“ძირითადი გზავნილი ის არის, რომ ჩვენ ვერ დავუშვებთ ჩინეთმა, რუსეთმა და სხვებმა ხელში ჩაიგდონ უპირატესობა. როგორც ვიცით, ისინი მუშაობენ ჩრდილოეთ კორეასთან, ირანთან და ა.შ.. ნახეთ რას სჩადიან უკრაინაში“, – განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რიუტემ 28 ოქტომბერს ნატოს პირველ ბიოტექნოლოგიის კონფერენციაზე. ღონისძიებას მასპინძლობდა ბელგია და მასში მონაწილეობდა 300-ზე მეტი პირი, ალიანსის წევრი ქვეყნების მრეწველობისა და სამეცნიერო სფეროებიდან, მთავრობებიდან და ინოვაციური ჯგუფებიდან.
ნატოს გენერალურმა მდივანმა კონფერენციაზე გამოსვლისას ხაზი გაუსვა ბიოტექნოლოგიის განვითარების მნიშვნელობას ალიანსის თავდაცვის გაძლიერებისთვის:
“უსაფრთხოების შესანარჩუნებლად გვჭირდება არა მხოლოდ ტანკები, თვითმფრინავები, გემები, დრონები და საბრძოლო მასალა, ჩვენ აგრეთვე გვჭირდება განვითარება, რომ ჩვენს თავდაცვით შესაძლებლობებს შევძინოთ და დავნერგოთ მასში ბიოტექნოლოგია. ეს არის ის, რასაც თქვენ ყველანი გააკეთებთ – თქვენ უნდა შექმნათ ხვალის ბიოტექნოლოგია”.
რიუტე აცხადებს, რომ ალიანსის მეტოქეები დიდ რესურსს დებენ სფეროს განვითარებაში:
“ბიოტექნოლოგია პრიორიტეტული სფეროა ჩინეთისთვის. 2023 წელს ჩინეთის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ბიოტექნოლოგიური კვლევა სულ ცოტა 3 მილიარდი დოლარით დაფინანსდა. ჩინეთი სწრაფად მიიწევს წინ ბიოტექნოლოგიაში, მათ შორის გენის რედაქტირებასა და სინთეზურ ბიოლოგიაში, სამხედრო და ორგვარი გამოყენებისთვის.
ჩინეთის სტრატეგია ამ სფეროში აძლიერებს მიწოდების ჯაჭვებსა და სავაჭრო შეზღუდვებს, მაგალითად ადამიანის გენეტიკასა და კრიტიკულ მასალებთან მიმართებით ეს მუშაობს – ჩინეთი ახერხებს დომინაციას ამ სექტორში, წარმოების ჩინეთში კონცენტრაციითა და ექსპორტზე შეზღუდვების დაწესებით გეოსტრატეგიულ ბერკეტს იძენს. კიდევ ერთი ქვეყანა, რომელსაც გულდასმით ვადევნებთ თვალყურს – რუსეთი იყენებს საკუთარ ექსპერტიზას ფარული ბიოლოგიური კვლევების საწარმოებლად. რუსეთს სურს, ისეთი მავნე ინსტრუმენტების, როგორიც მისი ბიოლოგიური იარაღის პროგრამაა, გამოყენება შეძლოს მტრების წინააღმდეგ”.
გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი კვლავაც მოწინავე უნდა იყოს ინოვაციებში და თავდაცვისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ტექნოლოგიების დანერგვაში, რისთვისაც ინოვაციის გარდა, მნიშვნელოვანია ინვესტირება ამ სფეროში.
გასულ წელს ალიანსი შეთანხმდა „ნატოს ბიოტექნოლოგიისა და ადამიანის გაძლიერების სტრატეგიაზე“, რომელსაც ახლა ახორციელებს. ამავდროულად, “ჩრდილოეთ ატლანტიკისთვის თავდაცვის ინოვაციის აქსელერატორი” (DIANA), ხელს უწყობს უახლესი, ორგვარი დანიშნულების ბიოტექნოლოგიების განვითარებას. გასულ ერთ წელიწადში DIANA-ს ფარგლებში 28 ბიოტექნოლოგიური კომპანია დაფინანსდა.
ფორუმი




