გავაგრძელებთ ბრძოლას, იმ პარტიებთან ერთადაც, რომელსაც ივანიშვილი გაუქმებით ემუქრება – ბოკუჩავა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ მიერ იმ პოლიტიკური პარტიების დასახელებას, რომელთა გაუქმებასაც ითხოვს.
მისი თქმით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ განაგრძობს ბრძოლას, მათ შორის იმ პარტიებთან ერთად, რომლებიც გასაუქმებელთა სიაში არიან შეყვანილი.
ბოკუჩავას თქმით, ეს ახალი შესაძლებლობების შანსია, რათა საერთო ინტერესების მქონე ადამიანები გაერთიანდნენ ერთი მიზნის მისაღწევად.
„აქამდეც ვამბობდით, ახლაც შემიძლია გავიმეორო, არანაირი მნიშვნელობა აქვს, ივანიშვილის კენგურუ სასამართლო, საკონსტიტუციო სასამართლოდ წოდებული, რომელ პარტიას გააუქმებს და არ გააუქმებს. პარტია არის ადამიანების ერთობა, რომლებიც იბრძვიან ერთი მიზნის ირგვლივ.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ იბრძვის უკეთესი, ევროპული, დემოკრატიული საქართველოსთვის, სადაც მოქალაქეებს აქვთ თვითრეალიზაციისა და კეთილდღეობის შანსი და ამ იდეისთვის ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას, მათ შორის, იმ პარტიებთან ერთად, რომელსაც ივანიშვილი გაუქმებით ემუქრება. პირიქით, ეს შეიძლება გახდეს ახალი შესაძლებლობის შანსი იმისთვის, რომ დემოკრატიული, პოლიტიკური ძალები, ის ადამიანები, რომლებიც რეალურად ებრძვიან ივანიშვილის მოღალატე კრიმინალთა ბანდას და იბრძვიან ამ ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის, გავერთიანდეთ ერთიან ფრონტში, ერთიანი წინააღმდეგობის მოძრაობაში და ჩვენი ერთიანობით დავამარცხოთ .
ასე რომ, ეს მხოლოდ შესაძლებლობად შეგვიძლია ვაქციოთ და ერთადერთი, რაც ნამდვილად და უტყუარად აიკრძალება, იქნებიან პაპუაშვილი და ივანიშვილის სხვა ამფსონები, რომლებიც აიკრძალებიან ევროკავშირის წევრ ქვეყნებში და ვეღარასდროს შეძლებენ თავისუფალ ევროპულ სივრცეში შევლას, რომლებსაც ასევე არ ასცდებათ სხვა ტიპის სანქციები“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
„ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სარჩელით სამი პოლიტიკური ძალის აკრძალვას მოითხოვს.
ესენია (პარტიების რეესტრში მითითებული მათი იურიდიული დასახელებებით):
· „ერთიანობა − ნაციონალური მოძრაობა“
· „კოალიცია ცვლილებისთვის — გვარამია, მელია, გირჩი, დროა“
· „ძლიერი საქართველო − ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“.
თუმცა „ქართული ოცნება“ არ ითხოვს ამ კოალიციებში შემავალი პატარა პარტიების ცალკე აკრძალვას.
„ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარის, ს განცხადებით, ასაკრძალი პარტიების განსაზღვრისას იხელმძღვანელეს ორი მთავარი კრიტერიუმით:
· რამდენად მყარია კონკრეტული პარტიის არაკონსტიტუციურობის სამართლებრივი დასაბუთება
· რამდენად უქმნის კონკრეტული არაკონსტიტუციური პარტია მისი ზომით, ორგანიზაციული სტრუქტურით თუ პოლიტიკური გავლენით რეალურ საფრთხეს კონსტიტუციურ წყობილებას