მუხლის მე-3 ნაწილით, რაც გულისხმობს საჯარო მოსამსახურეზე თავდასხმას, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს.
ამ დანაშაულისთვის სასჯელი შეიძლება იყოს როგორც ჯარიმა, ასევე 4-დან 7 წლამდე პატიმრობა.
ფორუმი