ტატა ხვედელიანი საპარლამენტო უმრავლესობას – 13 წლის თავზე ნულოვანი ტოლერანტობიდან მივედით ნულოვან თანაგრძნობამდე – გაათავისუფლეთ დატყვევებული ადამიანები!

გაათავისუფლეთ დატყვევებული ადამიანები. ვერანაირი ლოგიკით აიხსნება, თუკი თქვენ თვითონვე აღიარებთ, რომ წლების განმავლობაში „ოცნების“ მაღალჩინოსნები მილიონებს იპარავდნენ ბიუჯეტიდან, ამ უსამართლობის გასაპროტესტებლად გამოსული ადამიანების ციხეში ყოფნა. ნუ დევნით ადამიანებს განსხვავებული აზრის გამო და დაფიქრდით, – ამის შესახებ „გახარია-საქართველოსთვის“ წევრმა ტატა ხვედელიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რითაც „ქართულ ოცნებას“ მიმართავს.
მისი თქმით, ციხეშია 150 ადამიანი, რომელიც უსამართლობისთვის პროტესტის გამოხატვის გამო ისჯება. როგორც ხვედელიანმა აღნიშნა, ქვეყანა 13 წლის თავზე ნულოვანი ტოლერანტობიდან მივიდა ნულოვან თანაგრძნობამდე.
„დღეს მინდა ვისაუბრო იმ ადამიანებზე, რომლებიც ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის, აზრის გამოხატვისა და სამართლიანობისთვის იბრძვიან და ამ ბრძოლისთვის უკანონოდ არიან დაკავებულები.
„ოცნების“ მმართველობის მე-13 წელს ასეთ რეალობაში გვიწევს ცხოვრება: თუ ქვეყანას გაძარცვავ და შემდეგ ცოტას გადაიხდი, არ დაგიჭერენ, მაგრამ თუ პროტესტი გაქვს უსამართლობის მიმართ და ამას გამოხატავ, შეიძლება დაგიჭირონ და გარეთ არავინ გამოგიშვებს.
დღეს ასეთი 150 ადამიანი გვყავს ციხეში, რომელიც უსამართლობისთვის პროტესტის გამოხატვის გამო ისჯება, მათ შორის არიან ქალები და უმეტესწილად ახალგაზრდები.
2012 წელს ადამიანის მთავარ ღირებულებად გამოცხადების დაპირებით მოსული ხელისუფლება, მმართველობის მე-13 წელს ქუჩაში უსამართლობის წინააღმდეგ გამოსულ ადამიანებს აგენტებს ეძახის.
ზუსტად ისე, როგორც ამას „ნაციონალური მოძრაობა“ აკეთებდა თავისი მმართველობის პირობებში, განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ „ნაცები“ ს აგენტებს ეძახდნენ განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს, ოცნებისთვის“ კი დღევანდელ აგენტებს ევროპული წარმომავლობა აქვთ“, – განაცხადა ხვედელიანმა.
მისი თქმით, საზოგადოებაში პროტესტი არსებობს და ამ პროტესტს უამრავი მიზეზი აქვს, ვინც ამას არ აღიარებს, უბრალოდ საკუთარ თავს იტყუებს.
„უახლოეს წარსულში ჩვენ გვინახავს ქუჩაში ასი ათასობით გამოსული ადამიანი, ჩვენს ქვეყანაში 700 000 ადამიანი სოციალურად დაუცველია, ვიცით, რომ ბოლო 3 წელიწადში ქვეყანა 200 000-ზე მეტმა ადამიანმა დატოვა. განა ეს პროტესტი არ არის?
ადამიანები, რომლებიც ქვეყანაში უსამართლობას, ეკონომიკურ მდგომარეობას, ამ ქვეყნის გაურკვეველ მომავალს აპროტესტებენ, დაიჭირეთ და შემდეგ თქვენ თვითონვე აღიარეთ, რომ ქვეყანაში მაღალჩინოსნები, ხალხის ბიუჯეტით იკვებებიან. ანუ აღიარეთ, რომ ამდენი წლის განმავლობაში ბიუჯეტიდან მოპარული მილიონებით თქვენთან დაკავშირებული ადამიანები მდიდრდებოდნენ და ეს ფული ჩვეულებრივ მოქალაქეებს აკლდებოდათ.
ამ დროს კი დააკავეთ ქუჩაში გამოსული ადამიანები, რომლებიც ზუსტად ამ უსამართლობას აპროტესტებენ.
აქციაზე მოსული ადამიანები ჯერ ცემეს, ძვლებში დალეწეს, ქალებზე ხელის დარტყმა ნორმად აქციეს, შემდეგ ამ ადამიანებს ქუჩაში გამოსვლისთვის 5000 – ლარიანი ჯარიმები დაუწერეს, სპეცრაზმით სახლებში შეუვარდნენ, პირბადის გაკეთების გამო დაიჭირეს და ამ ყველაფრის ფონზე ამბობთ, რომ პროტესტი ქვეყანაში არ არსებობს?
დღეს, როცა ორი რადიკალური ძალისგან განსხვავებული აზრის მიუღებლობამ ჩვენი ქვეყანა ზიზღის და დაპირისპირების საშიშ ზღვართან მიიყვანა, ყველაზე მეტად გვჭირდება გონიერი, თანმიმდევრული და სამართლიანობის პოლიტიკის დაბრუნება ყველა დონეზე, რომ დავაბრუნოთ სიმშვიდე და ევროპული მომავალი ქვეყანაში.
13 წლის თავზე ნულოვანი ტოლერანტობიდან ასე მივედით ნულოვან თანაგრძნობამდე.
გაათავისუფლეთ დატყვევებული ადამიანები. ვერანაირი ლოგიკით ვერ აიხსნება, თუ კი თქვენ თვითონვე აღიარებთ, რომ წლების განმავლობაში „ოცნების“ მაღალჩინოსნები მილიონებს იპარავდნენ ბიუჯეტიდან, ამ უსამართლობის გასაპროტესტებლად გამოსული ადამიანების ციხეში ყოფნა.
ნუ დევნით ადამიანებს განსხვავებული აზრის გამო და დაფიქრდით, მომავალში კიდევ რამდენი მსგავსი რამის აღიარება მოგიწევთ“, – განაცხადა ტატა ხვედელიანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ყაველაშვილი: მთავარი საკითხი, ის დანაშაულები, რომლებიც მათ ჩაიდინეს და შემდეგ როგორც იქცეოდნენ, ჩემი პირადი აზრით, რა თქმა უნდა, ეს ნამდვილად იძლევა იმის წინაპირობას და შესაძლებლობას, რომ მსგავსი პოლიტიკური პარტია არ არსებობდეს…

ვახტანგ ხმალაძე – პაპუაშვილმა თქვა, რომ თურმე აქლემის და ნემსის ქურდი სხვადასხვაა, ეს იყო ანტიკონსტიტუციური განცხადება: „თუ მოძლიერდნენ, ავკრძალავთ“ – აუცილებელია პროდასავლურმა პარტიებმა ერთიანი სტრატეგიის შემუშავება მოახერხონ

შალვა პაპუაშვილი – ვულოცავ თურქ ხალხს თურქეთის რესპუბლიკის გამოცხადების წლისთავს – კომპლექსურ და არასტაბილურ გეოპოლიტიკურ გარემოში, საქართველოსა და თურქეთს შორის თანამშრომლობის გაძლიერება აუცილებელია ჩვენი ქვეყნების მომავალი პროგრესისთვის